7-8 ოქტომბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 29-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.
"ქართული მხარე მოლაპარაკებებზე ყურადღებას გაამახვილებს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ზონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევების გამო", - აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს განცხადებით,, მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის თაობაზე, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავების საკითხს.
მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული.
"არ არის გამორიცხული, რომ ისე, როგორც წინა რაუნდის დროს, გარკვეული დესტრუქციული ქმედებები იყოს და ერთგვარად მოხდეს ფორმატის შეცვლის მცდელობა. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ ფორმატი. ანუ ჟენევის დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი მთავარი საკითხი, რაც არის ძალის არგამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება იყოს განხილული",-აცხადებს ზალკალიანი.