ივერიონი / ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პროგრამა _ ეროვნულ სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის (სტრატეგიის) რეალიზაციის მთავარი ინსტრუმენტი

ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პროგრამა _ ეროვნულ სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის (სტრატეგიის) რეალიზაციის მთავარი ინსტრუმენტი

 

 

წერილი მეათე




ვაგრძელებთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას სტატიების ციკლის _ „ეკონომიკური ზიგზაგები და პასუხგაუცემელი კითხვები“ _ გამოქვეყნებას.


ამჯერად გთავაზობთ ბოლო (მეათე) წერილს _ „ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პროგრამა _ ეროვნულ სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის (სტრატეგიის) რეალიზაციის მთავარი ინსტრუმენტი“.

ამჟამად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა (მისი მრავალმხრივობით) რთულ კვანძებად ფორმირებულ პრობლემათა ერთობლიობაა, რომელთა გადაწყვეტა მოკლე პერიოდში შეუძლებელია. ის განსაკუთრებულ ძალისხმევას (თანაც ეტაპობრივად), კომპლექსურად, თანმიმდევრულად, ქვეყნის მატერიალური და სულიერი პოტენციალის ამოქმედებას, ერის ყველა თაობის ენერგიის გამთლიანებას და ერთიანი მიზნისკენ წარმართვას მოითხოვს.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს წინაშე მდგარ პრობლემებს მარტო ვერ გავუმკლავდებით. აუცილებელია მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ინვესტიციები, პოლიტიკური და ეკონომიკური დემოკრატიის შემდგომი განვითარება, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან ეროვნული ფენომენის თავსებადობა, რაც ყველაზე არსებითია, ყოველივე ამის ფონზე საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის უნარი.

აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების „გარღვევის სტრატეგია“. ამ მიზნით უნდა მომზადდეს 2025 წლამდე ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების კომპლექსური პროგრამა. მასში უნდა აისახოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური პრინციპები. პროგრამა უნდა გამოხატავდეს საზოგადოებრივ კონსესუსს და ხელს უწყობდეს ქვეყნის განვითარების ორიენტაციის სტაბილურობას, რასაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება ერის კონსოლიდაციისთვის, ამასთან გააძლიერებს ხელისუფლების ყველა თაობის (გუნდის) პასუხისმგებლობას ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების თანმიმდევრულად დაცვისთვის.

გამორიცხული არ არის, დაისვას საკითხი _ რამდენად მიზანშეწონილია პროგრამების შედგენა საბაზრო ეკონომიკური სისტემის პირობებში, ხომ არ ეწინააღმდეგება ეს პოლიტიკური და ეკონომიკური დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპებს?

ცნობილია, რომ დაგეგმვა მმართველობითი (მენეჯმენტი) საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. მრავალფეროვანია იგი თავისი ფორმით, შინაარსით, მიზნებით, მეთოდებით, ორგანიზაციული პრინციპებით. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში ეკონომიკური დაგეგმვის როლზე, ადგილზე და ფუნქციებზე მეცნიერებასა და პრაქტიკაში ურთიერთგამომრიცხავი მიდგომები დაფიქსირდა. საქართველოში ფორმირებად პოლიტიკურ წრეებში, ასევე მეცნიერთა დიდ ნაწილში, რა თქმა უნდა, ზოგიერთი პრაქტიკოსის პოზიციებითაც ეკონომიკური დაგეგმვა სოციალიზმის კრახის მთავარ მიზეზად (ფაქტორად) იქნა მიჩნეული და ამდენად, მიუღებელიც.

განვითარებული ქვეყნებიდან ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთს, რომელმაც წარმატებებს მიაღწია ცალმხრივად, მხოლოდ საბაზრო მექანიზმების გამოყენებით. კარგი მაგალითია აშშ, ჩინეთი, ვიეტნამი, საფრანგეთი, „პატარა ვეფხვები“, სკანდინავიის ქვეყნები და სხვ. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მთელ რიგ ქვეყნებში შეიქმნა დაგეგმვის სპეციალური ორგანოები. მაგალითად, საფრანგეთში დაგეგმვის გენერალური კომისარიატი, კანადაში _ ეკონომიკური საბჭო, იაპონიაში _ ეკონომიკური საკონსულტაციო საბჭო, ჰოლანდიაში _ ცენტრალური (საგეგმო) ბიურო, აშშ-ში _ ნაციონალური საგეგმო ასოციაცია, გერმანიაში _ ეკონომიკური ექსპერტების საბჭო, ინგლისში _ ეკონომიკური განვითარების ნაციონალური საბჭო. ნიშანდობლივია, რომ რიგ ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება ინდიკატიური დაგეგმვის პრაქტიკა. პირველი ინდიკატიური გეგმა საფრანგეთში გამოყენებულ იქნა 1947-1953 წლებში, ინგლისში 1961-1966 წლებში, იაპონიაში 1948 წლიდან.

ამრიგად, თანამედროვე ეკონომიკურ თეორიასა და პრაქტიკაში მიჩნეულია, რომ დაგეგმვისა და საბაზრო მექანიზმების თანაარსებობა აუცილებელია. ისინი ანტიპოდები არ არიან, არამედ ერთმანეთს ავსებენ. ამიტომაა, რომ ეფექტიანობის დონე მათი ურთიერთგანპირობებულობის ხარისხით განისაზღვრება.

ახლა მაინც უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ გეგმაზომიერი განვითარება (პროგრამირება) კაცობრიობის განვითარების ფუნდამენტურ მიღწევადაა აღიარებული. პრობლემების პროგრამებით გადაწყვეტის მეთოდი დღეს ყველაზე რაციონალურად არის მიჩნეული.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს სტაბილური წარმატებებისთვის მიტინგებით, საყოველთაო დაუმორჩილებლობით და სხვა დეკლარაციული ღონისძიებებით კი არ მიუღწევიათ, არამედ სტრატეგიული დაგეგმვის (მართვის) პრინციპებისა და მექანიზმების დროსთან მიმართებაში ადაპტირებით, ყოველმხრივ გააზრებული მოქმედებებით და ორგანიზაციულ-მმართველობითი ფაქტორის სრულად გამოყენებით.

აი რას ამბობს მარგარეტ თეთჩერი: „Благодаря плановой политике и своеобразному сочетанию моральных и материальных стимулов, Советскому Союзу удалось достигнуть высоких экономических показателей. Если при этом учесть огромные природные ресурсы СССР, то при рациональном ведении хозяйства у Советского Союза были реальные возможности вытеснить нас с мировых рынков“ (Газета "московский Комсомолец", от 9 ноября, 2016 г.).

ასევე მოვუსმინოთ მეორე წარმატებული ქვეყნის წარმომადგენელს, მილიარდერ ბიზნესმენის (იმავე წყაროს მიხედვით), იაპონელ ხიროში ტერემაჩის აზრით, „В 1939 году вы, русские, были умными, а мы дураками. В 1949 вы стали еще умнее, а мы пока были дураками. В 1955 году мы поумнели, а вы превратились в пятилетних детей. Вся наша экономическая система практически полностью скопирована с вашей. Во всех наших фирмах висят ваши лозунги сталинской поры.“

ალბათ კომენტარები ზედმეტია.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, პროგრამულ მიდგომას ის უპირატესობა აქვს, რომ მასში აისახება ლოგიკური კავშირი დასახულ მიზანსა და მისი მიღწევის რესურსულ და პოლიტიკურ-ორგანიზაციულ ფაქტორებს შორის (პოლიტიკური მიზნის ეკონომიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა). რეალურად განისაზღვრება ადგილობრივი, ბუნებრივ-საწარმოო პირობების, ფაქტორების, რეზერვების კომპლექსურად ამოქმედების გზები და საშუალებები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რესურსების მიზნობრივ კონცენტრაციას.

პროგრამა საზოგადოებისთვის იქნება ქვეყნის განვითარების სტრატეგიის (ტაქტიკის) შეფასების საფუძველი (გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი), რაც, ბუნებრივია, სახელმწიფოს (ხელისუფლებას) შეახსენებს სიტუაციის შესაბამისად იმპულსები მისცეს დასახული ამოცანების განხორციელებას, იმოქმედოს პრაქტიკის საზოგადოებისთვის სასურველი მიმართულებით გარდაქმნის პრაგმატული ამოცანებით. ასე რომ, პროგრამა, როგორც განვითარების რეგულირების ფორმა, ყველაზე საიმედო და მისაღებია ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელებისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს იმის შესახებაც, რომ გრძელვადიანი პროგრამის შედგენას, როგორც წესი, თითქმის ყველა ხელისუფლება გაურბის. მოკლე პერიოდის პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენით ასეთი მასშტაბური ამოცანის შესრულებისთვის პასუხისმგებლობას არ იღებს, ხელმძღვანელობს რა ვიწრო პარტიული ინტერესებით, საკუთარი „ნიშის“ ფარგლებში, ცდილობს პიარკამპანიებით ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. საზოგადოება (ამომრჩეველი) ასეთი მოვლენის მიმართ მიუტევებელ გულგრილობას იჩენს. ქვეყანა კი სწრაფად ცვალებად პირობებში კონცეპტუალურად და მეთოდოლოგიურად გააზრებული „პროგრამის“ გარეშე „ამკვიდრებს“ ახალი ტიპის ურთიერთობებს.

პროგრამაში სამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

პირველი. ქვეყნის ეკონომიკა განვითარების რომელ სტადიაზეა? როგორია მისი ფუნქციონირების თავისებურებები, ტენდენციები, კანონზომიერებანი? ამ კითხვაზე სწორი პასუხი იმიტომ გვჭირდება, რომ ვიცოდეთ როგორია განვითარების სასტარტო ბაზა, საზოგადოების ქცევის მოტივაცია, გლობალურ პროცესებთან ადაპტირების დონე და სხვა, რაც საფუძვლად უნდა დაედოს განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის პროგნოზირებას.

მეორე. საით უნდა წავიდეთ (სტრატეგიული მიზანი), რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს ეკონომიკა? ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის ვიცოდეთ საკუთარი შესაძლებლობები, აუცილებელია გარემოს (მათ შორის მეზობელი ქვეყნების) და სხვათა ინტერესების (პოტენციალის) შესწავლა-შეფასება, მათი თანხვედრის თუ დაპირისპირების, მოსალოდნელი გამოწვევებისა და მუქარების პროგნოზირება, რათა კვლევის თანამედროვე მეთოდებით განისაზღვროს განვითარების მთავარი მიმართულებები.

მესამე. როგორ, როგორი რესურსებით და პერიოდულობით ვფიქრობთ დასახული მიზნის მიღწევას? ამისთვის საჭიროა სწორედ განისაზღვროს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის და ამოცანების განხორციელების ადეკვატური ფორმები და მექანიზმები, დაფინანსების წყაროები.

პროგრამის (პროგრამების) შედგენა მთელ რიგ სირთულეებთანაა  დაკავშირებული. საქართველოში სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის უგულებელყოფას მოჰყვა მიმდინარე საუკუნის დასაწყისში ქვეყნის პარლამენტის მიერ კანონის „ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ გაუქმება, ასევე მეცნიერების ორგანიზაციის არსებული სისტემის ხელაღებით ნგრევა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაშლა (ზოგიერთი მათგანის უსტატუსო სუბიექტად „გარდაქმნა“). დღეს ქვეყანაში არ არის არც სამეცნიერო, არც სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც თანამედროვე მენეჯმენტის (ფუნქციების) გამოყენების კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, სტრატეგიული განვითარების პრობლემებზე მუშაობდეს.

ბოლო პერიოდში ხელისუფლების ინიციატივით იქმნება ქვეყნის ეკონომიკის, მისი ცალკეული დარგების განვითარების სტრატეგიები, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, ასეთი დოკუმენტები ძირითადად ეფუძნება ქრესთომატიულ დოგმებს, არ არის ადეკვატური იმ პრინციპებისა (მიდგომების), რომლებზეც უნდა შეიქმნას განვითარების პროგრამა. ეს იმიტომ, რომ „სტრატეგიები“ მოწყვეტილია რეალურ ცხოვრებას, არ მოიცავს მექანიზმებს, რომელთა გამოყენებით განვითარების პროცესი მიზნობრივად უნდა წარიმართოს. მაგალითად, 2020 წლამდე პერიოდისთვის მიღებული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია სწორად განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს, მაგრამ კონკრეტულ მიზანს (ამოცანებს), რაც, ვთქვათ, სასურსათო უსაფრთხოების რისკებს შეამცირებს, არ ითვალისწინებს.

როგორც აღინიშნა, ბოლო წლებში, ხელისუფლებამ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის დაჩქარების მიზნით გამოიყენა ეკონომიკური პროტექციონისტული მიდგომები, რაც პრინციპში სწორია, მაგრამ მაღალეფექტიანობა ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ თავად პროცესი სათანადო დონეზე კოორდინირებულიც არ იყო.

ყოველივე აღნიშნული გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის სისტემური კრიზისიდან გამოყვანის დაჩქარებისთვის აუცილებელია თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპების რეალურ სიტუაციასთან მისადაგება და არსებული რესურსების კონცენტრაცია. კომპლექსურად და მიზნობრივად უნდა იქნას გამოყენებული თანამედროვე მართვის ფუნქციები: პროგნოზირება-დაგეგმვა, მოტივაცია-ორგანიზაცია, კოორდინაცია-კონტროლი. სხვანაირად, კვლავაც იმის იმედით, რომ „უხილავი ხელი“ (საბაზრო მექანიზმი) თვითონ გადაწყვეტს ყველაფერს, ისევ ილუზიებში აღმოვჩნდებით. ახლა გლობალური აზროვნებისა და ლოკალური მოქმედების დრო დადგა, როცა აუცილებელია განვითარების პროცესის მიზანმიმართულად მართვა (რეგულირება).

დღეს გვჭირდება „ანალიტიკური ცენტრი“, რომელიც შეიძლება ჰიბრიდულ სტრუქტურად წარმოვიდგინოთ. მხედველობაში მაქვს როგორც მეცნიერთა, ასევე პრაქტიკოსთა სპეციალიზებული ჯგუფი, რომელიც, ვთქვათ, იმუშავებს ეკონომიკის მართვის (რეგულირების) პრობლემებზე. მისი ფუნქციები უნდა იყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზირება, სტრატეგიული დაგეგმვის და მართვის პრობლემების შესწავლა-ანალიზი, განვითარების პროგრამების შედგენის კოორდინაცია. ასეთი სტრუქტურა, ვთქვათ, სოციალურ-ეკონომიკური პროგნოზირებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური (დეპარტამენტი, სააგენტო ან სხვ.) შეიძლება ცალკე ფუნქციონირებდეს ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზაციულ სისტემაში იყოს.

მოსალოდნელია, მავანმა ეს მოსაზრება საბჭოთა საგეგმო კომიტეტის აღდგენის მცდელობად ჩათვალოს. ასეთი ვარაუდი საფუძველს მოკლებულია.

ცნობილია, რომ ცენტრალიზებული დაგეგმვისა და მართვის სისტემის მატერიალური საფუძველი იყო შრომის საზოგადოებრივი დანაწილება სახელმწიფოს ჩარევითა და მიზანდასახულობით, ეკონომიკური საფუძველი _ საკუთრების ერთი გაბატონებული ფორმა. მეცნიერული საფუძველი  _ მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგია (ეკონომიკური თეორია). ამოცანა _ წარმოების საშუალებათა უპირატესი წარმოება, მართვის ფორმა _ სახალხო მეურნეობის განვითარების 5-წლიანი გეგმა, მეთოდი _ ადმინისტრაციული, ნაწილობრივ ეკონომიკური, ასევე, მორალური.

თანამედროვე (შერეული) ეკონომიკის მატერიალური საფუძველია: სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ბაზაზე შრომის საბაზრო, ნაწილობრივ რეგულირებადი დანაწილება, ეკონომიკური საფუძველი _ საკუთრების ფორმების პლურალიზმი (მრავალსუბიექტიანობა), მეცნიერული საფუძველი _ საბაზრო თვითრეგულირებისა და ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების თეორია, ამოცანა _ ეკონომიკური სტაბილიზაცია, საბაზრო წონასწორობა, მართვის ფორმა _ ეროვნული მეურნეობის განვითარების ინდიკატიური გეგმა, სახელმწიფო პროგრამები, ბიზნეს-გეგმები, საერთაშორისო პროექტები, სახელმწიფო ბიუჯეტი, მეთოდი _ საბაზრო, ეკონომიკურ-ადმინისტრაციული.

ასეთი შედარება იძლევა საფუძველს დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება (პოლიტიკა)საბჭოთა სისტემის პოლიტიკისგან თვისებრივად განსხვავდება არა მხოლოდ საერთო განზომილებებით, როლითა და პოზიციებით, არამედ მრავალფეროვნებით, სამართლებრივი, ეკონომიკური, ინსტიტუციონალური ფორმებით, ადმინისტრაციული მეთოდების მოდიფიკაციით, საბაზრო მექანიზმებთან კოორდინაციის მრავალმხრივობით და სხვ.

სწორედ რომ თანამედროვე ინტეგრაციული პროცესების მიზანმიმართულად რეგულირებას სჭირდება პროცესის მონაწილე სუბიექტების ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული გეგმა-სტრატეგია (პროგრამა).

თუ საბჭოთა საგეგმო კომიტეტი გეგმის მონაცემებს თვითონ ადგენდა და რესურსებზე დაყრდნობით ეტაპობრივად განსაზღვრავდა ეკონომიკურ და სოციალურ პარამეტრებს, დღევანდელ პირობებში უნდა გამოვიყენოთ თვისებრივად განსხვავებული მიდგომა: ეკონომიკის განვითარების პარამეტრებს განსაზღვრავს თავად ბიზნესი და სახელმწიფოსთან პარტნიორული ურთიერთობებით ყალიბდება განვითარების საერთო ამოცანა, პრიორიტეტები, მიჯნები. ერთ სიბრტყეზე ყალიბდება სახელმწიფოსა და მეწარმის, მწარმოებლისა და მომხმარებლის, საერთოდ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შეთანაწყობის პროცესი, რაც იძლევა საფუძველს ერთობლივად განისაზღვროს მოქმედების სტრატეგია და საერთო ძალისხმევით მიღწეულ იქნას საბოლოო მიზანი.

ასეთი მიდგომა ადასტურებს დაგეგმვის მრავალმხრივობის, ცვალებადობის (ეტაპობრივი ხასიათი), მრავალვარიანტულობის (კონსენსუსი) შესაძლებლობას, რაც სტრატეგიის განსაზღვრისას უხეშ შეცდომებს გამორიცხავს. ამასთან, იქმნება საფუძველი წინასწარ და უფრო ობიექტურად განისაზღვროს პროპორციები, ტემპები, დარგთაშორისი კავშირების გაღრმავების პრიორიტეტები, გათვალისწინებულ იქნას დარგობრივი, რეგიონული განვითარების ინტერესების დაცვა, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვის შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეს შესაბამისი მექანიზმები (სოციალური პარტნიორობის და სხვ. ინსტიტუტი) სოციალურ-ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის.

გეგმა-სტრატეგიის (პროგრამის), როგორც განვითარების პროცესებზე ზემოქმედების ინსტრუმენტის როლს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი ფორმირების პროცესი _ იგულისხმება ის, რომ მასში მონაწილეობს ათასობით სპეციალისტი, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობებით, პრობლემების ერთობლივად გააზრებით და მათი გადაწყვეტის ოპტიმალური გზების ძიებით ხელს უწყობენ არსებული ინფორმაციის (ცოდნის) უშუალოდ გაცვლას, რასაც კონკრეტული სუბიექტი სხვა შემთხვევაში ვერ მიაღწევდა.

ასეთი გეგმა-სტრატეგიის (პროგრამის) მნიშვნელობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების მაჯისცემას მუდმივად გრძნობდეს სახელმწიფო, საზოგადოება საერთოდ. დიდმასშტაბიანი პროცესების, პროექტების რეალიზაცია რესურსების უკმარისობის, კომუნიკაციების სირთულის გამო ცალ-ცალკე კერძო სუბიექტებს ან სახელმწიფოს გაუძნელდებათ, ამიტომ აუცილებელია კოორდინირება. ამ შემთხვევაში გეგმა-სტრატეგია (პროგრამა) კოორდინაციის მექანიზმის ფუნქციას ასრულებს.

ამრიგად, ეკონომიკური დაგეგმვა, როგორც ჩანს, არის საქმიანობა, პროცესი, რომლის მიზანია ქვეყნის (დარგის, ფირმის, რეგიონის), განვითარების კონკრეტული ეტაპის თავისებურებათა გათვალისწინებით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება. გეგმის (პროგნოზის, პროგრამის) პროექტები, როგორც დაგეგმვის შედეგად წარმოებული პროდუქცია, არ ყალიბდება როგორც დირექტიული (დირექტიულობას მას ანიჭებს შესაბამისი მმართველობითი გადაწყვეტილება). სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის (პროგრამის) ნებისმიერი პროექტი უნდა იყოს ის ორიენტირი, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარების ახალი სივრცის, პრინციპების, პრიორიტეტების და მათი განხორციელების მექანიზმის რეალურად განსაზღვრა-გამოყენებას.

მარტივად რომ ვთქვათ, წარმოების (ეკონომიკის) განვითარების გეგმა ფინანსური გეგმის (ბიუჯეტის) ფორმირების საფუძველია. ამასთან, პირველი _ საორიენტაციო, მეორე კი _ საკანონმდებლო ორგანოს დამტკიცების შემდეგ დირექტიული ხდება.

ამრიგად, განვითარების ეს ორი ფართო გაგებით გეგმა ერთმანეთს ავსებს და ქმნის სტრატეგიული მიზნის განხორციელების საფუძველს.

ამიტომ, კითხვაზე: სჭირდება თუ არა დღევანდელ პირობებში (გლობალიზაციისა და ლოკალიზაციის მიმდინარე პროცესები) ქვეყანას განვითარების გეგმა-სტრატეგია (პროგრამა, ინდიკატიური გეგმა) პასუხი მხოლოდ ერთნიშნაა: აუცილებლად სჭირდება!


ბოლოთქმა



ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის ანალიზი ადასტურებს, რომ საქართველო მსოფლიოში მიმდინარე, რთული და წინააღმდეგობრივი პროცესების ფონზე ახალ-ახალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი გამოწვევების წინაშე დგას. იგი გლობალური პროცესების უშუალო მონაწილე, ჯერ-ჯერობით, მისი ზემოქმედების ობიექტია. ქვეყანამ რთული გზა განვლო, ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ იმედს არ კარგავს. იგი მომავალს რწმენით აყალიბებს, მაგრამ როგორი იქნება იგი, წინასწარ ამის განსაზღვრა მხოლოდ ილუზიების სფეროს განეკუთვნება და არც საქართველოზეა დამოკიდებული.

ჩვენ, სამწუხაროდ, ისტორიულ გამოცდილებას ხშირად ვივიწყებთ. დრომ ბევრი ქვეყანა (ცივილიზაციაც) აღგავა პირისაგან მიწისა. ამასთან, დაგვიტოვა ისტორიული მეხსიერებაც. საქართველო ქარტეხილებში გამოატარა დროსთან ადაპტირების (თავსებადობის) ეროვნულმა ენერგიამ, რომელიც მკაცრი ეპოქების გავლენით დანაწევრებული მეტ-ნაკლები მსხვერპლით უმკლავდებოდა როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორების ერთობლივი მოქმედებით ჩამოყალიბებულ გამოწვევებს. ქართველმა ხალხმა მოახერხა ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნება. ახლა, უფრო მასშტაბურად, დადგა ფორმირებად გლობალურ სივრცეში ქართული ფენომენის თვითრეგულირების უნარის შენარჩუნება-განმტკიცების ისტორიული და საგანგებო ამოცანა.

სამწუხაროდ, ქვეყნის მომავლის განსაზღვრის შეზღუდული არჩევანი გვაქვს _ ორიდან ერთი: ქვეყანამ დროსთან თავსებადობის (ეროვნული ფენომენის გათანამედროვეობით) უნარი შეინარჩუნოს ან გლობალური პროცესების მილევად სახელმწიფო წარმოქმნად იქცეს და დროის მკაცრ (წინასწარ ცნობილ) განაჩენს დაელოდოს.

