ივერიონი / "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ერთხელ კიდევ შეგვახსენა, რომ კონსტიტუციისა და კანონის უპატივცემულობა, დილეტანტობა და ავანტიურისტობა არის ის თვისებები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სახეს განსაზღვრავს. მაშინ, როდესაც აჭარის კონსტიტუცია ერთმნიშვნელონად აცხადებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 11 ხმით აირჩევა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უხეში დარღვევით, 8 ხმით აღნიშნულ თანამდებობაზე არჩეულად გამოაცხადეს თავიანთი თანაგუნდელი ჯემალ ფუტკარაძე.

ამასთან, აღნიშნული აქტით, ჯემალ ფუტკარაძემ, მედეა ვასაძემ და მურმან დუმბაძემ ერთხელ კიდევ განახორციელეს თვითლუსტრაცია და დაადასტურეს, რომ ისინი მთელი შეგნებით იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში "ნაციონალური მოძრაობა" განასახიერებს.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გამოხატავს გულისტკივილს იმის გამო, რომ დუმბაძე, ფუტკარაძე და ვასაძე წავიდნენ მძიმე კომპრომისზე საკუთარი ღირსებისა და სინდისის წინაშე და "ნაციონალურ მოძრაობას" შეერწყნენ.

გვსურს, მტკიცედ განვაცხადოთ, რომ არავის და მითუმეტეს "ნაციონალურ მოძრაობას" არ მივცემთ საშუალებას, კანონის წინააღმდეგ იმოქმედოს და უზრუნველვყოფთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პროცესების განვითარებას კონსტიტუციისა და კანონმდელობის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

14-03-2015, 15:19
უკან დაბრუნება