შეწყალების კომისიის წევრები დღეს 12:00 საათისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 550 პატიმრის საქმეს განიხილავენ. ეს ის პატიმრებია, რომლებმაც შეწყალებაზე შუამდგომლობის თხოვნით საპატრიარქოს მიმართეს.
ელენე თევდორაძის განცხადებით, საქმეები, რომლებსაც დღეს განიხილავენ, ყველა ტიპის დანაშაულს ეხება. თუმცა, მისი თქმით, კომისია შეწყალებაზე დადებით რეკომენდაციას მთავარი პრინციპების გათვალისწინებით მიიღებს.
„პატიმარს მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ნახევარი, მას უნდა გააჩნდეს ციხის ადმინისტრაციის დადებითი დახასიათება. რა თქმა უნდა, შეწყალებაზე დადებით რეკომენდაციას არ მივცემთ პატიმრებს, რომლებიც სასჯელს მკვლელობის, გაუპატიურების, ნარკოტიკების გასაღების, ყაჩაღობისა და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებისთვის იხდიან“, - განაცხადა თევდორაძემ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თქმით, კომისია უახლოეს დღეებში კიდევ 150 პატიმრის საქმის მიღებას ელის.