სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგა, სადაც დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე, ბრალდებულმა ჩაჩუამ განცხადება გააკეთა და მედიის წარმომადგენლებს პროცესის დასრულებამდე დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება ურჩია.
,, ბოლო კვირის განმავლობაში, არა ერთი ტელევიზიის მეშვეობით მომზადდა მასალები, სადაც გამოყენებული იყო ისეთი ადამიანების კომენტარები, რომლებსაც საქმესთან შეხება არ აქვთ და ინფორმირებულები არ არიან. მსგავსი ტიპის განცხადებებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს სასამართლოს მიმდინარეობას. სწორედ ამ მოტივით ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ჟურნალისტისთვის კომენტარი არ გამიკეთებია. სათქმელი მეც ძალიან ბევრი მაქვს და ყველაფერს მას შემდეგ ვიტყვი, რაც სასამართლო პროცესები დასრულდება. ორი სამი პროცესი, მაქსიმუმ ერთი თვეა დარჩენილი საქმის განხილვის დასრულებამდე და ვთხოვ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება.