ზაურ ნაჭყებია: თუ თბილისელების ნება იქნება, ხელისუფლების კანდიდატის დამარცხებაც შეიძლება!

ზაურ ნაჭყებია: თუ თბილისელების ნება იქნება, ხელისუფლების კანდიდატის დამარცხებაც შეიძლება!

ამ ორიოდე კვირის წინ სოციალურ ქსელში განვაცხადე, რომ კენჭს ვიყრი თბილისის მერის არჩევნებში.

 

ზოგს ეს განცხადება ხუმრობა ეგონა, ზოგმა არარეალურ ამბიციად ჩამითვალა... თუმცა, უფრო მეტნი აღმოჩდნენ ის ადამიანები, რომლებმაც სერიოზულად აღიქვეს ჩემი გადაწყვეტილება და შემაგულიანეს კიდეც!

 

ჭირსაც წაუღია ყველა სკამი და თანამდებობა, თუ იგი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში არ ჩავაყენეთ. არ ვაჭარბებ: აქამდეც რომ მომენდომებინა და ქამელეონობა დამეწყო, ალბათ, უფრო შორსაც წავიდოდი, მაგრამ, მე ის ვარ, რაც ვარ, ანუ „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“! თუ ასეთი მიმიღეს, ვიცი რა უნდა გავაკეთო. ისიც ვიცი, რატომ გამიჩნდა ამბიცია და როგორ შეიძლება უფულოდ და „უზურგოდ“ დაამარცხო ნებისმიერი მოწინააღმდეგე!!!

 

ზოგს მარტო კრიტიკული სტატიების მწერალი ვგონივარ. არც ესაა იოლი საქმე, მითუმეტეს, თუ ობიექტურად აფასებ არსებულ რეალობას და საკუთარ პოზიციას ყოველთვის არგუმენტებით ამყარებ, მაგრამ, გარდა ჟურნალისტური პრაქტიკისა, საჯარო სამსახურში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გამაჩნია, მათ შორის, თბილისის მერიაში და საქართველოს პარლამენტშიც...

 

როცა არჩევნებში მონაწილეობაზე ვფიქრობდი, გონებაში საკმაოდ ბევრი კითხვა ამოტივტივდა, კერძოდ:

 

- შეიძლება თუ არა დედაქალაქის მერი იყოს ხელისუფლების ოპონენტი?

 

- აიძულებს თუ არა მდგომარეობა დამოუკიდებელ კანდიდატს კომპრომისზე წასვლას და ნიშნავს თუ არა კომპრომისი საკუთარი პრინციპების უარყოფას, საკუთარ ღირსებაზე ხელის აღებას?

 

- რა გზით შეიძლება უპირატესობის მოპოვება სხვა დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით?

 

- რატომ არ უნდა იყოს ხელისუფლების კანდიდატი დედაქალაქის მერი?

 

- როგორც დავით ნარმანიას შემთხვევაში, შემიშლის თუ არა ხელს „ძირძველი“ არათბილისელობა (პლიუს მეგრელობა) ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებაში?

 

კითხვები ლეგიტიმურია. შევეცდები თავადვე გავცე პასუხი თანმიმდევრობით.

 

 

 

თბილისის მერი არ შეიძლება იყოს ხელისუფლების ოპონენტი!

 

დიახ, დედაქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის მერი არ შეიძლება იყოს (ყოველ შემთხვევაში, არ უნდა იყიოს) მოქმედი ხელისუფლების ოპონენტი, თუმცა, ეს არ ნიშნავს ბრმა მორჩილებას და საკუთარ პრინციპებზე ხელის აღებას - ოპონირება და აგრესიულ ოპოზიციაში ყოფნა ერთი და იგივე არ არის. თუ ცენტრალურ ხელისუფლებას კრიჭაში ჩაუდგები, ყველა „სასუნთქ არხს“ გადაგიკეტავს და ელემენტარულად მუშაობის შესაძლებლობას არ მოგცემს, მიუხედავად იმისა, არჩეული ხარ თუ არა!

 

ჩვენ გვახსოვს არჩევნების შემდგომი გიგი უგულავას მერობის პერიოდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მუდმივ დაპირისპირებაზე იყო აგებული და დედაქალაქს ძალიან ძვირად დაუჯდა . საქმე ისაა, რომ უგულავა პარტიული ვალდებულებებით იყო დატვირთული და იმ ხელისუფლებას წარმოადგენდა, რომელმაც მწარე დამარცხება იწვნია და ჯერ კიდევ აგონიაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმიანი თვისებებით და გადაწყვეტილებების მიღების უნარით იგი (უგულავა) დამოუკიდებლობის შემდგომი საქართველოს არცერთ მერს არ ჩამოუვარდებოდა (პირიქით, უსწრებდა კიდეც) ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნით მან არა მარტო ბოლომდე გააცამტვერა საკუთარი იმიჯი, არამედ, მავნებელი სახელმწიფო მოხელის სახელიც დატოვა. არადა, რამდენადაც ვიცი, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები რომ არა, გიგი უგულავას საკმაოდ შორს მიმავალი ამბიციები ჰქონდა.

