მილოცვის მთავარი ადრესატი, ბუნებრივია, ჯილდოს მფლობელი, ნიკა ბაძაღუაა, რომელმაც დამსახურებულად მოიპოვა აღიარება, მაგრამ არანაკლები ღვაწლი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის გამორჩეულ რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს მიუძღვის!
სწორედ, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ჩაიკრა გულში“ რამდენიმე წლის წინ აფხაზეთიდან გადმოსული, ეროვნებით აფხაზი, ნიკა ბაძაღუა და ყველა პირობა შეუქმნა საკუთარი ინტელექტუალური რესურსების რეალიზებისთვის!
სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებში მიერ გამოცხადებულ კონკურსზეც - „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“, უნივერსიტეტმა წარადგინა.
მე, ზოგადად, ნიჰილისტურად ვარ განწყობილი ასეთი კონკურსების მიმართ (იგულისხმება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ორგანიზებული კონკურსები), რადგან, გამარჯვებული წინასწარაა ცნობილი. თუმცა, საკონკურსო კომისიის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, ეჭვები ნამდვილად გამიქარწყლა - კომისიამ 12 ღირსეულ ფინალისტს შორის ყველაზე ღირსეული აირჩია და ამით უფრო მეტი სტიმული მისცა ნიკა ბაძაღუას, იღვაწოს ქართველებსა და აფხაზებს შორის ძმობის ხიდის აღსადგენად!
ზემოხსენებული კონკურსის შეჯამება და დაჯილდოების ცერემონიალი გუშინ სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, სადაც თითქმის სრულად იყო წარმოდგენილი პარლამენტისა და მთავრობის მესვეურები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ კონკურსიც და დაჯილდოების ცერემონიალიც, საკმაოდ ეფექტურად იყო ორგანიზებული, რაც, უპირველესად, შერიგებისა და ნდობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქ-ნ თეა ახვლედიანის დამსახურებაა (ნიშანდობლივია ისიც, რომ იდეა ერთი წლის წინ დაიბადა და პირველი გამარჯვებულიც გუშინ გამოვლინდა).
მე, როგორც ნიკა ბაძაღუას უფროსი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი, ბუნებრივია, ნიკას ვგულშემატკივრობდი, მაგრამ, რატომღაც, გულის სიღრმეში მიანც მეეჭვებოდა, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდნენ...
ჩემი ეჭვი გაქარწყლდა. სიხარულის მიზეზი არა ის მატერიალური ჯილდოა, რომელიც გამარჯვებულს ერგო წილად, არამედ, მისი ნიჭის, ინტელექტუალური რესურსებისა და მის მიერ პრაქტიკულად გაკეთებული საქმის აღიარებაა, რომელიც სტიმულს აძლევს და პასუხისმგებლობასაც აკისრებს გამარჯვებულს, რომ მეტი გააკეთოს ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. არადა, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ სახალხო დიპლომატიას და კულტურული ურთიერთობების აღდგენას, ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეუძლია.
ახლა ორიოდე სიტყვით თავად ჯილდოს ადრესატზე:
ნიკა ბაძაღუა 28 წლის ახალგაზრდაა, ეროვნებით აფხაზი. იგი პროფესიით ფილოლოგია (აფხაზური ენა), გარდა ქართულ-აფხაზურ-მეგრულ-სვანურისა, სრულყოფილად ფლობს თურქულ, რუსულ და კავკასიურ ენებს. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა (სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობაში ჩემო მოკრძალებული წვლილიცაა) „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“, ივანე თარბას საიუბილეო კრებული, ჩეჩენი პოეტის, ქაუზ ისაევის პოეტური კრებული (რჩეული), ამზადებს „ქართულ-აფხაზურ-ჩრდილო კავკასიური პოეზიის ანთოლოგიას“, ჩაფიქრებული აქვს სხვა სერიოზული პროექტებიც... რაც ყველაზე ნიშანდობლივია, არის ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის ჭეშმარიტი მეციხოვნე.
ვულოცავ ნიკას ამ გამარჯვებას!
ასევე, გულწრფელად ვულოცავ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის რექტორს, ბ-ნ ზურაბ ხონელიძეს და უნივერსიტეტის სპიკერს, ბ-ნ დავით ჯალაღონიას, რომელიც მონდომებით იყო ჩართული კონკურსისთვის აუცილებელი ფორმალური საკითხების ორგანიზებაში.
P.S. დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ნიკა და სოხუმის უნივერსიტეტის მესვეურები ძალიან აფორიაქებულნი ჩანდნენ - ასე იცის დაფასებამ!
ფორიაქი მეც გადამედო!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი