ციხისძირის „მოძრავი ხის“ სამართალი…
ავთანდილ კახნიაშვილი,
სამართლის დოქტორი
საქართველოს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ზიმოს" დირექტორის ზურაბ კიკნაძის განმარტებით (1) "ხეები გაიყიდა, როგორც მოძრავი ნივთები" და რომ მას „აქვს ყველანაირი ნებართვა სამუშაოების წარმოებისთვის“ (2).
ზურაბ კიკნაძე: -"აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს, რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქეთ გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი, რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის ამ პირს." (http://www.ambebi.ge/sazogadoeba/155287-qkheebi-gaiyida-rogorc-modzravi-).
ამ ფაქტს საგანგაშო უწოდა „ქართული პლატფორმის“ გამგეობის თავმჯდომარემ, პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა,რადგანაც მასში დაინახა ეროვნული საფრთხის გამოხატულება (http://iverioni.com.ge/15911-is-rac-aghmochnda-cikhisdziris-kheebis-thkhris-dros-sagangashoa.html).
სამართლებრივად როგორ შეიძლება შემფასდეს ციხისძირში ხეების გადარგვასთან დაკავშირებული გარემოებები? ამისთვის მედიით გახმაურებულ ფაქტებს სამართლებრივ ჭრილში განვიხილავ.
თუმცა, თავიდანე მინდა განვაცხადო, რომ, ვინაიდან ადამიანი გონიერი არსებაა და ხისგან განსხვავებით, წესით, სინდისიც უნდა გააჩნდეს, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მორალურ მხარეს არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სამართლებრივს!
უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საქართველოს კონსტიტუციით საკუთრების უფლებასთან ერთად აღიარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში (მუხლი 9.1). მიუხედავად იმისა, რომ სახარებაც გვაფრთხილებს: „მიწა არ უნდა გაიყიდოს, რადგან მდგმურები და ხიზნები ვართ მასზე“ (ლევიანნი, თავი XXV) და საქართველოს „უზენაეს კანონშიც” არის ხაზგასმული, რომ „სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია“ (მუხლი 2.2).
პარლამენტმა 1996 წელს, ჯერ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება დააკანონა, ხოლო 1998 წელს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემასაც დაუჭირა მხარი. მართალია, თავიდან მიწის უცხოელებზე გასხვისებას კანონი კრძალავდა, მაგრამ სააკაშვილ-ადეიშვილის კადრებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს „დისკრიმინაციად“ ჩათვალა და „ანტიკონსტიტუციური“ ნორმა გააუქმა.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში მიწა სახელმწიფოს (ერს) ეკუთვნის ან მისი უცხოელებზე გასხვისება (გაყიდვა, ჩუქება, მემკვიდრეობით გადაცემა) აკრძალულია, ქართული მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების და საწარმოების ხელში აღმოჩნდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პირს საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ნივთი, რომლის ფლობა არ არის აკრძალული კანონით ან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, „არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს“ (მუხლი 147). ამასთან, სამოქალაქო კოდექსითვე, „უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, მასში არსებული წიაღისეული, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე“ (მუხლი 149). აღნიშნულიდან გამოდინარე, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ზიმოს" დირექტორის ზურაბ კიკნაძის განცხადება, რომ ”ხე, როგორც მოძრავი ნივთები ისე გაიყიდა” აშკარად ეწინააღმდეგება კანონს.
გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 154-ე მუხლის („მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება“) თანახმად, „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს“. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს სარჩელით მოითხოვონ იმ გადაწყვეტილებების და გარიგებების ბათილად ცნობა, რომლებიც ეწინაღმდეგებიან კანონს და ხელყოფენ მათ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.
ამასთან, სარჩელის შეტანა აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას, ხოლო, დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე , სასამართლომ შეიძლება სარჩელის შეტანამდეც აუკრძალოს პირს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამდენად, უფლებადამცველებს შეუძლიათ აქციების პარალელურად სასამართლოს მეშვეობით დაიცვან იმ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები და კანონიერი ინტერესები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ხეების გადარგვა (თუნდაც, ლანდშაფტური გარემოს შეცვლა) აყენებთ ზიანს!
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო კოდექსითვეა განსაზღვრული: სამოქალაქო ბრუნვის თვისუფლება არ უნდა ხელყოფდეს მესამე პირთა უფლებებს (მუხლი 9). ამასთან, დაუშვებელია, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებმა, ან ნებართვის გამცემმა ორგანოებმა არ გაითვალისწინონ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, უძრავ-მოძრავ ნივთი მხოლოდ საბაზრო ღირებულებით არ ფასდება და მიწა, რომელზეც ფეხი აიდგა, სახლი, რომელიც საკუთარი ხელით ააშენა ან, თუნდაც ერთი ხე, რომელსაც უვლიდა, შეიძლება, ადამიანის შემადგენელი, მისი სულის ნაწილი გახდეს.
