ივერიონი / გვანჯი მანია: როდის უნდა აღვნიშნოთ ჟურნალისტიკის დღე?!

გვანჯი მანია: როდის უნდა აღვნიშნოთ ჟურნალისტიკის დღე?!

 

ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1997 წელს, როგორც მოგეხსენებათ, ქართული ჟურნალისტიკის დღედ 21 მარტი გამოცხადდა და ეს თარიღი დღემდე უკვე 26-ჯერ აღინიშნა! ამის თაობაზე დაკვირვებულ მკითხველს შეუძლია ნახოს ენციკლოპედია „თბილისი“ (2002) და წაიკითხოს იქ წარმოდგენილი სტატიები: „ჟურნალისტთა ფედერაცია საქართველოსი“, გვერდი 745; „საქართველოს გაზეთი“, გვერდი 798 და „სიხარულიძე აკაკი“, გვერდი 833. 

 

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თაოსნობით ქართული ჟურნალისტიკის დღის დაწესებას, საფუძვლად დაედო XIX საუკუნის დამდეგს რუსეთის იმპერიის კავკასიის მხარის ცენტრში, თბილისში, სახელმწიფოებრიობადაკარგულ საქართველოში მოქმედი ოფიციალური ხელისუფლების მიერ დაარსებული პირველი ქართული გაზეთის - „საქართველოს გაზეთის“ - პირველი ნომერი, რომელიც გამოიცა 1819, ანუ ჩყით წლის 8 მარტს (გაზეთის სათაურის ქვეშ სწორედ ასე წერია: „წელი ჩყით გ.მ.).

 

ამ დროს რუსეთის იმპერატორი იყო ალექსანდრე I (1777-1825), ხოლო კავკასიის სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფალი გახლდათ ალექსი ერმოლოვი (1777-1861). მთელი კავკასიის სივრცეში პირველი პერიოდული გამოცემაც, ცხადია, მათი ნება-სურვილით მოხდა - „მანამდე არსად და არასდროს კავკასიაში ადგილი არ ჰქონია ჟურნალ-გაზეთის გამოცემას. კიდევ მეტი: XIX საუკუნის პირველი მეოთხედის დასასრულამდე მთელი რუსეთის იმპერიაში, გარდა სატახტო ქალაქებისა (მოსკოვი და პეტერბურგი) გამოდიოდა მხოლოდ სამი გაზეთი: ყაზანში, ხარკოვსა და ასტრახანში (უფრო დაწვრილებით იხ. პაატა გუგუშვილი, „ქართული ჟურნალისტიკა“, ტ. I, გვ. 49, თბილისი, 1941; მისივე 1929 წელს გამოქვეყნებული საგაზეთო წერილები - „განათლების მუშაკი“ - #3 და „კომუნისტი“ - #142).

 

რაც შეეხება გაზეთის სახელწოდებას - „იმ დროს, როცა საქართველოს მიწა-წყალი ჯერ კიდევ არ იყო გაერთიანებული, როცა ცალ-ცალკე არსებობდნენ რიგი სამთავროები, როცა საქართველოს ერთი ნაწილი ისევ თურქების ხელში იყო, სახელწოდება „საქართველოს გაზეთი“ საქართველოს ერთიანობის მაუწყებლად გამოიყურებოდა.“ - წერს მიხეილ გოცაძე (იხ. მისი „ქართული ჟურნალისტიკის ისტორია“, I, გვერდი 53, თბილისი, 1954).

 

ახლა მთავარი, რამაც კალამი ხელში აგვაღებინა. საგულისხმოა, რომ ამ დროს რუსეთში მოქმედი იულიუსის კალენდრის მიხედვით, პირველი ქართული გაზეთის დაარსების თარიღს - ძვ. სტილით 1819 წლის 8 მარტს - საქართველოში იულიუსის კალენდრიდან გრიგორიანულ კალენდარზე 1918 წლის 1 მაისს გადასული, ანუ ახალი და დღესაც მოქმედი სტილის მიხედვით შეესაბამება არა 21, არამედ 20 მარტი.

 

ჩვენი ჟურნალისტური დაკვირვება, შენიშვნა ფართო საზოგადოებისათვის უფრო ნათელი რომ იყოს და მსგავსი უზუსტობა, შეცდომა - თავიდან აცილებული, ყოველივე ზემოაღნიშნულის გარშემო კომენტარი ვთხოვეთ ამ დარგის გამოჩენილ სპეციალისტს, ცნობილ ქართველ ასტრონომს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ასტრონომიის დარგში საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებისა და მრავალი ათეული სამეცნიერო-პოპულარული წიგნისა თუ საგაზეთო პუბლიკაციის, აგრეთვე ლიტერატურული კრიტიკის სფეროში გამოკვლევათა  ავტორს, ქართული „ასტრონომიული კალენდრის“  პასუხისმგებელ რედაქტორს 1993 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის გამგეს 1998-2007 წლებში, პოეტს, მთარგმნელს, აგრეთვე ნაბეჭდ პროდუქციაში ქართული ენის ნორმათა დაცვის, მეცნიერული ტერმინოლოგიისა და კალენდარული პრობლემატიკის დარგების აქტიურ მკვლევარს, ბატონ შალვა საბაშვილს.

 

აი მისი კომენტარიც:

 

 „თქვენ მიერ შემჩნეული უზუსტობა დროის აღრიცხვის ხარვეზთა მრავალთაგან მხოლოდ ერთი ნიმუშია. ნაბეჭდ გამოცემებში არაერთი შეცდომაა ბიოგრაფიულ თუ ისტორიულ ფაქტთა დათარიღებაში. მიზეზი ისაა, რომ სათანადო გამოცემათა ავტორები თითქმის არ იცნობენ იმ ასტრონომიულ კანონზომიერებებს, რომლებიც დედამიწის ბრუნვისა და მზის ირგვლივ მისი გარემოქცევის პროცესს ასახავენ,  და რომლებსაც ეფუძნებიან სხვადასხვა კალენდარული სისტემები. მათ გარეშე კი თარიღთა სწორი გადაყვანა ერთი სისტემიდან მეორეში შეუძლებელია. ამ საკითხს მრავალი ასპექტი აქვს, რომელთა გაშუქება აქ ვერ მოხერხდება, ამიტომ დაინტერესებულთ მივუთითებ ჩემს ნაშრომზე: „წელთაღრიცხვის სისტემებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ“, რომელიც დაიბეჭდა აკადემიკოს ევგენი ხარაძის რედაქტორობით გამომავალი „ასტრონომიული კალენდრის“ 1992 წლის გამოშვებაში (გვ. 127 – 144) (გამ-ბა „მეცნიერება“). 

 

ახლა კი საკითხის არსზე გადავიდეთ. 

 

ყოველი კალენდარი უნდა ასახავდეს ბუნების ციკლებს, რომელთა ხანგრძლივობის პერიოდია  ე.წ. ტროპიკული წელიწადი (365 დღე-ღამე, 5 საათი, 48 წუთი და 46 წამი).  ოღონდ, ამავდროულად კალენდარული წელიწადი უნდა შეიცავდეს დღე-ღამეთა მთელ რიცხვს და თანაც დღე-ღამის ერთსა და იმავე მომენტში (ვთქვათ, შუაღამეზე) იწყებოდეს. კალენდრების სრულყოფა ისტორიულად ამ ძნელ მოთხოვნათა სულ უფრო მზარდი სიზუსტით დაკმაყოფილებას ემსახურებოდა.   

 

ცხადია, სხვადასხვა კალენდრებში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა სხვადასხვაა, ამიტომ მათში წლების ათვლაც სხვადასხვა სიჩქარით ხდება. ამიტომაც ერთი და იმავე მოვლენის თარიღი სხვადასხვა კალენდარში სხვადასხვა იქნება. ამას გარდა, ეს სხვაობა სხვადასხვა კალენდარული სისტემით გამოსახულ ერთი და იმავე მოვლენის თარიღებს შორის საუკუნეთა მსვლელობაში იზრდება. ასე რომ, საკმაოდ რთულია თარიღთა ამ სიჭრელეში ორიენტირება.და კიდევ ერთიც - ზოგი კალენდარი აჩქარებულია ბუნებრივ ციკლთა მიმართ, ზოგი კი, პირიქით, შენელებული. ესეც ანგარიშგასაწევია.

