,,ხანდახან ღამე გამომეღვიძება ხოლმე და ვფიქრობ, ნეტავ, „რუსთაველში“ ჩემი დაბრუნების ბრძანებას ხელი არ მოაწერონ".
ასე ნახევრად ხუმრობით უპასუხა რობერტ სტურუამ ჟურნალისტებს, მისი რუსთაველის თეატრში დაბრუნების შესახებ დასმულ შეკითხვას.
რეჟისორის თქმით, იგი ძალიან ბევრს ფიქრობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მისი დაბრუნება თეატრში და ჯერ არ იცის, რომელი იქნება პირველი სპექტაკლი, რომელსაც მშობლიურ თეატრში დაბრუნების შემდეგ დადგამს.
,,ეს იგივეა, რომ კაცი 5 წლით დაშორდეს ცოლს, ამ ცოლს ჰქონდეს რომანები და მერე შეურიგდეს. თუ დაბრუნდები ძალიან ახლებურად უნდა დაბრუნდე. მე 75 წლის ასაკში ვარ და არ ვიცი, ჯერ რა უნდა შევთავაზო ჩემს თეატრს და მაყურებელს. ძალიან რთულ ვითარებაში ვარ", - აცხადებს რეჟისორი.
მისი თქმით, ადრეც ძალიან ბევრი უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო მისი რუსთაველის თეატრთან განშორება და აცხადებს, რომ ეს იდიალური წასვლა უნდა იყოს.
,,რუსთაველის თეატრიდან ჩემზე დიდი რეჟისორები გაუგდიათ, ერთიც დახვრიტეს, მე ხელისუფლებამ გამაგდო. თუ ამ ტრადიციას გავითვალისწინებთ, ეს თეატრიდან იდიალური წასვლა იყო. ჩემი თავმოყვარეობა აბსოლუტურად არ შელახულა", - ამბობს რობერტ სტურუა.