საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ს კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს აქვს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებით, IRI-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევის ოფიციალურ მონაცემებს დაემატა პერსონალური რეიტინგები, რომელიც სხვა კითხვარებთან ერთად თავდაპირველად არ განსაჯაროებულა.
კვლევის შედეგების თანახმად, მოწონების რეიტინგში დავით სერგეენკო ლიდერობს, რომელიც გამოკითხულთა 62%-ს მოსწონს, 24%-ს არ მოსწონს, 5%-ს მის შესახებ არ სმენია, ხოლო 9%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ჯანდაცვის მინისტრს რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი მოსდევს, რომელსაც ასევე 62%-ს მოსწონს, თუმცა დადებით და უარყოფით მაჩვენებლებს შორის მას უფრო ცუდი ბალანსი აქვს, ვიდრე დავით სერგეენკოს. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილი არ მოსწონს 30%-ს, 1%-ს მის შესახებ არ სმენია, ხოლო 7%-ს პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა 57%-ს მოსწონს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, არ მოსწონს 34%-ს. ასევე, 57%-იანი მოწონების მაჩვენებელი აქვს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, რომელიც 36%-ს არ მოსწონს. ხუთეულის ბოლო წევრია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გამოკითხულთა 56%-ს მოსწონს, ხოლო 39%-ს კი არა.
სხვა პოლიტიკოსების რეიტინგები კი შემდეგნაირად გამოიყურება: თეა წულუკიანი მოსწონს გამოკითხულთა 51%-ს, არ მოსწონს 41%-ს; კახა კალაძე 48%-ს მოსწონს, 44%-ს - არა; გამოკითხულთა 47%-ს მოსწონს დავით ბაქრაძე, ხოლო 45%-ისთვის ის მოსაწონი არ არის.
ყველა სხვა პოლიტიკოსს, რომლის რეიტინგიც IRI-მ გაზომა, მოწონებისა და არმოწონების მაჩვენებლებს შორის უარყოფითი ბალანსი აქვს. მათ შორის, თბილისის მერი დავით ნარმანია არ მოსწონს გამოკითხულთა 46%-ს და მოსწონს – 40%-ს. ყველაზე მაღალი არმოწონების მაჩვენებელი (70%) "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს აქვს. მოწონების და არ მოწონების მაჩვენებლებს შორის ბალანსის შედეგად, ბურჯანაძეზე ცუდი შედეგები აქვთ ალექსი პეტრიაშვილს (21%-ს – მოსწონს, 48%-ს – არა), ზურაბ ჯაფარიძეს (16%-ს მოსწონს, 51%-ს – არა) და გუბაზ სანიკიძეს (15%-ს მოსწონს, 65%-ს – არა).