როგორც "საიას" თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განაცხადა, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მთავრობის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროში საყდრისის თემაზე ადმინისტრაციული საჩივრის შეტანას გეგმავს.
"შევიტანთ ადმინისტრაციულ საჩივარს, ერთი მხრივ, კულტურის სამინისტროში, მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობაში.
როგორც კი ჩვენი საჩივარი დარეგისტრირდება ადმინისტრაციულ ორგანოში, ანუ მთავრობასა და კულტურის სამინისტროში, გასაჩივრებული აქტების მოქმედებები იმ მომენტშივე შეჩერდება. რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა შეჩერდეს იქ მიმდინარე სამუშაოები",-აცხადებს კოჟორიძე.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციები საყდრისის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავენ. მათ პეტიცია მოამზადეს, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმოსაწერად ღიაა.