ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი ახალი მსოფლიო ომის დაწყების რეალურ შესაძლებლობაზე საუბრობს, რაც ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებულ კონფლიქტს ბოლოს მოუღებს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ინტერნეტრესურს Market Watch-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
სოროსის აზრით, ამგვარი სცენარი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავის ეკონომიკას, ექსპორტის ნაცვლად, შიდა საჭიროებებს მოარგებს. აი, მაშინ ჩინეთის მთავრობას ხელისუფლების შესანაჩუნებლად საგარეო კონფლიქტი დასჭირდება.
„თუ ერთმანეთს შეეჯახებიან ჩინეთი და აშშ-ის ისეთი სამხედრო მოკავშირე, როგორიც იაპონიაა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ყველანი მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე აღმოვჩნდებით“, აცხადებს ჯორჯ სოროსი და დასძენს, რომ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად აშშ ჩინეთთან „დიდ დათმობაზე“ უნდა წავიდეს და იუანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის სავალუტო კალათში უნდა ჩართოს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში პეკინი მოსკოვს დაუახლოვდება, რაც ძალიან არასასიამოვნო ალტერნატივაა. თუ მოვლენები ასე განვითარდა, ჩინური ვალუტა დოლარს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს“.
მილიარდერი აღნიშნავს, რომ, სანაცვლოდ, ჩინეთმა ქვეყნის ეკონომიკის გარდაქმნასთან დაკავშირებულ საკითხებში უნდა დათმოს. მისი თქმით, ჩინეთსა და აშშ-ს შორის შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია, თუმცა, ალტერნატივა ძალიან სახიფათო და არასასურველია: ჩინეთი რუსეთს პოლიტიკური და სამხედრო კავშირით შეეკვრება და ახალი მსოფლიო ომის საფრთხე მართლაც რეალური გახდება.