(გამოხმაურება ნოდარ ჭითანავას წიგნზე „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“. თბილისი: “ივერიონი“, 2021)
განსაკუთრებული წიგნი
ქართულმა საზოგადოებამ, მითითებული დასახელებითა და ქვესათაურით - „საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები“ - მიიღო განსაკუთრებული წიგნი, როგორც ავტორის, ისე კვლევის მოტივაციის, მეთოდოლოგიის, ლოგიკის, მოვლენათა დროსა და სივრცეში განფენის თვალსაზრისით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება, მოწიწება და პატივისცემა ავტორის, ბატონ ნოდარ ჭითანავას მიმართ, რომელმაც ცხოვრებისა და მოღვაწეობის სანიმუშო მაგალითი შექმნა. ბატონი ნოდარის ცხოვრება ქრონოლოგიურად ემთხვევა საქართველოს ისტორიაში კომუნისტურ/საბჭოთა, დამოუკიდებლობის აღდგენისა და შემდგომ პერიოდებს.
საბჭოთა პერიოდში მას ჰქონდა დინამიურად მზარდი კარიერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის ჩათვლით, რომელიც მისივე გადაწყვეტილებით შეწყდა, მაგრამ მალევე გაგრძელდა მინისტრის რანგში დამოუკიდებელი საქართველოს დროსაც. 1993 წლიდან მან პროფესიული ცხოვრება მეცნიერებაში/მეცნიერებით გააგრძელა. მეცნიერებაშიც მაღწია აქ არსებულ ყველა უმაღლეს სამეცნიერო ხარისხს, წოდებას,თუ თანამდებობას. 2004 წლამდე იყო საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის (გაუქმებამდე) დირექტორი. ბატონ ნოდარ ჭითანავას მთავარი მიღწევა მეცნიერებაში - მისი აღიარებაა, რისი მიღებაც რიგში - პარტიული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი აღიარების შემდეგ და მის ტოლფასად, გაცილებით ძნელია, სამეცნიერო საზოგადოების ბუნებრივი კონსერვატიზმის გამო!
სწორედ, საქვეყნო აღიარებით, რომელიც ბატონ ნოდარს პირად პასუხისმგებლობის რანგში ჰყავს აყვანილი, არის, ჩემი აზრით, შთაგონებული ამ წიგნის შექმნა. მოტივაცია კი იგივეა, რაც ბაბუა/პაპებს ჰქონდათ ოდითგანვე საქართველოში, როდესაც „ხეჭეჭურს“ რგავდნენ. წინა თაობის გაკეთებული მომავალ თაობას ცხოვრებაში ვალების, განადგურებული ბუნების, გაპარტახებული სამშობლოს სახით კი არა, არამედ სიმდიდრის, ძალის, წესრიგის, ცოდნის, საცხოვრებლად გამოსადეგი გარემოს სახით უნდა დახვდეს! განსახილველი წიგნიც სწორედ ასეთი მოტივაციითა შექმნილი. ის წარმოადგენს, ავტორის მრავალწლიანი კვლევისა და ფიქრის შეჯამებით მიღებული სისტემური და კომპლექსური კვლევაა.
აქ განსაკუთრებულობა კი იმაშია, რომ კვლევაში გარდა მეცნიერული მეთოდოლოგია - ხერხებისა, ჩართულია ერთი უნიკალური ფენომენი - პროფესიული ინტუიციია, რომელიც მეცნიერის მიერ მიიღწევა ცოდნაზე დაფუძნებული ცხოვრებისეული გამოცდილებით. ინტუიციას ყველა მეცნიერი იყენებს, მაგრამ გააჩნია მის ზომას, ანუ იმ საფუძველის მასშტაბს, რაც მას წარმოშობს. ამ მხრივ უნიკალურია ავტორის ცხოვრებისეული გამოცდილების მასშტაბები და მრავალფეროვნება.
