საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბარაკ ობამას 2012 წლის 6 ნოემბრის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით, მისალოცი წერილი გაუგზავნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისალოც წერილში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო პოსტზე უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებისას წარმატებას უსურვებს.
ბიძინა ივანიშვილი, ქართველი ხალხის სახელით, მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმ წვლილის გამო, რომელიც მან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეიტანა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, კვლავაც გააგრძელებს გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას იქ, სადაც გაერთიანებული ძალისხმევის საჭიროება იქნება.