სასკოლო სახელმძღვანელოების 80% დაბეჭდილია და საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში გადანაწილდა. მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სკოლებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესს პირადად დაესწრო.
უწყების ცნობით, ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, პაკეტი საუკეთესო მდგომარეობის წიგნებით არის დაკომპლექტებული და ყველა მოსწავლეს გადაეცემა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლიდან "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას" ახორციელებს. 2014 წელს სახელმწიფო 509 651 მოსწავლეს გაუმჯობესებული ხარისხის სახელმძღვანელოებსა და სამუშაო რვეულებს უსასყიდლოდ გადასცემს.
სამინისტროს ცნობით, 2014 წლის მთავარი სიახლეებია - შემცირდა სახელმძღვანელოების წონა; გაუმჯობესებულია ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი; პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელო დაიბეჭდა თანამედროვე სპეციალურ საბეჭდ ქაღალდზე, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით.