საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ახალი სავიზო პოლიტიკით გამოწვეულ ხარვეზებს აკვირდებიან და მათ აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
ახალ სავიზო პოლიტიკასთან დაკავშრებით, როგორც ფანჯიკიძე აცხადებს, საკონსულო დეპარტამენტსა და საკონსულოებს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა.
"დავაკვირდით, თუ სად არის ხარვეზები, სად არის გამოსასწორებელი და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მაგალითად, გეტყვით, რომ განსაკუთრებით დიდი ნაკადი მიაწვა რამდენიმე საელჩოს, იმ საელჩოებში ჩვენ გავგზავნეთ დამატებით თანამშრომლები, ჯერჯერობით სამივლინებო საფუძველზე, ხოლო შემდეგ ვფიქრობთ, იმ საკონსულოებში შესაბამისი შტატების დამატებას. საგარეო საქმეთა სამინისტროში საკონსულო დეპარტამენტი და ჩვენი საკონსულოები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ",-განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსნებთ, რომ 1 სექტემბრიდან, საქართველომ სავიზო რეჟიმი შეცვალა. უვიზოდ საქართველოში ყოფნის ვადა შემცირდა და ის 360 დღის ნაცვლად 180 დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის ერაყსა და ირანს გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან.