ივერიონი / დავით სერგეენკოს მოულოდნელი „გასროლა“!

დავით სერგეენკოს მოულოდნელი „გასროლა“!

    მოკლედ, ხალხს სალაპარაკო და სადარდებელი არ გამოელევა, ახლაც ისეთი თემა შემოაგდეს, არა მარტო საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს, არამედ, მის გამოცარიელებულ ჯიბესაც ხეირიანად ურტყამს.
   დიახ, ერთი  "გასროლით" ივანიშვილის ქებულმა მინისტრმა  (რომლის მიმართ საზოგადოებასაც სიმპათიები ჰქონდა) დავით სერგეენკომ რამდენიმე კურდღელი ერთდროულად მოკლა - ჩვენს ჯანმრთელობაზეც  "იზრუნა" ( აბა ურეცეპტოდ  წამლის აღება ხომ საზიანოა) და ფაქტიურად უფუნქციოდ დარჩენილ ექიმებსაც საქმე გამოუჩინა - რეცეპტის გამოსაწერად ისეთი რიგი დადგება, დედა შვილს რომ ვერ აიყვანს!
  მყარ არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ (არადა , სერგეენკოს განმარტება ძალიან უსუსურია) , ჯერჯერობით  არ ვიცით, ექიმთან ვიზიტი ფასიანი იქნება  თუ უფასო.
  ბუნებრივია, რეგულაცია ნებისმიერ სფეროს  სჭირდება, მაგრამ სახელმწიფომ ისეთი მეთოდი უნდა მოიფიქროს, საზოგადოებას ხელოვნური (დამატებითი) ბარიერები არ შეუქმნას და მის დაცარიელებულ ჯიბეზეც არ იმოქმედოს!
 ეს თითქოს წვრილმანი დეტალია, მაგრამ  ამ "წვრილმანის"  მიღმა სწორედ  ის პოლიტიკა დგას, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს და რომელიც ისედაც გაძვალტყავებული ხალხის ყოფითი პრობლემების კიდევ უფრო დამძიმებას უწყობს ხელს.
  სერგეენკოს მოულოდნელი "გასროლა", საზოგადოებას დისკომფორტს რომ შეუქმნის, ეს უკვე სადაო არ უნდა იყოს!
 ჩვენ კი სოციალურ ქსელში მუშტების ქნევით და   მთავრობის "სამარცხვინო ბოძზე" გაკვრით ვართ დაკავებულები. მატარებელი კი... მიქრის  და მიქრის!
ანდრია ლისაშვილი

14-08-2014, 11:01
უკან დაბრუნება