 

უგულავამ ისიც დაამტკიცა, რომ დედაქალაქის მერი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ფიგურა. მითუმეტეს, იგი არ უნდა იყოს დატვირთული პარტიული ვალდებულებებით.

 

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ნიშნავს თუ არა დამოუკიდებელი კანდიდატის კომპრომისზე წასვლა საკუთარი პრინციპების უარყოფას, ვიტყვი: გააჩნია, რა კომპრომისზე იქნება საუბარი და რამდენად დააზარალებს ეს კომპრომისი საკუთრივ დედაქალაქს.

 

გაცილებით რთულია, როცა საქმე გვაქვს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების (განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ნარჩენების) კანდიდატებთან. ამ შემთხვევაში, თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ, მათ მხოლოდ დესტრუქციული როლის შესრულება შეუძლიათ. ეჭვიც არ მეპარება, რომ თბილისელი ამომრჩეველი ამას ერთი პროცენტითაც არ დაუშვებს!

 

დასკვნის სახით ვიტყვი: გამარჯვების შემთხვევაში კონსტრუქციულად ვითანამშრომლებ არსებულ ხელისუფლებასთან ისევ და ისევ დედაქალაქის ინტერესების სასიკეთოდ, რაც სულაც არ ნიშნავს უკანონო დავალებებზე უსიტყვო თანხმობას...

 

 

 

მინდა ამომრჩეველს ვაჩვენო, რომ არჩევნებში მთავარი ფული არ არის!

 

უკვე მეკითხებიან, რომელ პოლიტიკურ ძალას ვეყრდნობი, ან მაქვს თუ არა საკმარისი ფული არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად?!

 

ბევრი გაოცებას ვერ მალავს, როცა ვპასუხობ, რომ არც ფული მაქვს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ვეყრდნობი.

 

ფული რომ არ მაქვს, ამას ადვილად ვეგუები, მაგრამ არც ერთი პოლიტიკური ძალისკენ (პოლიტიკური ძალა“ გაზვიადებული ნათქვამია), რომ არ ვიხრები, ამასაც თავისი ახსნა მოეძებნება - მიმაჩნია, რომ საქართველოში კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ. ისინი მხოლოდ ეკლექტიკურ (არა იდეურად შეკრული, არამედ „პერსპექტივაზე“ დახარბებული) დაჯგუფებებს წარმოადგენენ, რომელთა პროგრამა-მინიმუმი ხელისუფლებაში მოსვლა, ხოლო, პროგრამა-მაქსიმუმი კი ხელისუფლებით ტკბობა და მაქსიმალური სარგებლის მიღებაა. ეს რომ ასეა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის პრაქტიკაც ადასტურებს - ყველამ ყველაფერი მიიღო, რისი მიღებაც შეიძლებოდა, ქვეყანას კი სასიკეთო არაფერი დატყობია...

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ხელოვნურად შეკოწიწებული პოლიტიკური სუბიექტების აბსოლუტური უმრავლესობა დისკრედიტებული ან კასტრირებულია. ბუნებრივია, ყოველივე ამის გათვალისწინებით, რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტზე დაყრდნობა ჩემს დისკრედიტაციასაც გამოიწვევს.

 

რაც შეეხება ფულს, როგორც საარჩევნო კამპანიის ჩატარების მთავარ ინსტრუმენტს (დღემდე ამ ფსიქოლოგიით მოვედით), ჯერჯერობით არავისგან ველოდები, მაგრამ, მე მინდა თბილისელ ამომრჩეველს დავანახო, რისი გაკეთება შეიძლება უფულოდ, რატომ არ უნდა მოვუშვათ მაფიოზები და „ფულის ტომრები“, თუნდაც, დედაქალაქის ხელისუფლებაში. ამასთან, რა უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი მერობის კანდიდატის არჩევისას.

 

ჩემი ღრმა რწმენით, როცა ამა თუ იმ კანდიდატს (პრეტენდენტს) ვაფასებთ, ყოველთვის წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ პრეტენდენტის „ბეგრაუნდი“ (სამუშაო გამოცდილება, პოლიტიკური ალღო, სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი, პრონციპულობა და შინაგანი პატიოსნება) და ის სამოქმედო პროგრამა, რომლითაც იგი უნდა წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე.

 

დიახ, თბილისის მერობის კანდიდატის სავიზიტო ბარათი ამომრჩევლისადმი წარდგენილი ის სამოქმედო პროგრამა უნდა იყოს, რითაც იგი აპირებს მერად არჩევის შემთხვევაში დედაქალაქის წინამძღოლობას - პროგრამა და არა ცარიელი (შეუსრულებელი) დაპირებები, რითაც დღემდე გვანებივრებდნენ. ამასთან, მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ის პრიორიტეტები, რამაც ქალაქი ქალაქს უნდა დაამსგავსოს. ამით იმის თქმა მინდა, რომ თბილისის მერი დედაქალაქის ჭეშმარიტი გულშემატკივარი და კარგი მენეჯერი უნდა იყოს და არა ენითხურო, ან პოლიტიკური პარტიების (ხელისუფლების) მძევალი!

 

რაც შეეხება ჩემს „ძირძველ“ არათბილისელობას და მეგრულ წარმოშობას, მიმაჩნია, რომ ეს სულაც არ არის უარყოფითი „სალდო“ - ჭეშმარიტი თბილისელისთვის (ქალაქელისთვის) არა აქვს მნიშვნელობა, სად, რომელ კუთხეში დაიბადე - მთავარია, რამდენად გიყვარს შენი ქალაქი, რა გაგიფუჭებია, რა გაგიკეთებია, ან რის გაკეთებას აპირებ მომავალში!

 

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ჯერჯერობით არ ვაანონსებ, ამდენად, დეტალებზე არ შევაჩერდები, მაგრამ, რადგან არათბილისელობას და მეგრულ წარმოშობას შევეხე, აქვე დავძენ: ხშირად მესმის თბილისელებისგან, რომ დავით ნარმანიამ არ გაამართლა და ამით ცდილობენ მის მიმართ არსებული პრეტენზიები კუთხურობას დაუკავშირონ.

 

მე არ (ვერ) ვიქნები ნარმანიას ადვოკატი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მისი „უნიათობა“ (რასაც მას აბრალებენ) ნარმანიას ბრალი სანახევროდაც არ არის - მას უბრალოდ მუშაობის საშუალება არ მისცეს! სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარი მოადგილეები და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები არ დაანიშნინეს.

 

როცა ხელმძღვანელს საკადრო პოლიტიკას არ ეკითხებიან, იქ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე საუბარიც კი ზედმეტია.

 

არ ვიცი, რატომ დათანხმდა ბატონი დავითი ნომინალურ მერობას, მაგრამ, მე პირადად მის ადგილზე სხვანაირად მოვიქცეოდი. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ არც გამოვრიცხავ, რომ მეგრული წარმოშობის ნარმანია სპეციალურად შეირჩა დედაქალაქის მერად, რათა მისით უკმაყოფილოებს თითი მეგრელებისკენ გაეშვირათ!

 

თუმცა, ეს არ მიშლის ხელს კენჭი ვიყარო თბილისის მერის მომავალ არჩევნებში - ადამიანი თავისი წარსულით და საქმიანი თვისებებით ფასდება და არა კუთხური წარმომავლობით. მეორეც, მეგრელები პროცენტულად იმდენი არიან დედაქალაქში, რომ „გაბრაზდნენ“ მერობაც გარანტირებული მექნება.

 

 

 

რატომ არ უნდა იყოს ხელისუფლების კანდიდატი დედაქალაქის მერი?

 

მართალია, წინასაარჩევნო მარათონი ჯერ არ დაწყებულა და არც თბილისის მერობის კანდიდატებია სრულად დასახელებული, მაგრამ, სოციალურ ქსელში უკვე ასახელებენ გამარჯვებულს - „ქართული ოცნების“ ფანები კახა კალაძეს კანდიდატურას უალტერნატივოდ მიიჩნევენ.

 

ეტყობა, წინასწარ გვაჩვევენ, რომ თბილისის მერი აუცილებლად საკონსტიტუციო უმრავლესობის ფავორიტი იქნება - „იქნება“-ში იგულისხმება ის კოლოსალური ფულადი და ადმინისტრაციული რესურსები, რომელიც ხელისუფლების კანდიდატს რეალურად გააჩნია...

 

პიროვნულად არაფერი მაქვს საპრეტენზიო ბატონ კახა კალაძესთან, მაგრამ დედაქალაქის და ზოგადად, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ის არ უნდა გახდეს თბილისის მერი!!!

