პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მუხაძე გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორია. ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
მუხაძის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ამ წუთებში მასალების გასაცნობად მთავარ პროკურატურაში იმყოფება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირია დაკავებული, თუმცა მედიის წარმომადგენლებისთვის ამ დორმდე მისი ვინაობა უცნობია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ განცხადება 28 ნოემბერს გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, ამ საქმეზე ვინმე სისაური უკვე დააკავეს, ხოლო ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი პატიმრობაში იმყოფებიან.
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განმარტებით, სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული საქმე 2011 წელს შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, თუმცა აღნიშნული საქმის გამოძიება 2012 წლის 14 ნოემბერს განახლდა. საქმის აღძვრას საფუძვლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებები და მოწმეთა ჩვენებები დაედო.