ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: კოშმარი რუსთაველზე, ანუ ვინ როგორ გამოიყენა „ოპერაცია გავრილოვი“?!

ზაურ ნაჭყებია: კოშმარი რუსთაველზე, ანუ ვინ როგორ გამოიყენა „ოპერაცია გავრილოვი“?!

 

რაც წუხელ რუსთაველზე მოხდა, მორიგ კატასტროფად უნდა შეფასდეს, მაგრამ, ყველაფერში მარტო ხელისუფლების დადანაშაულება სწორი არ იქნება!

 

თუ ხელისუფლება ვალდებულია, ქვეყანაში შეინარჩუნოს სიმშვიდე,  არანაკლები პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, საზოგადოებასაც - ვაიძულოთ ხელისუფლება იმოქმედოს სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად...

 

სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის მუშტს ჩხუბის დამთავრების შემდეგ ვიქნევთ და აღშფოთებას თუ შეშფოთებას შედეგების გათვალისწინებით გამოვხატავთ და არ გვაინტერესებს ჩვენთვის მიუღებელი შედეგების გამომწვევი მიზეზები!..

 

რაც არ უნდა მკვეთრად ნეგატიური შეფასება მივცეთ წუხანდელ ვაკხანალიას, ასევე მკვეთრად ნეგატიური შედეგებით, სისასტიკით და ველურობით „ნაციონალებთან“ ქართული ოცნების“ შედარება არ შეიძლება! თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ იყო ვალდებული მასების ეგზალტაციამდე არ მიეყვანა ვითარება!

 

ისმება კითხვა: შეიძლებოდა თუ არა ქართულ პოლიციას უმტკივნეულოდ შეეჩერებინა ეგზალტირებული მასა, რომელსაც პროტესტის გამოხატვის კანონიერი უფლება ჰქონდა, მაგრამ, თავისი აგრესიის და პოლიციისადმი არაადექვატური დამოკიდებულებით პარლამენტის შენობაში შევარდნას ცდილობდა (რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი კაცი იწევდა შენობისაკენ)?!

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოლიცია ვალდებულია დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი, ის მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო - მან კოლოსალური თმებისა და შეურაცხყოფის ფასად მოიგერია აქციის მონაწილეების აგრესიული შემოტევა, თუმცა, როცა ეგზალტირებული მასის ცდა ყველა დასაშვებ ნორმას გადასცდა, გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალებები (ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალურად გააკეთა ის, რაც შეეძლო გაეკეთებინა).

 

რა თქმა უნდა, შედეგი მძიმეა (სააკაშვილის რეჟიმის დროს მსგავსი მცდელობა სისხლში ჩაიხშობოდა), ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ, სხვანაირად უფრო მძიმე შედეგის წინაშე დავდგებოდით.

 

მე არ მინდა რომელიმე მხარე წავახალისო, მაგრამ, გულწრფელად ვიტყვი - წუხელ პოლიციამ გადაარჩინა არა არსებული ხელისუფლება, არამედ, სახელმწიფო სრულ ჩამოშლას - აქსიომაა, ძალადობით მოსული ნებისმიერი ხელისუფლება შობს ძალადობრივ რეჟიმს. იგი როგორც კი მოძლიერდება, განზე გაწევს მის გვერდით მყოფ, რევოლუციის მონაწილე, უკეთესი მომავლისთვის გულანთებულ (მოტყუებულ) ადამიანებს და ქმნის საკუთარ გარემოცვას, რომელიც ძალადობრივი რეჟიმის ყურმოჭრილი მონა ხდება. ეს აშკარად გამოჩნდა 2003 წლის რევოლუციის ფონზეც!

