დღეს პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისთანავე, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინიციატივით, დეპუტატებმა 3 წლის წინათ „დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად ქუთაისში, პარლამენტის ამჟამინდელი შენობის ადგილზე დაღუპული დედა-შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ვიდრე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე გადავალთ, მინდა გავიხსენო ტრაგედია, რომელიც სამი წლის წინ იმ ადგილზე მოხდა, სადაც პარლამენტის შენობაა განთავსებული. მაშინ უბედურ შემთხვევას დედა-შვილი ემსხვერპლა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ ტრაგედიის მსხვერპლნი და წუთიერი დუმილით პატივი ვცემთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია.
„იმედი მაქვს, ისინი, ვისაც მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებათ, მთელ მსოფლიოში სათანადო დასკვნებს გამოიტანენ”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.