 

ჯერ ერთი, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ოფიციალური მილიონრები არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ძალიან დიდია ალბათობა (პრაქტიკაც ამას ადასტურებს) იმისა, რომ ისინი მაქსიმალურად იყენებენ ადმინისტრაციულ და სხვა სახელისუფლო რესურსებს საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად (ამაზე ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში ვწერდი, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში). მეორეც, კახა კალაძე, როგორც მმართველი უმრავლესობის საკმაოდ წონიანი პოლიტიკური ფიგურა, ყოველთვის იქნება საკუთარი პარტიის მძევალი და პარტიული გადაწყვეტილებების ბრმა შემსრულებელი.

 

დიახ, პარტიული ვალდებულებებით დატვირთული მერი ამომრჩეველთა ინტერესების დამცველი ფაქტიურად ვერ იქნება. პირიქით, მთელი მისი ძალისხმევა საკუთარი ბიზნესის გაფართოებას და პარტიული დავალებების შესრულებას მოხმარდება. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ კალაძის ჩანაფიქრი უფრო შორსაც მიდიოდეს და პირველკაცობის (სახელმწიფოს მეთაურის) ამბიციაც გაუჩნდეს...

 

ისე, წესით და კანონით, კახა კალაძის  კანდიდატურა თბილისის მერის არჩევით თანამდებობაზე არ უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესო გამოსავალი, რადგან იგი იმ პოლიტიკური უმრავლესობის ენერგეტიკის მინისტრია, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე ხალხს გაზზე და ელექტროენერგიაზე ხელსაყრელ (შემცირებულ) ტარიფს ჰპირდებოდა...

 

თუ მეხსიერება არ გვღალატობს, კალაძემ ხალხს თავისი უხეში და კატეგორიული გამონათქვამებითაც დაამახსოვრა თავი, როცა საქმე ხუდონჰესის ელექტროსადგურის მშენებლობის განახლებას და სხვა ენერგეტიკულ პროექტებს ეხებოდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ყველა მისი განცხადების ქვეტექსტში ბიზნესმენის ფსიქოლოგია იკითხებოდა, რაც მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის დამახასიათებელი არ უნდა იყოს.

 

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ უნდა ავირჩიოთ სახელისუფლო კანდიდატი ისაა, რომ მისი მხარდაჭერით ჩვენ უპირობოდ ვიწონებთ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას, არადა, სინამდვილეში ასე არ არის!

 

დადგა დრო, მოჯადოებული წრე გავარღვიოთ და არჩევანი იმის მიხედვით კი არ ვაკეთოთ, თუ ვინ დგას ამა თუ იმ კანდიდატის უკან და რა ფინანსური თუ სხვა რესურსების მფლობელია იგი, არამედ, იმისდა მიხედვით, როგორია მისი სამოქმედო პროგრამა და რა ბეგრაუნდის მატარებელია თბილისის მერობის პრეტენდენტი.

 

ამასთან, უნდა გავაქარწყლოთ ჩვენს ცნობიერებაში დალექილი მითი, რომ არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ ფული იგებს. ეს რომ ასე არ არის, ივანიშვილმაც დაადასტურა, როცა არჩევნების დამთავრებისთანავე გულწრფელად განაცხადა, რომ მან „ბოლომდე გამოიყენა ხალხი“, ანუ ხალხის ერთსულოვნება და უპირობო მხარდაჭერა რომ არა, „ქართული ოცნება“ დღეს ხელისუფლებაში არ იქნებოდა.

 

დასკვნა მარტივია: ხალხს (ამომრჩეველს) ყველაფერი შეუძლია, თუ მოინდომებს!

 

ბოლოთქმა: „ნაციონალებისა“ და მისი განაყოფი პოლიტსუბიექტების ფავორიტები თბილისში მხარდაჭერას რომ ვერ მოიპოვებენ, ფაქტია. არ ვიცი, მომავალში კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს თბილისის მერობაზე პრეტენზია, მაგრამ, ჯერჯერობით, ერთადერთი რეალური პრეტენდენტი კახი კალაძეა, რომელსაც საკმარისზე მეტი ფულიც აქვს და ადმინისტრაციული მხარდაჭერაც. თუმცა, მონდომების (თბილისის ამომრჩევლის მტკიცე ნების) შემთხვევაში სერიოზული კონკურენციის გაწევა შესაძლებელია.

 

რაც შეეხება საკუთრივ ჩემს საარჩევნო სტრატეგიას, რომელიც თავისთავად წინასაარჩევნო პროგრამასაც მოიცავს, თბილისელ ამომრჩეველს უახლოეს ხანებში გავაცნობ - დარწმუნებული ვარ, თუ ამომრჩეველთა კეთილი ნება იქნება, „სასწაულების“ მოხდენა (თუნდაც სახელისუფლო კანდიდატის დამარცხება) ცარიელი ხელებითაც (უფულოდაც) შეიძლება!

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: