"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის საპასუხო განცხადებას ავრცელებს. ინაშვილის თქმით, ხიდაშელის ბრალდება, რომ ინაშვილი ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, აბსურდია.
"ძალიან მეზარებოდა კომენტარის გაკეთება თავდაცვის მინისტრის აღგზნებულ განცხადებაზე... მაგრამ უპასუხოდ დატოვებაც არ ღირს. თანაც, დრო მაქვს. ანუ ჯარმა ინაშვილს მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ევროკავშირს ებრძვისო, არა?! ეტყობა, სახელისუფლებო კანდიდატმა აზერბაიჯანული მოსახლეობის ხმები იმ მარტივი მიზეზით მოიხვეჭა, რომ მთელი იორმუღანლო დღე და ღამე ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე ოცნებობს. როგორც მახსოვს, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები 5 წელია სასწრაფო დახმარების ერთ ცალ მანქანას ითხოვენ... და ეს მოლოდინი უსასრულოდ გრძელია.
P.S. ისე, ვენდობი, თუ არ ვენდობი, სხვა საკითხია, მაგრამ... რა ინფორმაციაც "უკრაინულმა ვიკილიქსმა" გაავრცელა ( ვგულისხმობ თინიკოს თხოვნას სააკაშვილისადმი,- აზერბაიჯანელების ხმებით დამეხმარეო), ზუსტად ამ სცენარმა შეისხა ხორცი იორმუღანლოში. მარნეულიც იქ იყო, ბაქოც და გიგლა აგულაშვილიც."- აცხადებს ინაშვილი.