 

არავინ იფიქროს, დღევანდელ ხელისუფლებას ვამართლებდე - პირიქით, წუხანდელი დარბევა-დასახიჩრების ტვირთი მის კისერზეა, მაგრამ, არანაკლებ დამნაშავე ვართ ჩვენ - საზოგადოება, რომელსაც იობის სიმშვიდით შეხვდა ყბადაღებულ კოჰაბიტაციას და საკუთარი წვლილი შეიტანა „ნაციონალების“ მკვდრეთით აღდგომაში, ანუ მათ ხელახალ აღზეევბას შეუწყო ხელი!

 

ჩვენ დღემდე ვერ გავაცნობიერეთ, რომ ხელისუფლება არ არის სახელმწიფო _ სახელმწიფო ეს ხალხია, ხოლო, ნებისმიერი ხელისუფლება, ხალხის მიერ დაქირავებული, რომელიც ხალხს და სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

 

არც ის გავაცნობიერეთ, რომ უკონტროლოდ მიგდებული ნებისმიერი ხელისუფლების მიზანი რაც შეიძლება მეტის მოხვეჭა და რაც შეიძლება მეტ ხანს ხელისუფლებაში ყოფნაა და არა ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვა!!!

 

ახლა რაც შეეხება გუშინდელ პროვოკაციას - ვინც არ უნდა იყოს კონკრეტული დამნაშავე, რა პროვოკაციაც არ უნდა იყოს გათამაშებული გარეშე თუ შინაური მტრებისგან, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას.

 

ჯერ ერთი, რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი საერთაშორისო ფორუმის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება (დარბაზების მეტი რა არის თბილისში), მეორეც, რატომ არ იყო წინასწარ ცნობილი ფორუმის პროტოკოლი პარლამენტის ხელმძღვანეობისთვის და თუ იყო ცნობილი, რატომ არ შეუშალეს ხელი მართლაცდა შეურაცხყოფილი რეალობის პროვოცირებას?

 

არათუ გავრილოვს, ნებისმიერ უცხო ქვეყნის წარმომადგენელს არა აქვს უფლება დაიკავოს სახელმწიფოს საკანონდებლო ორგანოს ხელმძღვანელის სკამი. ამ შემთხვევაში არა კობახიძის სკამზეა საუბარი, არამედ ზოგადად, სახელმწიფოს სიმბოლოზე.

 

ბუნებრივია ანტირუსული ისტერიის პირობებში გავრილოვის ხილვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ხუთმაგად შეურაცხმყოფელი იქნებოდა ჯერ კიდევ ღირსებაშერჩენილი საზოგადოებისთვის. სხვა საკითხია, როგორ გამოიყენეს ეს არეულობაზე დაგეშილმა „ნაციონალებმა“ და რა კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანეს დაძაბულობა!

 

კიდევ ვიმეორებ: რა შედეგითაც დასრულდა წუხელ აქცია, ამის გამართლება ყოვლად შეუძლებელია, მაგრამ სხვა შედეგები (პარლამენტში შევარდნა) გაცილებით მძიმე იქნებოდა!

 

დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი: აქციის ორგანიზატორის (თავის მოტყუება იქნება, თუ ამ აქციას თვითორგანიზებულად მოვნათლავთ) საბოლოო მიზანი ხელისუფლების დამხობა (პარლამენტის შენობაში შეჭრა სხვა არაფერია) იყო. რაც შეეხება გულწრფელი ემოციებით მისულ თანამოქალაქეებს, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარმა ინციდენტმა აღაშფოთა, ისინი საბოლოოდ ლეღვის ფოთლის ფუნქციას შეასრულებდნენ.

 

პოლიცია ისე რომ არ მ,ოქცეულიყო, როგორც სინამდვილეში მოიქცა, გაცილებით მძიმე პერსპქტივის წინაშე აღმოჩნდებოდა ქვეყანა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას ნიშნავს, პარლამენტის შენობის დაკავება, ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, რა რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული მათი შენობიდან გამოყრა - სისხლისღვრა  მერე გვენახა!

 

უკვე კატეგორიულად  საუბრობენ იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ წითელი ხაზი გადაკვეთა და აუცილებელია ვადამდელი არჩევნები.

 

კი ბატონო, ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები, მაგრამ რა შეიცვლება ამით ქვეყნისთვის? პოლიტიკურ ჰორიზონტზე ჩანს თუ არა ახალი ძალა, რომელიც „ნაციონალებზე“ და „ოცნებაზე“ უკეთესი იქნება და თუ ყბადაღებული კოალიციური მთავრობის ან მრავალპარტიული პარლამენტის იმედზე ვართ?!

 

ისე, ხომ ვერ მეტყვით, რომელი პოლიტიკური მეძავების ხარჯზე შეიქმნება მრავალპარტიული პარლამენტი? ამ შემთხვევაში ძველ და ახალგამოჩეკილებს ერთად ვგულისხმობ. იქნებ დამისახელოთ ნებისმიერი პარტია ან ე.წ. პოლიტიკური ლიდერები, ვისზეც შეიძლება არჩევანი შეჩერდეს?!

 

ვადამდელ არჩევნებს და ზოგადად, არჩევნებს, მაშინ აქვს აზრი, როცა ჭეშმარიტი ალტერნატივა არსებობს, თორემ, დღეს რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, რა შედეგს ელოდებით?!

 

ვადამდელ არჩევნებს სჯობს 2020 წლამდე დარჩენილ დროში ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებაზე ვიფიქროთ. პარალელურ რეჟიმში საზოგადოების აქტიური და კრეატიული წევრებისგან ჩამოვაყალიბოთ „ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის კომიტეტი“. ბოლომდე გავაშიშვლოთ და გავაკოტროთ როგორც ყოფილი, ისე არსებული რეჟიმი, რომელთაც მორალური უფლება არა აქვთ პრეტენზია ჰქონდეთ ხელისუფლებაზე!

 

რაც შეეხება გუშინდელ პროვოკაციას, რომელიც წინასწარ დაგეგმილს უფრო ჰგავს, თავისი წინაპირობები ჰქონდა. თუმცა, თითოეული მათგანი ერთ მიზანს ემსახურებოდა და მომავალშიც მოემსახურება - დაპირისპირების ესკალაციას და მუდმივი პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში, რომლის აპოგეა წუხანდელი აქცია იყო თავისი მიუღებელი შედეგებით.

 

P.S. მე არ მინდა „ნაციონალების“ რეჟიმის დაბრუნება, არ ნიშნავს მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას“! ჩემთვის, პირწმინდად, ერთიც მიუღებელია და მეორეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ანგარიშგასაწევ ძალას არსებულ პოლიტიკურ სპექტრში და ვერც საზოგადოების მზაობას თავისი წიაღიდან შვას ახალი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ორივე დისკრედიტებულ ძალას („ნაცები“, „ქოცები“) პოლიტიკური არენიდან გააძევებს.

 

P.S.S. ვიდრე ცივი გონებით არ შევაფასებთ არსებულ პოლიტიკურ რეალობას და ყველაფერს თავის ნამდვილ სახელს არ დავარქმევთ, „ხბოს აღტაცებით“ და მასების ეგზალტირებით, რასაც ჩვენი მტრები კარგად ახერხებენ, უარესის მოლოდინში უნდა ვიყოთ!

 

P.S.S.S. ზოგიერთები აპელირებას აკეთებენ ახალგაზრდებზე, რომლებიც აქციაზე პატრიოტულმა მუხტმა მიიყვანა თურმე. ღმერთმა ქნას, ასეც იყოს, მაგრამ, მე უფრო მგონია, ისინი (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ) სწორედ პარლამენტის შტორმით აღების მცდელობისთვის დასჭირდათ. მადლობა ღმერთს, შედარებით მსუბუქად გადავრჩით - ადვილად შეიძლებოდა უფრო საშინელი რეალობის მოწმენი გავმხდარიყავით.

21-06-2019, 15:48
უკან დაბრუნება