ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: „ციხისძირის სინდრომი“, ანუ ხელისუფლების ტერორი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ!

მიხეილ ჯიბუტი: „ციხისძირის სინდრომი“, ანუ ხელისუფლების ტერორი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ!

 

ა.წ.13 თებერვალს მე ჩემი წილი განგაშის ზარი შემოვკარი ციხისძირში მიმდინარე პროცესების გამო. მთავარი ყურადღება გავამახვილე არა მოქმედ პირებზე, არამედ იმ საშინელებაზე რაც ამ კონკრეტული შემთხვევით გამომჟღავნდა.

 

აღმოჩნდა, რომ ზღვის პირას 9 ჰექტარი მიწა (ნავსადგურის აშენება შეიძლება! ) -"მიწა რკინიგზასა და ზღვას შორის" არის ოფშორში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე გაყიდული და ამ პირს ვერ პოულობს სახელმწიფო !

 

ეს წერილი მარტო ივერიონის გვერდზე 20500 -ზე მეტჯერ იქნა ნანახი.

http://iverioni.com.ge/15911-is-rac-aghmochnda-cikhisdziris-kheebis-thkhris-dros-sagangashoa.html

 

ჩემი აზრით, ყველას ენიშნა, თუ რა დონის საფრთხეშია საქართველო და ყველამ დაინახა მისი და მისი ოჯახის დაუცველობა ასეთ გარემოში.

 

სახელმწიფო, რომელმაც მიწა გაყიდა , ფული აიღო...

 

სახელმწიფო, რომელიც გადასახადებს კრეფს, ვერ პოულობს გადამხდელს...

 

სახელმწიფო, რომელსაც მინდობილი აქვს ჩვენი მიწა-წყლის მართვა, ფაქტობრივად არ ასრულებს თავის ფუნქციას!..

 

დიახ, ქვეყანა, ქვეყნის პატრონობის თვალსაზრისით, უხელისუფლებოდაა დარჩენილი.

რომ არა შემთხვევით ხეების გადარგვის საკითხი - ამ მიწის ისტორიაც ერთი ნაკვეთის ისტორიად დარჩებოდა და ვერ იქცეოდა საქართველოს თანამედროვე ისტორიის ნიმუშად!

 

ყველამ დაინახა, რომ შეიძლება კი არა , არამედ ქართველი დგას გაყიდული მიწების ფაქტის წინაშე!!!

 

უახლოესი ისტორიიდან სიმძაფრით ეს შოკი „ცოცხების ისტორიას“ უტოლდება!

წარსულიდან ეს ტყვეთა სყიდვის ტოლფასი ისტორიაა!

 

მიწების ასეთი გზით გაყიდვა ალბათ სამშობლოს ღალატის კვალიფიკაციას იმსახურებს!

 

საქართველოს პროკურატურის განცხადებით 19 თებერვალს გამჟღავნდა, რომ აღნიშნული 9 ჰექტარი ციხისძირში გაყიდულია ყალბი დოკუმენტებით 2011 წელს.

ამ ფაქტმა სურათი კიდევ უფრო დაამძიმა.

 

საკმარისი იყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საკუთრება ვინმეზე გასხვისებულიყო, რომ წარმოიშვებოდა ე.წ. „კეთილსინდისიერი მყიდველის“ საკითხი ან შეიძლება სულაც მიჩქმალულიყო პირველადი გაყიდვის დროს ჩადენილი სიყალბე...

 

რამდენი მიწაა ასეთი გზით უკვე გაყიდული?

 

არავინ იცის.

 

ფაქტი ერთია, რომ ყველა ხელისუფლების დროს - შევარდნაძის, სააკაშვილის, სააკაშვილ-ივანიშვილის, მარგველაშვილ-ღარიბაშვილისა და მარგველაშვილ-კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, სრული ერთნაირობაა მიწის საკითხთან დაკავშირებით. არც ერთ მათგანს არ უცდია ამ საკითხის რეალურად დარეგულირება. არც ერთმა მათგანმა არ მოაქცია მიწის ურთიერთობები ერთიან საკანონმდებლო სივრცეში, არ მიიღო მიწის კოდექსი,არ შექმნა მიწის სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზა, არ მოაწესრიგა მიწის მართვის ინსტიტუტები და კოორდინაცია, დააბეჩავა და დაშალა მიწასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, საცდელი სადგურები ,განსაკუთრებით სოფელსა და სოფლის მაცხოვრებლებს აჰყარა ყველა უფლება მიწასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობაზე.

