"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გარე მოვაჭრეებმა აქცია გამართეს მოთხოვნით, ხელისუფლებამ მათ გარევაჭრობის უფლება 31 დეკემბრამდე მისცეს, მანამ, სანამ მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება და თითოეული გარე მოვაჭრის საქმიანობას შეისწავლიან.
როგორც აქციაზე "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, გარემოვაჭრეები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მათთან დაკავშირებული კანონპროექტი დროულად განიხილოს, რადგან აღნიშნულ საკითხს თითოეულისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ჩხარტიშვილის თქმით, ადგილი აქვს პროვოკაციებს - შიდა ბაზრობის მოვაჭრეები ავიწროვებენ გარეთ მდგომ მოვაჭრეებს.
აქციის მონაწილეთა თქმით, პრემიერ-მინისტრი ხალხს დაჰპირდა დასაქმებას და იმ მოქალაქეების უკან დაბრუნებას, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ. შესაბამისად, დაპირება მათთვის იგივე ანაზღაურების გაცემას ითვალისწინებდა, რასაც ისინი სხვა ქვეყნებში იღებენ. თუმცა, მათი განცხადებით, დაპირება ჯერჯერობით დაპირებად რჩება.
გარე მოვაჭრეების განცხადებით, ისინი ასევე მოითხოვენ სამუშაო ადგილებით დაკმაყოფილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარე ვაჭრობას გააგრძელებენ.