ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: პირველი სოლოკრატიული ბიუჯეტი ანტიქართულია!

მიხეილ ჯიბუტი: პირველი სოლოკრატიული ბიუჯეტი ანტიქართულია!

ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს  მთავრობის ერთ რიგით  განკარგულებას:

 


„საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2563
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი


სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტისათვის“ ა(ა)იპ – „ორიჯინ- საქართველოს“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“, საკუთარი სახსრებით დააფუძნოს ა(ა)იპ – „ორიჯინ-საქართველო“ (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.).


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი“


https://matsne.gov.ge/ka/document/view/3071879



ახლა მოვიმარჯვოთ ლექსიკონი და გავარკვიოთ რის დაფუძნებას დაეთანხმა საქართველოს მთავრობა?!

„ორიჯინ“ -ასეთი სიტყვა ქართულ სიტყვათა  განმართებით ლექსიკონში არ იძებნება. თუ დავუშვებთ, რომ ის სიტყვათა შერწყმითაა მიღებული, მაშინ გასაგები ხდება - საუბარია „ორი“ „ჯინ“-ის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მთლიანად დასახელება იწვევს დაბნეულობას. საიდანაა ეს „ორი ჯინი“ გამოშვებული და ის საქართველოს მნიშვნელობისაა, თუ საუბარია საქართველოში ორ ჯინზე?!

იქნებ აქ საუბარია სულ სხვა ფაქტზე: საქართველოს ვიღაცის „ორი“ „ჯინ“-ი ჭირს?

ამ გაუგებრობაში ოდნავ გარკვეულობა შეაქვს „საქპატენტის“ ვებ-გვერდზე მოცემულ ინფორმაციას, სადაც ვგებულობთ, რომ  „საქპატენტმა და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დააფუძნეს ა(ა)იპ „ორიჯინ-ჯორჯია“(ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.), რომლის მიზანია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ქვეყანაში კონკურენტუნარიანი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.“

http://www.sakpatenti.org.ge/print.php?sec_id=17&lang_id=GEO&info_id=1128

ამ გარკვეულობამ ახალი და  კიდევ მეტი გაურკვევლობა წარმოშვა: მთავრობის განკარგულებით უნდა შექმნილიყო  ა(ა)იპ – „ორიჯინ - საქართველო“ და შეიქმნა ა(ა)იპ „ორიჯინ-ჯორჯია“?

აქ უკვე სახელმწიფო უწესრიგობა ჩანს!

უწესრიგობის კიდევ უფრო დიდი მაჩვენებელია ის, რომ მთავრობის განკარგულებით მიეცა  თანხმობა „სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“, საკუთარი სახსრებით დააფუძნოს ა(ა)იპ – „ორიჯინ-საქართველო““, მან კი სულ სხვა სახელით და  ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დააფუძნა აა(ა)იპ „ორიჯინ-ჯორჯია“?!

ფაქტობრივად, მთავრობის  განკარგულება თავდაყირა „შესრულდა“, ანუ 100%-ით არ შესრულდა. განკარგულებით გამოტანილი ორივე გადაწყვეტილება დაირღვა.

რატომ დაიპარტნიორა საქპატენტმა ღვინის ეროვნული სააგენტო?!

ცნობისთვის: ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს სსიპ-ია: სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

http://georgianwine.gov.ge/geo/text/83/

აღნიშნული სააგენტო თავისთავად ერთ-ერთი მოწესრიგებული სახელმწიფო სტრუქტურაა დღევანდელ საქართველოში, მაგრამ რატომ მოხვდა ამ გაუგებრობაში? რატომ უნდა ხარჯოს მან საქპატენტის ფული? თუ იმიტომ, რომ ადგილწარმოშობის დასახელების გარკვევაა საჭირო ღვინოსთან დაკავშირებით, მაშინ  ადგილწარმოშობის დასახელების საკითხები წყალთან, ყველთან, ჩურჩხელასთან დაკავშირებით უნდა გამხდარიყო მიზეზი წყლის, ყველის, ჩურჩხელის და ა.შ. ასოციაციების, სიპების, ორგანიზაციების თანადამფუძნეობისა.

ამ მიმართულებით მსჯელობას აღარ გავაღრმავებ (თუმცა, ეს საკითხი საერთოდ მისატოვებელი არ არის!), რაგდანაც ის გვაშორებს მთავარ სათქმელს.

აღმოჩნდა,  რომ  აღნიშნული ახალი ა(ა)იპ-ის ნამდვილი სახელია „Origin – Georgia”, ყველა ზემოთ მოტანილი კი მისი ქართულად თარგმნის ნაყოფია: გრიგორი, „ონ ჟე“, გრიშა, „ონ ჟე“, გოშა-ს მსგავსად.

საქმე ყოფილა შემდეგში:

„Origin – Georgia”

ანუ Origin - წარმოშობა

Georgia -საქართველო

კარგი საქმე - საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნით პროდუქტების დაცვა - ადგილწარმოშობის დასახელების    დადგენა - რატომ უნდა იქცეს საქართველოს იდენტობის გამსაზღვრელი დასახელების-საქართველოს - ქვეყნის სახელისა და მისი სახელმწიფო ენის - ქართულის დაკნინების საშუალებად?!

შეიძლება შემამსუბუქებელი მიზეზი (არა საპატიო!) იყოს ის, რომ მთავრობის ხსენებული  განკარგულების მიღების დროს საქართველოს კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ მართალია იყო მიღებული (მიღებულ იქნა 22.07.2015), მაგრამ ძალაში არ იყო შესული!

რა შეიცვალა 2016 წლის 1 იანვრიდან კანონის ძალაში შეცვლის შემდეგ?

საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ქართულისადმი და ქართველებისადმი ზემოთ მოტანილი დამოკიდებულება  კიდევ უფრო განვითარებულია და „ორიჯინ - საქართველო“ დასახელება ბრჭყალების გარეშეა მოტანილი.

ბიუჯეტის ქართველი მკითხველი მიხვდება, რომ ეს „ორიჯინი“ ვიღაც საპატივცემულო არსება ყოფილა, რომელსაც ქართველები ბიუჯეტიდან ფულს ვუხდით!

ზემოთმოტანილი მსჯელობა იმ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად კი არ არის მოტანილი, რომ ხელისუფლება დანაშაულს ჩადის ქართული ენის (რადგან, ეს ენა კანონით სახელმწიფო ენაა, ამდენად ქართული სახელმწიფოს) წინაშე, არამედ, იმის საჩვენებლად, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ერთი  არაქართული სიტყვის გამოყენებამ.

ხოლო იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო არის კანონის უზენაესობის პრინციპის დამრღვევი, ადასტურებს ხელისუფლების ყველა იმ ინსტიტუტის წარმომადგენლები თავიანთი მონაწილეობითა და ხელმოწერით, ვინც მიიღო საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

საქართველოს კანონით „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თავი VI. საქართველოს სახელმწიფო  ბიუჯეტის  ასიგნებები. მუხლი 15.  საქართველოს სახელმწიფო  ბიუჯეტის  ასიგნებები)  საბიუჯეტო კლასიფიკაციის  62 00 კოდით    საქართველოს  სახელმწიფო   ბიუჯეტიდან   ასიგნების სუბიექტია სსიპ -  სახელმწიფო  ენის  დეპარტამენტი.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში  სსიპ -  სახელმწიფო  ენის  დეპარტამენტის ასიგნების გრაფაში 2017 წლისათვის განსაზღვრული თანხა შეადგენს 0 ლარს!

0 ლარი სახელმწიფო ენის განვითარებისთვის არის ქართული სახელმწიფოსადმი ხელისუფლების ნულოვანი დამოკიდებულების გამოხატულება!

(აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია  არა მარტო მმართველმა პარტიამ და მისმა დეპუტაციამ, არამედ - არც  ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, თუ დეპუტატმა. ვითომ ვერ შეამჩნიეს?)

თუ ზემოთ ნათქვამს იმ ფაქტსაც დავუმატებთ, რომ  ხელისუფლება არღვევს კანონის უზენაესობის პრინციპს - დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენ პრინციპს იმით, რომ  ჯიუტად არ ასრულებს საქართველოს კანონის - „სახელმწიფო ენის შესახებ“    მოთხოვნებს, შეიძლება ითქვას რომ ხელისუფლება ხდება ქართული სახელმწიფოსათვის საფრთხის შემცველი!

შეგახსენებთ „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგიერთ მოთხოვნას,რომელიც 2016 წელს უნდა შესრულებულიყო და არ შესრულებულა დღემდე. ეს მოთხოვნები (მუხლი 40) იყო:

„1. 2016 წლის 1 თებერვლამდე:

ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა, განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. 2016 წლის 14 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს:

ა) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა;

ბ) ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და ტერმინოლოგიური სტანდარტები; გ) სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას უზრუნველყოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების ასახვა.“

(2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი იყო 600 ათასი ლარი, მაგრამ ის ამ კანონის მითითებული მოთხოვნების შესასრულებლად არ ყოფილა გამოყენებული).

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2931198

ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში მმართველობის სოლოკრატიული მოდელი რეალობაში ქართული ენისა და ქართული სახელმწიფოს განვითარებით არ არის დაკავებული. თუ ეს მდგომარეობა დროში გაიჭიმა და სასწრაფოდ არ იქნა შეტანილი ცვლილებები 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში სახელმწიფო ენის-ქართული ენის მიერ ენისადმი დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, თუ ამას დაემატა ხელისუფლების მხრიდან  მსგავსი შინაარსის ქმედებები, მაშინ შეიძლება სოლოკრატია (სოლოკრატიის შესახებ იხ., http://iverioni.com.ge/16273-mikheil-jibuti-mthavari-safrthkhe-solokratiaa-da-ara-sakonstitucio-umravlesoba.html) ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების საწინააღმდეგო სისტემად ჩამოყალიბდეს!

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასე არ მოხდება!!!

„აღდგომა და ხვალეო“-  ქართული ხალხური ანდაზაა.

 ხალხური კია, მაგრამ ისიც  ხომ ოდესღაც  პირველად თქვა რომელიღაც ქართველმა?!


16-12-2016, 15:50
უკან დაბრუნება