საზღვარგარეთ, უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის თავისუფლების აღკვეთით დასჯის მიზანი ის არის, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნიდან მოქალაქეების გადინება სხვა ქვეყნებში, ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილების მიზნით.ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა 18 დეკემბრის სხდომაზე.
"ამგვარი საქმიანობისკენ მოწოდებისთვის, ჩვენი შეთავაზებით, არის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამგვარ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან წევრობა არის 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს არის ის, რაც ჩვენ მთავრობამ პარლამენტს შევთავაზეთ და შემდეგ ამ კანონს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ არ მოხდეს გადინება ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის მიზნით, არ დაგვემართოს ის, რაც გაცილებით დიდი მასშტაბის ევროპულ ქვეყნებს დაემართათ, ეს არის საკუთარი მოქალაქეების მოგზაურობა "ჯიჰადის" მიზნით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ქმედება იქნება.