საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში იმყოფება. 8-9 სექტემბერს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მეოთხე არაფორმალური დიალოგის ფარგლებში 7 წევრი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები იმართება.
დღეს დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში კახა კალაძე დაესწრება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობენ: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ენერგოკომისარი გიუნტერ ოტინგერი, კომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე, უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის ინდუსტრიის მინისტრი იური პროდანი, მოლდოვის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ადრიან ქანდუ და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი.
მხარეები განიხილავენ "სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის" განვითარების მნიშვნელობას, როგორც ევროპის ენერგომომარაგების ალტერნატიულ დერეფანს.