გიგი უგულავა მისი სახელით გავრცელებულ წერილს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს: "მინდა ვურჩიო ხელისუფლებას, რომ როცა მთავრობის წევრები საუბრობენ სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაზე ეს დამღუპველად მოქმედებს ქვეყნის ისედაც სტაგნაციაში მყოფ ეკონომიკაზე" .
"უკვე მეორეჯერ მიწევს რაღაც გაურკვეველი კორესპოდენციის უარყოფა, პირველად ეს ჩვეულებრივ გართობად აღვიქვი, ახლა როცა მეორე წერილიც გავრცელდა, ჩემი სახელით, ვხედავ რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა. პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ერთის მხრივ გრძნობს მომწიფებულ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, ხოლო, მეორეს მხრივ, სწორი დასკვნების გაკეთების ნაცვლად, გადაბრალების ობიექტს ეძებს და "კუდიანებზე ნადირობის" მორიგ კამპანიას გეგმავს. კვლავ ვაცხადებ, რომ კორესპოდენცია მე არ მეკუთვნის! მინდა ვურჩიო ხელისუფლებას, რომ როცა მთავრობის წევრები საუბრობენ სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაზე ეს დამღუპველად მოქმედებს ქვეყნის ისედაც სტაგნაციაში მყოფ ეკონომიკაზე. ეს კი უმუშევრობისა და კრიმინალის ზრდას იწვევს. არ ვიცი რამდენად აქვს აზრი რჩევა მისცე ისეთ მთავრობას, რომელსაც სჯერა "ასავალ-დასავალის" ხოლო, "NDI"-ს არა, მთავრობას, რომელმაც მართალია სხვისი სახელით წერა ისწავლა, მაგრამ კითხვისა და სწორი დასკვნების გაკეთებისგან ჯერ შორსაა. ჩემის მხრივ მინდა განვაცხადო, ჩემს ოფიციალურ განცხადებად ან წერილად შეგიძლიათ მიიჩნიოთ, ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, გავრცელებული განცხადებები, ასევე, ჩემი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებები. სხვა ყველაფერი, ივანიშვილის ბელეტრისტიკაა!