ურთულესი ამოცანების წინაშე დგას ქვეყანა: ერთის მხრივ, არაეფექტიანი საბაზრო-ეკონომიკური სისტემა, რომელიც განვითარების დეფორმირებულ ფაქტორებზეა დაფუძნებული და ორიენტირებულიც არ არის მაღალმწარმოებლურობაზე, მწვავე დემოგრაფიული სიტუაცია, ცხოვრების დონის მკვეთრი შემცირება, უმუშევრობის მაღალი დონე, უთანასწორობის მზარდი ხასიათი, სოციალური პოლარიზაციის პროცესის გაღრმავება და სხვ.;

მეორეს მხრივ, გულგრილობა, უპასუხისმგებლობა, გათითოკაცების სინდრომი, ინერციით შენარჩუნებული (თუმცა მილევადი) კრიმინალური აზროვნება, სხვის ხარჯზე ყოფნის განწყობა;

მესამე მხრივ, მაღალი ტემპებით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, „გარღვევის სტრატეგიის“ განხორციელების ხელშემწყობი პირობები და ფაქტორები (ხელსაყრელი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გარემო, მსოფლიო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერა, ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება, საბაზრო მენტალიტეტის ჩამოყალიბების მზარდი პროცესი, კერძო სექტორის დომინირებადი მდგომარეობა, საბაზრო ინფრასტრუქტურა და სხვ.).

ასეთი ისტორიული განვითარების თვალსაზრისით, არასტანდარტულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავება-განხორციელებას, რომლის დევიზი უნდა იყოს არა რევანშისტული მიდგომა _ „სისხლი სისხლის წილ“ და განვლილ პერიოდში ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში აღმოცენებული ინტერესების ისევ დაპირისპირება, არამედ განვითარების უკვე ჩამოყალიბებულ პოზიტიურ ფაქტორებზე დაყრდნობით პირადი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“ (ილია).

ამრიგად, ინტერესების (როგორც ასეთის) დაბალანსება უნდა მივიჩნიოთ ეროვნული თანხმობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად, რაც მოამზადებს მყარ საფუძველს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრატეგიის შემუშავება-განხორციელებისთვის.

ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია (განვითარების იდეების, შეხედულებების, ტრადიციებისა და რწმენის სისტემური ერთიანობა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ ფენომენს და თავსებადია ზოგად-საკაცობრიო იდეალებთან), რომელიც განსაზღვრავს მთავარ ეროვნულ იდეას (მიზანს) და ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარების ორიენტაციის სტაბილურობას. მისი განხორციელება უნდა მოხდეს თანმიმდევრულად, ეტაპობრივად (კონკრეტული ამოცანების შესაბამისად) მიზნობრივი პროგრამებით.

მთავარი ეროვნული იდეა, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: საქართველოს სახელმწიფოს ინდენტურობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება-განმტკიცება, ქართული ფენომენის თვითგანვითარების უნარის უზრუნველყოფა, გლობალური პროცესების აქტიურ სუბიექტად გადაქცევა. ეს იდეა ლოგიკურად აერთიანებს ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

ეროვნული კულტურის განვითარება უნდა მივიჩნიოთ ზოგად-ეროვნულ მიზნად. პრიორიტეტებია: პოლიტიკურ სფეროში _ სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება; სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში _ ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების დაჩქარება; სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში _ პოსტინდუსტრიული საზოგადოების შესაბამისი ეროვნული ეკონომიკური სისტემის ფორმირება და ეფექტიანი ფუნქციონირება; მმართველობით-ორგანიზაციულ სფეროში _ ადამიანისელი ფაქტორის რაციონალურად გამოყენება.

საგარეო-ეკონომიკურ სფეროში ქვეყანამ თავისი როლი და შესაძლებლობები ახლებურად უნდა შეაფასოს არა მხოლოდ საკუთრივ, არამედ მსოფლიო განვითარების ძირითადი ფაქტორების (ინტერესების) გათვალისწინებითაც. გეოეკონომიკური უპირატესობის ფონზე განვითარების არა მხოლოდ ხელსაყრელი პირობები ყალიბდება, არამედ იზრდება გამოწვევები და რისკები უსაფრთხოებისთვის.

სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს ევროკავშირის სივრცეში ინტეგრაციასთან ერთად ყველა (სადაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებია) მიმართულებით ურთიერთკავშირების გაღრმავება. ამჟამად საქართველოს აქვს ხელსაყრელი გეოეკონომიკური გარემო ევროპისა და აზიის ქვეყნების ინტრესების შეჯერებისა და საკუთარი ეროვნული მიზნებისთვის გამოყენებით ევრაზიის სივრცეში დამკვიდრდეს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური სუბიექტის ფუნქციებით.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სისტემა (მოდელი) არცერთი სხვა ქვეყნის თარგზე არ უნდა შეიქმნას _ არც ეროვნულ ნაჭუჭში ჩაკეტვა, არც ეროვნული ნიადაგისგან მოწყვეტა. მომავალი მოდელი ეროვნული ფენომენიდან უნდა ამოიზარდოს და დაეყრდნოს ქვეყნის თვითმყოფადობის, ეფექტიანობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემის _ სოციალური პოლარიზაციის ფონზე "ახალ მდიდრებსა" და "ახალი ღარიბებს შორის" ჩამოყალიბებული წინააღმდეგობის (რომელიც პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაზრდის ნიშნებს ავლენს) დაძლევის ერთადერთი გზაა _ ეროვნული ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლება.

ამჟამად, ეკონომიკაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა (სისტემური კრიზისის ქრონიკული ფაზა) წარმოადგენს რთულ კვანძებად ჩამოყალიბებულ პრობლემათა ერთობლიობას, რომელთა გადაწყვეტა ხანგრძლივ პერიოდს, დიდ ინვესტიციებს, თანამედროვე მენეჯმენტს, რაც მთავარია, მთელი საზოგადოების მხარდაჭერას საჭიროებს. აუცილებელია განვითარების ახალი, დროსთან მისადაგებული „გარღვევის სტრატეგია“. რომელიც ჩამოყალიბდება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ფუძემდებლურ პრინციპებზე და განხორციელდება კომპლექსური პროგრამებით.

ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რეკომენდაციები, დასკვნები ეყრდნობა ქვეყნის სტრატეგიული განვითარების (ტრანსფორმაციის) საკუთარ ხედვებს, ანალიზს და არ გამოხატავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოების რომელიმე ჯგუფის მსოფლმხედველობით და მოქალაქეობრივ პიოზიციებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ განხილულ პრობლემებზე საზოგადოებაში არსებულ შეხედულებათა სიმრავლეში შეიძლება გამოითქვას (ან არსებობს) განსხვავებული და, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებიც.

კარგად მესმის, რომ ასეთ რთულ, ერთმანეთთან გადაჯაჭვულ, წინააღმდეგობრივ ტენდენციათა (თავისებურებათა) სფეროში, როგორიცაა: საქართველოში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესები (ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები), ყოველთვის შეიძლება მოინახოს მაგალითები საწინააღმდეგო შეხედულებათა და პოზიციათა დასამტკიცებლად, ამიტომ საჭიროა პირველ რიგში ქვეყნის განვითარების პროცესები წარმოვადგინოთ მთლიანად (ერთიან სისტემად), თავისებურებების, ტენდენციების, კანონზომიერებათა არა ფრაგმენტული, არამედ სისტემური ანალიზით და შევეცადოთ, ობიექტურად განვსაზღვროთ მათი მოქმედების მოსალოდნელი შედეგიც.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია, საზოგადოება რაც შეიძლება ფართოდ ჩაებას ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. ერთად, განსხვავებული აზრების შეჯერება-შეთანხმებით, ხელი შევუწყოთ ერის ინტელექტუალური ძალების (მათ შორის „მთვლემარე“ პოტენციალის) სრულად ამოქმედებას, მათი ნააზრევის განზოგადებას, დროსთან მიმართებაში იმ „ბალავრის ქვის“ შერჩევას, რომელიც საფუძვლად დაედება ქვეყნის განვითარების სტრატეგიას. სახელმწიფომ, საზოგადოებამ, მთელმა ერმა (როგორც „კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა“) უნდა გამოავლინოს ეროვნული ენერგიის, სიბრძნის, პასუხისმგებლობის კონცენტრაციის უნარი და გააცნობიეროს _ რომ „გვეყო ბატონებო ჩვენი აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება, ჩვენი გაჭირვების, გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ“ (ილია).

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელ საქართველოს ამ საგანგებო და ისტორიული მნიშვნელობის ამოცანის შესრულება შეუძლია!



ნოდარ ჭითანავა

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორ 

10-04-2017, 17:14
უკან დაბრუნება