ივერიონი / ბატონო ბიძინა, შექმენით ოპოზიცია!

ბატონო ბიძინა, შექმენით ოპოზიცია!

ივანიშვილი ჯერ კიდევ არჩევნებამდე აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან წელიწადნახევარში პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებდა და თავისივე მთავრობას ოპოზიციაში ჩაუდგებოდა. ეს განზრახვა მან სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისევ გაიმეორა და ღიად დააფიქსირა, რომ ამ მოკლე დროში შეეცდება ქვეყანაში სიტუაცია დაალაგოს და პროფესიონალური გუნდი დატოვოს.


დღეს უკვე ბევრს მარჩიელობენ იმაზე, ვის მოიაზრებს იგი თავის მემკვიდრედ და ვინ იქნება მისი ფავორიტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. სახელდება რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ეს უფრო ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება და მასზე ყურადღების გაკეთება არც ღირს.
რატომ გადაწყვიტა გამარჯვებული კოალიციის ლიდერმა ასეთ მოკლე დროში დატოვოს პოლიტიკა და რა მიზანს ემსახურება მომავალში მისი სამოქალაქო სექტორში გადასვლა?! ცხადია, ამაზე პასუხი მარტო ბიძინა ივანიშვილს ექნება, რომელსაც, ალბათ, საიდუმლოდ ინახავს. ამჯერად ერთი რამ შეიძლება ითქვას, ივანიშვილი ნამდვილად არ არის ის ნატურა, აღებული პასუხისმგებლობის შეეშინდეს, ან ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად და გაუაზრებლად მიეღო. მე უფრო სხვა კითხვა მაწუხებს, რომელიც ნებისმიერ მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს: რატომ გადადის იგი თავისივე მთავრობის ოპოზიციაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ორწელიწადნახევრით ადრე? რამდენიმე ვერსია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სარწმუნოდ შემდეგი მიმაჩნია: ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილი იკავებს ოპოზიციურ ნიშას, რომელიც დღეს სამწუხაროდ დასუსტებულია (`ნაცმოძრაობა~ იძულებითი ოპოზიციაა) და ღმერთმა იცის, გახდება თუ არა საერთოდ სიცოცხლისუნარიანი. ივანიშვილის მთავარი კოზირი ფული, ანუ მისი პირადი კაპიტალია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა "ნაცების" დამარცხებაში. სწორედ ეს კაპიტალი არ უტოვებს შანსს თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებს მყარად დადგნენ ფეხზე და ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს ღირსეული ოპონირება გაუწიონ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. კარგია ეს თუ ცუდი? რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რადგან ერთპარტიულ მმართველობას (მიუხედავად სხვადასხვა პარტიული კუთვნილებისა დღეს `ქართული ოცნება~ ერთპარტიული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს) არასდროს მოუტანია სიკეთე ქვეყნისთვის, მითუმეტეს, თუ ეს პოლიტიკური გუნდი დიდხანს იქნება ხელისუფლების სათავეში.


რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში ივანიშვილმა? ხელი უნდა შეუწყოს ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებას, ან თვითონ გადავიდეს ოპოზიციაში და ამით დააბალანსოს პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში.


ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდის, საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ეს ერთი მხრივ გამოიწვევს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, რომელიც საზოგადოებრივი კონტროლის ფუნქციას შეასრულებს და ხელისუფლებას კანონიერების ჩარჩოდან გამოსვლის საშუალებას არ მისცემს. მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებას.


თუ ობიექტურად განვსჯით, დღევანდელი სამოქალაქო სექტორი საკმაოდ სუსტია და იგი საზოგადოებრივი კონტროლის ფუნქციას ვერ ასრულებს, რაც ნათლად ჩანდა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ივანიშვილის გადაწყვეტილება გვაფიქრებინებს, რომ იგი ამ სექტორის გაძლიერებას აპირებს და ამისთვის სათანადო წინაპირობებსაც შექმნის. თუმცა, რა სახით ჩამოყალიბდება მისი არასამთავრობო სტრუქტურა და რა მიმართულების მატარებელი იქნება იგი, ჯერჯერობით უცნობია.
ვინაიდან მოქმედი პრემიერი თავის საპრემიერო ვადას ამცირებს და ოპოზიციაში, ანუ სამოქალაქო სექტორში მიდის, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი არასამთავრობო სტრუქტურა მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება.


მე ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი, რომ ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის გაძლიერების მიზნით, სასურველი იქნებოდა შეგვექმნა საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც სხვადასხვა პროფესიის თვალსაჩინო ადამიანების ერთობლიობა იქნება და რომელსაც საზოგადოება ნდობის მანდატს მისცემს.


საზოგადოებრივი დარბაზი არჩევითი ორგანო უნდა იყოს, რომლის საქმიანობა მკაცრად იქნება განსაზღვრული სათანადო რეგლამენტით. დარბაზში ბუნებრივია უნდა გაერთიანდნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. დარბაზი თავისი წარმომადგენლებისგან შექმნის მუდმივმოქმედ საბჭოს და აირჩევს თავმჯდომარეს. შეიქმნება დარგობრივი კომისიებიც, რომელსაც დარგის კვალიფიციური სპეციალისტები უხელმძღვანელებენ. დარბაზს უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ახდენდეს კანონპროექტების ექსპერტიზას და დებდეს სათანადო დასკვნას ამა თუ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით, ეს იქნება ხელისუფლების ალტერნატიული საზოგადოებრივი სტრუქტურა, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ხელისუფლებისვე საქმიანობას.


რაც შეეხება დარბაზის ფინანსურ უზრუნველყოფას, ძირითადად შემოწირულობებით უნდა იარსებოს, რაშიც საქმიანი წრეების მხარდაჭერა იგულისხმება. ამაში დიდი როლის შესრულება მოქმედ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, რომელიც ხვალ-ზეგ სამოქალაქო სექტორში გადასვლას აპირებს. გავბედავ და ვიტყვი: კარგი იქნება, თუ თავად ივანიშვილი გახდება აღნიშნული დარბაზის შექმნის ინიციატორი, რომელსაც პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში თვითონვე უხელმძღვანელებს.
თუ ბატონი ბიძინა ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას აპირებს, რომელიც იქნება ხელისუფლების მძლავრი და ღირსეული ოპონენტი, აქედანვე უნდა იზრუნოს აღნიშნული სექტორის გააქტიურებაზე. რაც შეეხება საზოგადოებრივ დარბაზს, ვფიქრობ, გამოჩნდება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სიამოვნებით იტვირთავს ამ მეტად საპატიო მისიის შესრულებას.


მე კი, ჩემის მხრივ უნდა მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს: ბატონო ბიძინა, ხელი შეუწყვეთ საზოგადოებრივი დარბაზის შექმნას, რაც თქვენის მხრიდან კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება!


ზაურ ნაჭყებია

29-10-2012, 11:43
უკან დაბრუნება