თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა კ. ჩალაძის ქუჩაზე დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობების ქურდობისთვის ძებნილი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს განცხადების თანახმად, დაკავებულია 1970 წელს დაბადებული გაგა ა, რომელიც 2012 წლის 5 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორდუში, ოქროულობის მაღაზიიდან დაახლოებით 6 კილოგრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქურდობისთვის იძებნებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
2012 წლის 5 მარტს, ქალაქ ორდუში, თურქეთის დროით დაახლოებით ღამის 3 საათზე, საქართველოს მოქალაქეებმა - ვახტანგ ფურცელაძემ, ვახტანგ ირემაძემ, მერაბ ლაშქარეიშვილმა, გაგა ავალიანმა და ლაშა გელხვიიძემ საიუველირო მაღაზიაში წინასწარ გათხრილი გვირაბით შეაღწიეს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 639005,6 თურქული ლირის (606799,7 ლარი) ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები, 5000 თურქული ლირა (4748 ლარი) ნაღდი ფული და 4000 თურქული ლირას (3798,4 ლარი) ღირებულების იარაღი გაიტაცეს.