პროკურატურის მიერ დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას, გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის და მე-4 ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები საჯარო გახდება. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი 6 სამხდრო მოსამსახურის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ედებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა და სისიხლის სამართლის კოდექსისი 333-ე მუხლით ისჯება.
,,ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან, ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს დანის ტარი თავში ჩაარტყა და ვაზიანში დისლოცირებულ მე-4 ბრიგადაში გადაიყვანა. იქ მათ ბრიფინგის ოთახში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს სამხედრო მოსამსახურეებს, რის შემდეგაც დაზარალებულთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა გაგრძელდა მე-4 ბრიგადის პირადი შემადგენლობის 20-30 კაცის წინაშე ეზოში, ე.წ. ,,პლაცზე" მოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ," - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის დაკავებულთაგან მხოლოდ ბაჩანა ახალაიაა დაკითხული, ხოლო დაზარალებულთაგან მხოლოდ 5 პიროვნება, რადგან ინცინდენტის დროს დაზარალებული ერთი სამხედრო საქართველოში არ იმყოფება.
პროკურორის თქმით, პროკურატურაში უამრავი განცხადებაა შესული და შესაძლოა, უახლოეს მომავალში სხვა მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.