თუნდაც „ჯარისკაცის მამის“ გახსენებაც კმარა იმის გასათავისებლად, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართველი კაცისთვის მცენარეს - ვაზს. არც ის დამავიწყდება, რომ დედაჩემმა მშობლიური სახლის ეზოში მე-2 მსოფლიო ომის წლებში „ოჯახის მარჩენალი“ - მსხლის ხის გახმობა, მეუღლის გარგაცვალებაზე არანაკლებ განიცადა...
დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლობაზე პრეტენზიის მქონე და რეფორმის „მესამე ეტაპზე” მყოფი სასამართლო დაუყოვნებლივ შეაჩერებს იმ ხეების გადარგვის პროცესს, რომლებსაც ქომაგები გამოუჩნდნენ და ბათილად ცნობს იმ უკანონო და ამორალურ გარიგებებს, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები უგულვებელყო!
ამასთან, ვინაიდან, კონსტიტუციითვე, „ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს” (მუხლი 44.1), დასაშვებად მიმაჩნია, ისეთი ხეების (თუნდაც, ორასწლოვანის) გადარგვა, რომლებიც არ იწვევენ საზოგადოების მხრიდან პროტესტს და, თუ მათ შეძენა- გადარგვაზე კომპეტენტური ორგანოები გასცემენ ნებართვებს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ხორციელდება ეფექტური კონტროლი იმ ფულის წარმომავლობაზე, რომლითაც ხდება ანგარიშსწორება ლეგალური გარიგებებისას.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობისას შეიქმნა, ჯერ „ანტიკორუფციული შვიდკაცა“, შემდეგ კი თეთრთმეტკაციანი კომისია, რომლის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გახლდათ, საქართველოში უძრავი ქონებაც კი ისე იყიდება, არავინ კითხულობს ე.წ. „ინვესტორებმა“ ფული რა გზით იშოვეს!
შედეგად, გამორიცხული არ არის, წინაპართა სისხლით შენარჩუნებული მამული - ქართული მიწა იმ პირების ხელში აღმოჩნდეს, რომლებმაც „შავი (ჭუჭყიანი, ბინძური) ფული” ქრთამის აღებით, ნარკოტიკებით, იარაღით ვაჭრობით, ან სხვა უკანონო საქმიანობით დააგროვეს, შემდეგ კი ე.წ. ოფშორულ ზონებში (ფაქტობრივად, კონტროლისგან თავისუფალ ტერიტორიებზე) გადარიცხეს.
ფაქტია ისიც, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა თავად ითბობდა ხელს ხელს უძრავი ქონების „განსახელმწიფოებრიობის” პროცესში. მაგ., თავიდან „პრივატიზაციის შესახებ” კანონში სკვერების და გზების გასხვისება კატეგორიულად იყო აკრძალული. თუმცა, მოგვიანებით შეიტანეს ცვლილება, რომლითაც სკვერის და გზის პრივატიზაცია მთავრობის თანხმობით გახდა შესაძლებელი - შედეგად, დედაქალაქის, ფაქტობრივად, ყველა სკვერში აღიმართა უსახური შენობა-ნაგებობები. ასეთივე „კანონიერი” გზით და „ჩალის ფასად” აღმოჩნდა „პრივატიზებული“ თბილისში ახალგაზრდობის (ყოფილი „კომკავშირის“) ხეივანი, ბოტანიკური ბაღის ნაწილი, ავლაბრის „რიტუალების სასახლე” და მისი მიმდებარე ტერიტორია...
თავიდან, არც მდინარის კალაპოტის და არც ზღვის სანაპირო ზოლის გასხვისება იყო შესაძლებელი. თუმცა, „ნაციონალური პარლამენტმა“ იმდენი მოახერხა, რომ დღეს ჩოლოქის შესართავთანაც მხოლოდ ერთი „მოქალაქის“ ინტერესებში არ მიგიშვებს „დაცვის სამსახური“ და, როგორც ჩანს, ციხისძირშიც „ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორიასაც“ ჰყოლია მესაკუთრე, რომელიც საჯარო რეესტის მონაცემთა ბაზაში არ იძებნება...
ამ შემთხვევაში, ხეების გადარგვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ვურჩევდი, ვიდრე საქართველოს პარლამენტი მიიღებდეს „მოძრავი ხის კოდექსს“ (ვამბობ მინიშნების გასამწვავებლად, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ასეთიც შეიძლება მოხდეს) უარი თქვას ხეების გადასატანად სხვისი მიწის ნაკვეთის უნებართვო გამოყენებაზე, ვინაიდან თვითნებობასთან ერთად, შეიძლება სისხლის სამართლის წესითაც დაისაჯოს, თუ ხეების გადატანის პროცესში სხვისი ქონება დააზიანა...