 

ციხისძირის შემთხვევისადმი საზოგადოების ინტერესის მაშტაბი გამოხატავს ადამიანების შიშის სინდრომს საკუთარი ხელისუფლების ქცევების მიმართ.

 

უმრავლესობას აწუხებს იმ ნაკვეთების ბედი, რომელიც ამა თუ იმ ფორმით გააჩნიათ.

 

ციხისძირმა აჩვენა! არსებობს თეორიული შანსი, რომ ნებისმიერი მიწა, თუ ის რეგისტრირებული არ არის, დღეს არსებული სახელმწიფო სისტემის პირობებში შეიძლება გაიყიდოს!

 

ამ შიშს აქვს ობიექტური საფუძველი...

 

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ შეიტანა საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, „უძრავ ნივთზე“, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების /მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) მიმართვის საფუძველზე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლება“, ანუ, ყველა მიწა, რომელიც არ არის რეგისტრირებული, ცხადდება სახელმწიფო საკუთრებად!

 

ეს არის მიწების ნაციონალიზაციის უპრეცენდენტო განაცხადი, ანუ პირდაპირი ძალადობა საკუთარ მოსახლეობაზე!

 

ასეთი ტიპის ექსპროპრიაცია (ვისაც არ გისწავლიათ ბოლშევიკურ-კომუნისტური პარტიის ისტორია - მოგიწევთ მასთან მიბრუნება) არ ჩაუტარებია ლენინ-სტალინ-ბერიას ერთად!

 

ეს კანონი თითქოს შეჩერდა დღეისათვის, მაგრამ როდის რას იზამს ხელისუფლება, უკვე არაპროგნოზირებადია!

 

ამ კანონის მიღების შემდეგ, 700 ათასი კომლიდან 100-200 კომლი ხომ ვერ მოახდენდა რეგისტრაციას ერთი წლის განმავლობაში?!

 

ისინი დარჩებოდნენ უუფლებოდ, ხოლო ციხისძირის მსგავსი მესაკუთრეები იქნებოდნენ კანონში. მათ სჭირდებათ უმიწო ქართველები მიწის მუშებად!

 

კანონპროექტის შეჩერებას არ მოუხსნია ის საფრთხე, რაც ციხისძირმა აჩვენა!..

 

უფრო მეტიც, კანონპროექტმა გამოამჟღავნა, რომ დღეს მიწის მფლობელი მოსახლეობის 70 %-ზე მეტი, ვისაც რეგისტრირებული არ აქვს მიწა, არ არის ამ მიწის მესაკუთრე. მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, როგორც ხელისუფლების ქმედების მოტივი, არსებულ გარემოში არ არის საკმარისი. სამართალს აქვს ზნეობრივი მხარე. ამასთან დაკავშირებით იხილეთ (http://iverioni.com.ge/15928-cikhisdziris-modzravi-khis-samarthali.htmlსამთავრობო გადაწყვეტილებას აქვს ხალხის მდგომარეობის გათვალისწინების ვალდებულება, თუ ეს მთავრობა ამ ხალხისაა.

 

რით განსხვავდება დაპყრობილი ქვეყნის მმართველობა დამოუკიდებელი ქვეყნის მმართველობისგან? ეს უკანასკნელი ხალხზე მზრუნველი უნდა იყოს.

 

ხსენებული კანონპროექტი ისევე გამოირჩევა ქართველ ხალხზე ზრუნვითა და ფიქრით, როგორც თავის დროზე ეს გრძნობები იყო ჩადებული „მოდელირებულ ქრონიკაში“!..

