თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 9 დეკემბერს, 19:00 საათზე, კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილს უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც დირიჟორობას დავით მუქერია გაუწევს. საღამოზე შესრულებული იქნება კომპოზიტორის მიერ შექმნილი კლასიკური ჟანრის ნაწარმოებები. ღონისძიებაზე პიანისტი გურანდა გაბელაია შეასრულებს კომპოზიტორის საფორტეპიანო ციკლს "ეთნომანია" და საფორტეპიანო კონცერტს "დეჟავიუ". მევიოლინე მანანა დუგლაძე კი შეასრულებს კომპოზიტორის სავიოლინო კონცერტს.
ღონისძიების დაწყებამდე კონსერვატორიის ფოიეში გამოიფინება კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ოთარ ტატიშვილს წლების განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრიზი. მისი შემოქმედების შეფასების საშუალება ჰქონდათ აშშ- ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, რუსეთსა და სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში. ოთარ ტატიშვილი მრავალმხრივი შესაძლებლობების მუსიკოსადაა მიჩნეული. მას უკვე დასრულებული აქვს მეორე სიმფონია და საფორტეპიანო კვინტეტი. კომპოზიტორი წარმატებით მოღვაწეობს საკონცერტო და პედაგოგიური მიმართულებითაც.