დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტს საკრებულო კენჭს დღეს უყრის. ბიუჯეტს საკრებულოს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია წარუდგენს.
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ბიუჯეტში მაქსიმალურად არის ასახული მომავალი წლის პრიორიტები და ის თბილისელებზე და დედაქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული.
ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი, ირაკლი აბესაძე, კიდევ ერთხელ ითხოვს დედაქალაქის მერის დავით ნარმანიასა და მთავრობის გადადგომას.
„ჩვენ გვსურდა, რომ შემდგარიყო ბიუჯეტის რეალური განხილვა. მოსახლეობის გაღარიბებისა და ცხოვრების დონის გაუარესების კვალდაკვალ არ შემცირებულიყო სოციალური დაფინანსება და არ გადაეტანათ ეს ხარჯები საკუთარი ჩინოვნიკების ხელფასების ზრდაში. საბოლოოდ ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, ქართული ოცნება და თბილისის მერი თბილისის მერიის მართვას უნდა ჩამოშორდნენ,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
თავის მხრივ საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკრებულოს ოპოზიციის წევრების გადაწყვეტილებას არასერიოზულს უწოდებენ.
ჯაბა სამუშიას თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა და ის, როგორც ოპოზიცია აცხადებს, ნაჩქარევად არ განიხილება.
„მე ვერ მივიღებ პრეტენზიებს, რატომ არ შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია და რატომ არ განიხილეს ეს ბიუჯეტი. ეს არასერიოზულია. ეს ყველაფერი არის იმ ორკვირიანი მუშაობის შედეგი, დღეს ჩვენ უბრალოდ ამ ყველაფერს ვაფორმებთ, რადგან ყველაფერს სჭირდება კანონის ჩარჩოში მოქცევა,“ - აცხადებს ჯაბა სამუშია.