ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების უკრაინაში შესაძლო დანიშნებს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ეხმიანება და მმართველ გუნდს ურჩევს ყველა საკითხს ნუ გააპოლიტიზირებენ
-"ექს–მინისტრი სანდრო კვიტაშვილი, რომელიც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდა, უწესიერესი ადამიანია. რა იდგა იმის უკან, რომ ბატონი სანდრო დაესახალებინათ ან სხვა – ეს უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია. მათ მიაჩნიათ, რომ ეს გამოყენებადი რესურსია. რამდენად გაამართლებს, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ ფაქტი ერთი რამაა - ეს შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, ასე ვთქვათ, გამყარებისთვის იყოს გამოყენებული და საერთო მიზნებისკენ სვლისთვის. არ შეიძლება ყველაფრის ასე პოლიტიზირება. მარტივად რომ ვთქვათ, "გაატარე" რა რაღაც-რაღაც თემები, ყველასთან ნუ გაიფუჭებ ურთიერთობას. ასეთი სიბეცე არ შეიძლება!",- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა "არჩევანის" სტუდიაში.
მისივე თქმით დღეს "პრეზიდენტის ლანძღვაში კონკურსია გამოცხადებული".
-"საქართველოს ხელისუფლებას და ბატონ ბიძინას არ მოსწონს კონსტიტუცია და პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებები. თუმცა ეს არაფერს ცვლის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პრეზიდენტის ლანძღვაში შეჯიბრია გამოცხადებული, ის ფაქტი, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მმართველ კოალიციას არსებული კონსტიტუცია არ მოსწონთ, კონსტიტუციით პრეზიდენტის მიმართ მინიჭებულ უფლებებზე უმრავლესობის რეაგირებაა".