 

საქართველოს სახელმწიფოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1992 წლის დასაწყისში, რომ ე.წ. პირადი დამხმარე მეურნეობების და დამატებით სოფლის კომლებზე, სადაც ეს შესაძლებელი იყო, მიწების 1, 25 ჰა-მდე შევსება და კერძო საკუთრებაში გადაცემა. მიწის სხვა ზომით ეს შეეხო აგრეთვე სხვა კატეგორიის კომლებსაც. ეს მიწები წარმოადგენენ კერძო საკუთრებას და სახელმწიფომ საკუთარი ხარჯით უნდა მოახდინოს მათი რეგისტრაცია და უარი უნდა თქვას სოფლის მოსახლეობის „ტერორზე“.

 

თუ ამ მიწების რეგისტრაციის საკითხის მოგვარება მოხდება ერთი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა მისასალმებელია.

 

„ციხისძირის სინდრომს“ ( რაც მიწის საკითხების გამო მთელი ერის ნერვების წყვეტაში გამოიხატება) აძლიერებს ხელისუფლების მიერ მიწის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პორციობით განხილვა-მიღება.მიზეზი ყოველთვის ერთია - ახლა დრო არ გვყოფნის, რომ სრულფასოვანი კანონი მივიღოთო.

 

2014 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ იქნა კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(http://www.parliament.ge/ge/law/7964/16269).

 

ეს კანონი ცნობილია უცხოელებზე მიწის მიყიდვის საკითხით.

 

ყოვლად უვარგისი პროექტი იყო და თითქოს დაწუნებულ იქნა.

 

ცოტა ხნის წინ ეს კანონპროექტი ე.წ. ტყემალაძის პროექტის სახით ისევ მოგვევლინა. (მიაქციეთ ყურადღება : წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ!). კანონის არსი იგივეა. ძირითადი წინსვლა ისაა, რომ უცხოელებზე გასაყიდი მიწის ზღვარი 200 ჰა-დან 100 ჰა-მდე შემცირდა.

 

მთავარი საფრთხე კვლავ დატოვებულია-ესაა მიწების გაყიდვა იურიდიულ პირებზე. ამას აჩვენებს ციხისძირის გაკვეთილიც.

 

მიწა სრულფასოვანი საქონელი უნდა იყოს და ბუნებრივია, ისე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, გარკვეული პირობებითა და დათქმებით უნდა იყიდებოდეს, მაგრამ, ამისთვის მინიმუმ ის მაინც ხომ უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ დადგენილი იყოს ნაკვეთების საზღვრები?!

 

საერთოდ,მიწის რეგისტრაციისა და სრულფასოვანი კანონმდებლობის არარსებობის დროს, სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში გადაცემა ერთმნიშვნელოვნად და პროფილურად სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირებზეც კი და მით უმეტეს სხვა იურიდიულ პირებზე - ეს იქნება უცხოელების მონაწილეობით, თუ მათ გარეშე, - განსაკუთრებით კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა არაპროფილური საქმიანობის სრული უფლებამოსილების პირობებში - არის კატასტროფა, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები საფრთხე ექმნება ქართველი ერის არსებობას!


გადაჭარბებული შეფასებაა?


მოვიტან რამოდენიმე მაგალითს, როგორც საქართველოს, ისე, მსოფლიო ისტორიიდან.


მაგალითი პირველი.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველმა თავადაზნაურობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დააგირავა თავისი მამულები ბანკებში - ვალები ვერ გადაიხადეს და დარჩნენ უმიწოდ. დაკარგეს რა დასაყრდენი, დაკარგეს საზოგადოებრივი ძალაც და დიდად შეუწყვეს ხელი თავისი სისუსტით იმას, რომ საქართველომ ვერ შეინარჩუნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.იმის ნაცვლად, რომ თავიანთი გენეტიკა და ინტელექტი გამოეყენებინათ თუნდაც ილიას გვერდით დასადგომად, მას დაუწყეს მტრობა და მთელი ენერგია შეალიეს „დაგირავებული მამულების გაუსყიდაობის“, როგორც „უმაღლესი ჰუმანიზმისთვის“ ბრძოლას. ამ მოვლენამ „ბანკობიადის“ სახელი მიიღო. შედეგად ქართველები საქართველოში დარჩნენ უმიწოდ. რასაც, როგორც ზემოთ ითქვა, მოჰყვა სახელმწიფოებრიობის დაკარგვა.


