"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.
პუტინის თქმით, სამშვიდობო გეგმა მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრისას განიხილა. პრეზიდენტები 26 აგვისტოს, მინსკში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, შეხვედრას "უშედეგო" უწოდეს. თუმცა, მოგვიანებით რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, - "პოროშენკოსთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეს ტრაგედია რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, მშვიდობიანი გზით და მოლაპარაკებების საშუალებით."
პუტინის განცხადებით, სამშვიდობო გეგმა უნდა შეიცავდეს "არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს, არამედ საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზების საკითხებს და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სახელმწიფოებრიობის საკითხებს, რისი მიზანიც ხალხის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფა იქნება,"-განაცხადა პუტინმა.
უკრაინის კრიზისის შესახებ საუბრისას პუტინმა, ასევე, განაცხადა, - "ეს ყველასთვის კარგი გაკვეთილია, რათა აღარ მოხდეს ისეთი შეცდომის კიდევ გამეორება, რაც უკრაინაში ძალაუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ეს პირველი მიზეზია იმისა, რაც დღეს ხდება",-განაცხადა პუტინმა.
შაბათს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში კრიზისის ესკალაციიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს მოამზადებენ.