საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა თანხმდება პოზიციაზე, რომ აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება.
ასე განმარტეს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილთან შეხვედრის შემდეგ.
"ახალი უნივერისტეტის" რექტორ თამარ გარდაფხაძის თქმით, მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ აბიტურიენტებს შეცდომის გამო მეორადი ჩარიცხვის უფლება არ უნდა მიეცეთ.
"ჩვენ მოვისმინეთ მაია მიმინოშვილის პოზიცია. მან სამართლიანად განაცხადა, რომ აბიტურიენტების შეცდომის გამო მეორადი ჩარიცხვის უფლება არ უნდა მიეცეთ, კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს და ჩვენ ამაში ვეთანხმებით მაია მიმინოშვილს", - განაცხადა თამარ გარდაფხაძემ.
"საქართველოს უნივერსიტეტის" წარმომადგენლის, მანანა სანაძის ინფორმაციით კი, მეორადი ჩარიცხვები ამ ეტაპისთვის ტექნიკურადაც კი შეუძლებელია.