სიღნაღის მოსახლეობა დიდთოვლობის გამო სასმელ წყალს შეფერხებით მიიღებს.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, მწყობრიდან გამოვიდა სიღნაღის "ნასომხარის" სატუმბო სადგურზე არსებული #1 ჭაბურღილის ტუმბო-დანადგარი, რის გამოც დროებით 24-საათიან რეჟიმში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება შეფერხებულია.
დაზიანების სალიკვიდაციოდ მობილიზებულია სიღნაღის სერვისცენტრი და წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ფილიალის საავარიო ბრიგადები. უამინდობის გამო ხეობაში, სადაც დამონტაჟებულია ტუმბო-დანადგარი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ტექნიკა გადაადგიილებას ვერ ახერხებს.
"სერიოზული პრობლემის მიუხედავად, ვცდილობთ სიღნაღის მოსახლეობის 80%-ს შეუფერხებლად, 24 საათის განმავლობაში მივაწოდოთ სასმელი წყალი, ხოლო დარჩენილი 20% წყალს 14-16 საათის განმავლობაში იღებს. უახლოეს დღეებში ჭაბურღილის მუშაობა აღდგება და სიღნაღის მოსახლეობა ჩვეულ რეჟიმში, 24-საათიანი გრაფიკით მიიღებს სასმელ წყალს", - განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონულმა მენეჯერმა ფარნა მაყაშვილმა.