მოცემული კანონპროექტი ამ ისტორიის ტრაგიკულად განმეორების საფუძველს იძლევა. თუ მაშინ საქართველოდან მასობრივი წასვლის საშუალება არ იყო, დღეს ეს პრობლემა მოხსნილია - უმიწოდ და უსახკაროდ დარჩენილი სადღაც ბედს ეწევა, მით უმეტეს, რომ შეიძლება იყოს ამ დროისთვის „უვიზო რეჟიმიც“ „გავინაღდოთ“!


მაგალითი მეორე. 

აფხაზეთ-სვანეთ-სამურზაყანოში, სამაჩაბლოში დაარიგეს რუსეთის პასპორტები და შემდეგ ეს გახდა მიზეზი საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის. დღეს დაპყრობილი ტერიტორია დანარჩენი საქართველოსთვის რა არის? ის რისი დათმობაც არ შეიძლება, თუ მიწა, რომელიც შეიძლება ყველამ იყიდოს? აფხაზეთის ფართობი 8700კმ2, ხოლო სამაჩაბლო 3800კმ2 , ანუ 870000 და 380000 ჰა-ს. იმ ფორმითა და იმ ფასად , როგორც ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო მიწებს ჰყიდდა. როგორც ეტყობა კანონპროექტის მიხედვით მისი ავტორები იმ პოლიტიკის გაასმაგებულად გაგრძელებას აპირებენ, მთელი ამ 1250000ჰა-ს ფასი არის 1250000000 ლარი, ანუ 1,25 მლრდ.ლარი, ანუ იმდენი, რამდენიც ბანკების ვალუტაში მევალეებმა თვენახევარში დაკარგეს ლარის გაუფასურების გამო! ხომ არ ვამზადებთ ამ მიწებს გასაყიდად, თუ გაყიდულია უკვე, და ეხლა გაფორმებაა საჭირო?!


მაგალითი მესამე. 

ბელგიაში იყო მეფე ლეოპოლდ II(1835-1909 წწ), რომელმაც 1876 წელს ბრიუსელში ჩატარებულ გეოგრაფიული საზოგადოების სხდომაზე ცენტრალური აფრიკის დასავლეთის ფასეულობებთან და ცივილიზაციასთან საზიარებლად ჩამოაყალიბა რამდენიმე არასახელმწიფო ორგანიზაცია („კონგოს საერთაშორისო ორგანიზაცია“,“ზემო კონგოს შესწავლის კომიტეტი“ და სხვ). ამ ორგანიზაციის სახელით ემისრები გაგზავნა კონგოში, რომელთაც ტომის ბელადებისგან ნებაყოფლობით, საფასურით მიღებული მიწები ამ ორგანიზაციების საკუთრებად გადააფორმეს. ამ ორგანიზაციების მესაკუთრე კი იყო ერთი კაცი - ლეოპოლდ II, რომელიც კონგოში არასდროს არ ჩასულა.ასე აღმოჩნდა მის ხელში 2 მლნ. კმ2, ანუ საქართველოზე (დაპყრობილი ტერიტორიების ჩათვლით) 28,5-ჯერ მეტი ტერიტორია.ლეოპოლდ II-მ ამ ტერიტორიაზე საკუთარი სახელმწიფო შექმნა.ის იყო ბელგიის მეფე და კონგოს სახელმწიფოს ყველა მიწის მფლობელი. მას დაეთანხმა 1884-1885 წლებში ბერლინის კონფერენცია. 10 მილიონამდე კაცის სიცოცხლე შეეწირა ტომის ბელადების მიერ მიწების არასამთავრობო, არაკომერციული, საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიყიდვას. ლეოპოლდი 1909 წელს გარდაიცვალა, მაგრამ კონგოს მოსახლეობამ თავი მისგან 1960 წლამდე ვერ დაიხსნა, ხოლო ქვეყანა დღემდე ვერ დალაგდა ამ ისტორიული უკუღმართობის გამო!


მსოფლიო აკრიტიკებს ლეოპოლდ II-ს, მაგრამ ბელგიაში მან ბევრი რამ გააკეთა და მას პატივს მიაგებენ ბელგიელები. გამართლება ლეოპოლდს არა აქვს, მაგრამ კონგოელების ტრაგედია მისი ტომის ბელადებშია, რომელთაც არ ეყოთ ჭკუა-გონება, რომ მათთვის შეთავაზებულ წინადადებებში 5 -10 წლის შემდგომი შედეგი დაენახათ!


მაგრამ კონგოელ ტომის ბელადებსაც არ ჩაუდენიათ ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება - „ჩვენი ბელადები“ აპირებენ ამ კანონპროექტით. ისინი აპირებენ მოამზადონ კანონმდებლობა და თვითონ მოძებნონ ლეოპოლდ II, ან ლეოპოლდები (თუ ისინი უკვე მოძებნილი არ არის), რათა მიყიდონ საქართველო!


მაინც რა დრო სჭირდება მიწის სრულფასოვანი კანონმდებლობის მიღებას?

 

2-3 თვე კანონპროექტის მაკეტის შედგენას, 2-3 თვე მის საჯარო განხილვას, 1 თვე პროექტის საბლოო ვარიანტის შედგენას და შემდეგ პროცედურებს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. იმ პერიოდში რაც „ტყემალაძის კანონპროექტს“ დასჭირდა 4-ჯერ შეიძლებოდა მიწის კოდექსის მიღება!

 

 რატომ არ აკეთებს ამას ხელისუფლება?

 

ალბათ იმიტომ, რომ ხალხის წინაშე ვალდებულება არ აქვთ ან/და არ გრძნობენ!..

 

ერთი კი არის, რომ საქრთველოს ბუნებრივი რესურსებისა და მათ შორის მიწისა წყლის ოდენობა იმდენია, რომ საკმარისია საქართველოს მოსახლეობის გამდიდრებისთვის.

 

ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება მოხდეს საშინაო და საგარეო ფაქტორთა ისეთი სახით დალაგება, რომელიც ქვეყნისა და მთელი ერის მდგომარეობის თვისობრივად (ანუ ნახტომისებურად, რევოლუციურად, ძალიან მოკლე დროში) გაუმჯობესების შესაძლებლობას წარმოშობს.

 

ასეთი შესაძლებლობების გამოყენება ხდის ერთ სახელმწიფოს/ერს წარმატებულად, ხოლო გამოუყენებლობა მეორე სახელმწიფოს/ერს ჩამოარჩენს (ზოგიერთს საერთოდ აღგვის მიწისაგან პირისა!). ასეთი ისტორიული შანსი არსებობს დღევანდელ საქართველოში ე.წ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების სახით.

 

ასეთი სახის საკუთრება ისტორიულმა კატაკლიზმებმა წარმოშვა. საქართველოში არც ერთი მტკაველი მიწა არაა, რომელიც ვინმეს საკუთრებაში არ ყოფილიყო. ისტორიული მესაკუთრეები სხვადასხვა მოვლენებმა (რუსეთის ანექსია, ბატონყმობის გადავარდნა, 1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკის მიწის რეფორმა, კომუნისტურ - ბოლშევიკური ნაციონალიზაცია, კოლექტივიზაცია და ა.შ.) სხვადასხვა ფორმით ისე გააუცხოეს ამ საკუთრებისგან, რომ საქართველოში რესტიტუციის, ანუ მესაკუთრეობის უფლებების აღდგენა შეუძლებელია.

 

ასეთ შემთხვევაში სამართლიანია, რომ ქართველი ხალხი/საქართველოს მოქალაქეები განხილულ იქნას, როგორც ამ სიმდიდრის ერთობლივი მესაკუთრე და მოიძებნოს მექანიზმი ამ საკუთრების საქართველოს მოქალაქეებზე გადანაწილებისათვის.

 

ეს უნდა მოხდეს უმოკლეს დროში, რომ საბაზრო სისტემის დამკვიდრების მოტივით არ გახდეს შესაძლებელი ამ სიმდიდრის გაყიდვა ჯგუფურ-კლანური პრივატიზების სისტემით. საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი გამდიდრების შანსი არ უნდა იქნას გაშვებული ხელიდან.

 

ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება!

 

ამ პრინციპზე  ქვეყანაში საერთო სოციალური ერთიანობა უნდა შეიქმნას...

 

რაც მთავარია, ციხისძირი არ უნდა განმეორდეს!

 

 

 

 

19-02-2016, 11:02
უკან დაბრუნება