გამოცდილება ასაკთან ერთად მოდის. ასაკი, დროს გარდა, სიმძიმეცაა. გამოცდილების გამოყენებისთვის საქმე ასეთი სიმძიმეაკიდებული კეთდება. ამას ვერავინ და ვერასდროს შეძლებს, თუ საზოგადო პირადზე წინ არ დააყენე. მართალია, ეს აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არაა, თუ მხარდამჭერი მიკროსოციუმი - ოჯახი, თანამოაზრეები არ არსებობენ. ამ მხრივ ბატონი ნოდარის ირგვლივ წესრიგია. წინამდებარე წიგნთან დაკავშირებით მაინც გამორჩეული როლი ეკუთვნის მის რედაქტორს - ბატონ იური პაპასქუას. განსაკუთრებული მადლობა მას იდეისათვის, რომ ბატონ ნოდარის ნაკვლევი დიალოგის სახით წარმოადგინა. ეს ექსპერიმენტი, ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის წერილობითი დიალოგებს გვაგონებს, მაგრამ ქართულ სინამდვილეში ორიგინალურია და ხელს უწყობს მკითხველს ავტორის იდეების გაგებაში.
წიგნი განსაკუთრებულია მისი ფილოსოფიის გამო. ესაა წიგნი „გაფრთხილება“: ქვეყანა უამრავი გზით შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ქვეყნის ქართველური განვითარების კეთილი არჩევანისთვის დრო შეზღუდულია. იმისთვის, რომ ჯერ კიდევ „გადარჩენილი“ საგნობრივი და ადამიანისეული პოტენციალი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, რომ ქვეყანა „ განვითარების თვისებრივად ახალ ტრაექტორიაზე გავიდეს“.
წიგნის ლოგიკური ხაზი შემდეგია: პირველი, ესაა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ისტორიის გადმოცემა პროცესების უშუალო მონაწილის მხრიდან. მოვლენების დამოწმებული გადმოცემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შიგნიდან დავინახოთ პროცესები და აქტიორები. მეორე, არსებული სიტუაციის შეფასება და მასში განვითარების შესაძლებლობების დადგენის ცდა. მესამე, ავტორის მიერ დადგენილი ქვეყნის განვითარების შესაძლებლობების გამოყენების გზების ჩვენება.
ამ წიგნს კარგი გზამკვლევის როლის შესრულება შეუძლია ეკონომიკური პოლიტიკის, სტრატეგიული დაგეგმვის შემუშავების დროს. აღნიშნული ნაშრომი, თავისი მიგნებებითა და დასკვნებით, ეკონომიკური პოლიტიკის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლების შესაქმნელად საუკეთესო მასალაა, ხოლო მიწასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სინამდვილისთვის იმ დონეზეა შესწავლილი და იმ სიღრმით, რომ მიწის სახელმწიფო პოლიტიკის რაიმე საკითხის გადაწყვეტა მის გაუთვალისწინებლად, დაუშვებელია.
წიგნის კითხვისას, დიალოგის ფორმა, მართალია აადვილებს აღქმას, მაგრამ ის, რომ კითხვები არაა გადანომრილი,არაა გამოტანილი სარჩევში, ან/და წიგნს არ აქვს ინდექსები, ართულებს მასზე მუშაობას. ეს საერთო პრობლემაა უახლოეს პერიოდის ქართულ სამეცნიერო გამოცემებში. მარტივი ტექსტის დროს, ეს არ იწვევს დიდ უხერხულობას. მოცემულ შემთხვევაში კი, როდესაც ნაშრომის მოცულობა 360 გვერდია, ერთი და იგივე ცნება ან მოვლენა რამდენიმეჯერაა სხვადასხვა კუთხით განხილული, ინდექსების არარსებობა სირთულეს ქმნის ტექსტზე მუშაობისას. ამ საკითხს, თვითკრიტულადაც ვუსვამ ხაზს, რომ დავავალდებულოთ ერთმანეთი სამეცნიერო ნაშრომებისადმი აღნიშნული ატრიბუტის აუცილებლობაში.
მთლიანად, პროფ. ნოდარ ჭითანავას ნაშრომი მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული მოაზროვნე საზოგადოებისთვის და ჩემი აზრით, ვერც ერთი სერიოზული მკვლევარი დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ისტორიის სფეროში, მას გვერდს ვერ აუვლის!
P.S. წიგნში წარმოჩენილ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო სტატიებში ვისაუბრებ.