იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებაში წინსვლაა პროკურატურა სწრაფი ტემპით მუშაობს, განცხადება ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, დღეს პროკურატურაში საგამოძიებო გუნდთან შეხვედრას გამართავს.
მოსიაშვილის განცხადებით, საქმეში გარკვეული მნიშვნელოვანი დეტალია,თუმცა ადვოკატმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ სიახლეებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
"ჩვენი მიზანია, ობიექტური რეალობა დადგინდეს. გარკვეული სახის ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას. აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არის მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ ვერ გავახმაურებთ. არ შეიძლება ინფორმაციის გამჟღავნება მანამ, სანამ არ მოხდება მათი გადამოწმება. დაცვის მხარე დღეს გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის პროკურატურას. არის წინსვლა, თუმცა რა სახის წინსვლაა, ჯერ საზოგადოებასთან ვერ გავამჟღავნებთ. ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დღემდე ტარდება. საქმე შესაძლებელია, 2, 3 ან 6 თვეში გაიხსნას, ამას ზუსტად ვერავინ იტყვის მაგრამ ფაქტია, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს",- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.