საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ალასანიამ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესსექტორისთვის ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, საერთაშორისო მშვიდობის პროცესში საქართველოს წვლილზე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
"ვისაუბრეთ, თუ როგორ ვითარდება საქართველოს უსაფრთხოება, რას უნდა ველოდოთ NAთO-საქართველოს სამიტის შემდეგ. ყველას კარგად გვესმის, რომ, თუ არ იქნება უსაფრთხოება, ქვეყანა თუ არ იქნება დაცული და ქვეყნის თავდაცვაში თუ არ ჩაიდო სახელმწიფოსგან ინვესტიცია, ეკონომიკური განვითარება და სოციალური კეთილდღეობა ვერ განხორციელდება. ძალიან კარგად ესმით ჩვენს ბიზნესმენებს, ამერიკელებსაც, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლიტიკაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით შედგა.