112-მა საქართველოს აეროპორტებში საინფორმაციო სტენდები განათავსა. სამსახურის მუშაობის სპეციფიკის დეტალურად გაცნობის მიზნით აღნიშნულ სტენდებში საინფორმაციო ბროშურები და ფლაერებია მოთავსებული.
112-ის პრესცენტრის ცნობით, მსგავსი საინფორმაციო სტენდების განთავსება აეროპორტებში მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში შემოსულმა ნებისმიერმა ტურისტმა მიიღოს ინფორმაცია 112-ზე დარეკვის წესის, დაკავშირების შესაძლებლობების შესახებ და იცოდნენ, სად დარეკონ, როდესაც საჭიროა საპატრულო, სახანძრო-სამაშველო თუ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება.
პროექტის ფარგლებში საინფორმაციო სტენდები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და მესტიის აეროპორტებში განთავსდა.