შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ გამორიცხულია, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, თუ ოფიციალური თბილისი ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე უარს იტყვის.
"არსებობს მოსაზრება, რომ თუ უარს ვიტყვით NATO-სა და ევროკავშირზე, რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. ეს გამორიცხულია. ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა ეს პოზიცია, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ ომის შემდეგ შემოგვთავაზა, შევიდეთ დსთ-ში და აფხაზეთსა და ე.წ. სამხერთ ოსეთში პრობლემები მოგვარდებაო. დავინახეთ, რომ პირიქით მოხდა. ჩემთვის პირველ რიგში ღირებულებებს აქვს მნიშვნელობა. NATO-ს წევრი ქვეყნის ღირებულებებია დემოკრატიული ღირებულებები, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მოძრაობა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, NATO-ს არც ერთ წევრ ქვეყანაში ალიანსის შექმნის შემდეგ საომარი მოქმედებები არ ყოფილა, მაშინ როცა ვხედავთ, დსთ-ის შემთხვევაში რაც ხდება.
"არ ვსაუბრობ მარტო საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, ავიღოთ, უკრაინაში რა ხდება. დსთ-ის წევრი ქვეყნები არიან იგივე აზერბაიჯანი, სომხეთი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ამის პარალელურად ზაქარეიშვილმა განაცხადა ისიც, რომ მაქსიმალურად დალაგებული ურთიერთობა უნდა გვქონდეს რუსეთთან, რომ მისმა ფაქტორმა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაში ხელი არ შეგვიშალოს.