 

მსოფლიო ისტორიაში კი  კალენდარულ სისტემათაგან განსაკუთრებული როლი შეასრულა სამმა: 1. ძველეგვიპტურმა, რომლის მიხედვით ყოველი წელი 365 დღისგან შედგება. ეს კალენდარი აჩქარებული იყო -  ყოველ 4 წელში დღეღამტოლობა 1 დღით უფრო გვიანდელ თარიღზე ინაცვლებდა. 2. ამჟამინდელმა ძველმა სტილმა, რომლის ყოველი მეოთხე წელი ნაკიანი იყო (შეიცავდა 366 დღეს), დანარჩენები კი 365-ს. ეს სისტემა შენელებულია: დღეღამტოლობის თარიღები მასში უკან იხევენ, ყოველ 4 საუკუნეში 3 დღით. 3. ე.წ. ახალმა სტილმა, რომელშიც კალენდარული წლის ცდომილება 26  წამამდეა შემცირებული - 1-დღიანი ჩამორჩენა ყოველ 3700 წელიწადში. ახ. სტილმა დღეღამტოლობა მთელ 4 ათასწლეულში ერთ თარიღზე შეაჩერა. წინა სისტემებში კონკრეტული თვე სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა ნაწილში ექცეოდა. 

 

ზემონათქვამის არცოდნა იწვევს ყველა კალენდარულ შეცდომას. დავასახელოთ ზოგი:  1.     1990 წელს გაზ. „კაბადონ-8“-ში დაიბეჭდა მკითხველის წერილი, რომლის ავტორის აზრით, იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღი - 1840 წლის 15 ოქტომბერი ახ. სტილით 28 ოქტომბერს შეესაბამება და არა 27-ს, რაც იხსენიებოდა ყველა წყაროში. ავტორი ითხოვდა „შეცდომის“ გასწორებას. ამავე გაზეთის 1 დეკემბრის ნომერში წერილში „თარიღი სწორია“ მე ვაჩვენე, რომ გასასწორებელი არაფერი იყო.

 

2. 1992 წ. 10 იანვარს გაზ. „თბილისში“ გამოვაქვეყნე წერილი „კალენდარული პრობლემები და გალაკტიონ ტაბიძის დაბადების თარიღი“, რომელშიც ვაჩვენე, რომ სწორი იყო თარიღი 5(17) .XI. 1891 და არა 5(18), როგორც ერთ-ერთი ავტორი ითხოვდა (სტილთა სხვაობა ამ დროს 12 დღე იყო!).

 

3. 1991 წლის 22 მაისს გაზეთმა„ერმა“გამოაქვეყნა საიუბილეო წერილები, საერთო სათაურით „16(29) მაისი: იაკობ ნიკოლაძე 115“. ამავე გაზეთში 5 ივნისს  გამოვაქვეყნე წერილი „როდის დაიბადა დიდი ქართველი მოქანდაკე“, რომელშიც ვაჩვენე, რომ სწორი თარიღი 28 მაისია. 

 

4. ენციკლოპედიური ლიტერატურის შესწავლამ მიჩვენა, რომ ასეთივე ხარვეზებია ათეულობით ბიოგრაფიული თარიღის ახალსტილოვან შესატყვისებში. ეს ხარვეზები დავაფიქსირე პრესაში. 

 

კიდევ ერთ ნიმუშად მოვიტან ამონარიდს ჩემი წერილიდან „წერის მაღალი კულტურისათვის“, წერილი მეოთხე (ლიტერატურული საქართველო, 27. XII. 2013.), რომელშიც ახსნილია მოვლენის ასტრონომიული მხარეც.  

   

„ისტორიული ჟანრის ბრწყინვალე თხზულებაში ამოვიკითხე: „დღე დათქმული აჯანყებისა - 25 მარტი (7 აპრილი) 1625 წლისა, დღესასწაული - ხარება“. ტექსტი გიორგი სააკაძის მხედართმთავრულ ხელოვნებას ეძღვნება და თითქოს საიდან უნდა გაჩენილიყო მასში რაიმე უზუსტობა? ენობრივი ლაფსუსი მასში არცაა, სამაგიეროდ, არის ფაქტობრივი უზუსტობა. კერძოდ თარიღი მოყვანილია ორივე სტილით - ძველითა და ახლით. პირველი - იულიუსის კალენდარია, რომელიც ჩვ. წ-მდე 46 წელს შემოიღო რომის იმპერატორმა იულიუსმა, მეორე კი - გრიგორიუსის კალენდარი, რომელიც 1582 წელს რომის პაპმა გრიგოლ XII დაამკვიდრა და რომელიც იულიუსის წელთაღრიცხვის ერთგვარი დაზუსტებაა. ყველამ იცის, რომ ახალი სტილი 13 დღით უსწრებს ძველ სტილს, ანუ ნებისმიერ ისტორიულ თუ ბიოგრაფიულ ძველსტილოვან თარიღს 13 დღე უნდა დავამატოთ, რათა მისივე ახალსტილისეული თარიღი მივიღოთ. მაგრამ ეს ასე მხოლოდ თანამედროვე ეპოქაშია, სახელდობრ კი 1900 წლის 29 თებერვლიდან 2100 წლის 29 თებერვლამდე. სხვა ეპოქებში კი სიტუაცია სხვაგვარია. 

 

საქმე ისაა, რომ ახალი სტილი უფრო სწრაფი წელთათვლაა, ვიდრე ძველი სტილი (ამიტომვეა იგი მასზე უფრო ზუსტი). მისი წინსწრება ძველი სტილის მიმართ დროთა განმავლობაში სულ უფრო იზრდება. ამაზე ბევრგან დამიწერია და აქ მხოლოდ შევახსენებ მკითხველს, რომ ძველი სტილით ნაკიანია ანუ 29 თებერვალს შეიცავს 4-ის ჯერადი ყველა წელიწადი, ახლით კი ამათგან მარტივ (365-წლიან) წლებადაა გადაქცეული 4-ის არაჯერად საუკუნეთა ბოლო წლები, მაგალითად 1700, 1800, 1900, 2100, 2200 და ა.შ. აქედან კი ჩანს, რომ პაპის რეფორმიდან 1700 წლამდე სტილთა სხვაობა 10 დღე იყო, 1700 წლის მარტიდან იგი გახდა 11 დღე, 1800 წლის მარტიდან - 12 დღე, 1900 წლიდან - 13 დღე, 2100 წლიდან გახდება 14 დღე და ა.შ. ამ ცხრილის შესაბამისად, 1625 წელს ახალი სტილი ძველ სტილს 10 დღით უსწრებდა და არა 13-ით, ამიტომ ამ წლის 25 მარტს ახალი სტილით 4 აპრილი იყო და არა 7 აპრილი. ტექსტიც ამის შესაბამისად უნდა გასწორდეს.“ 

 

ახალი სტილით ძველსტილოვან თარიღთა  გამოსახვისას მუდამ უნდა გვახსოვდეს, რას უდრიდა სტილთა სხვაობა სათანადო ეპოქაში. მაგალითად, დავით აღმაშენებლის გარდაცვალების თარიღი (1125  წლის 24 იანვარი) ახალი სტილით 31 იანვარი იქნება და არა 6 თებერვალი, რადგან იმ ეპოქაში სტილთა სხვაობა 7 დღე იყო და არა 13. იგივე ითქმის დიდგორის ბრძოლაზეც (12 აგვისტო), რომლის ახალსტილოვანი შესატყვისი  19 აგვისტო იქნება და არა 25. რამდენადაც ვიცი, ამ ორი მომენტისთვის  ჯერ ყურადღება არ მიქცეულა. 

 

ახლა თქვენს თხოვნას დავუბრუნდეთ. ყოველივე ზემოთქმულიდან აშკარაა, რომ თქვენ მიერ დასახელებული ძველი სტილით 1819 წლის  8  მარტი ახალი სტილით 20 მარტს შეესაბამება და არა 21-ს, რადგან მე-19 ს-ში სტილთა სხვაობა 12 დღე იყო და არა 13“.  

 

10-03-2023, 11:28
უკან დაბრუნება