საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე იმ განკარგულების პროექტი დაამტკიცა, რომელიც სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვას უკავშირდება. ამის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთო ჯამში დაახლოებით 160 000 დოლარის ღირებულების 7 ახალ ავტომობილს შეიძენს.
"მოგეხსენებათ, არსებობს ახალი წესი, რომელიც განკარგავს ავტომობილების ფლობის პირობებს. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიტანეთ დამატებით 6 ავტომობილის შესყიდვის თხოვნა. ეს გახლავთ პროექტების მართვის სააგენტოსთვის. როგორც იცით, ძალიან ბევრი ახალი საწარმოა და შესაბამისად სჭირდება მონიტორინგი. გარდა ამისა, დამატებით 1 ავტომობილი განკუთვნილია ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის, სადაც ჩვენ ძალიან ბევრ პროგრამას ვგეგმავთ. შესაბამისად, მათ ჰქონდათ ერთი მანქანის ნაკლებობა და ვთვლით, რომ აუცილებელია შევსება. ეს არის მესამე კატეგორიის ავტომობილი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.