Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
21-10-2016, 11:01
ნანახია: 2585

მიხეილ ჯიბუტი: მთავარი საფრთხე სოლოკრატიაა და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა!

საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სრული შედეგები ცნობილი22-30 ოქტომბერს გახდება, როდესაც  არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

 

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში  „ქართული ოცნება“ უმრავლესობაშია და ამასთან მას აქვს დიდი შანსი მოიპოვოს  საკონსტიტუციო უმრავლესობაც, ანუ საპარლამენტო მანდატების  3/4.

 

უკვე მიმდინარეობს დებატები საკონსტიტუციო უმრავლესობისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

 

ეს საკითხი აქტუალური გახდა სიტუაციიდან გამომდინარე - მიზანი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებაა!

 

ამ დებატებით ორივე ძირითადი პარტია - „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ თავს არიდებენ წინასაარჩევნო დაპირებებს, რომელიც შექმნილ სიტუაციაში,  როდესაც ორი პარტია ერთმანეთის პირისპირ დარჩა, უნდა იყოს უფრო კონკრეტული, ვიდრე, ეს იყო პირველი ტურის დროს.

 

თუმცა, არც ერთ მათგანს ეს არ აწყობს - მათ არ აწყობთ ახალი დაპირებები, რომელიც მალევე შესასრულებელი ექნებათ,  რადგანაც უკვე გარანტირებული აქვთ საპარლამენტო პარტიის სტატუსი.

 

ამიტომ, კამათი გადატანილ იქნა კონსტიტუციაზე, რომელიც ყველა შემთხვევაში იქნება ორივე პარტიის გადასაწყვეტი, ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ თუ არა - ეს იქნება პარლამენტის განხილვის საგანი.

 

ყველასთვის ცნობილია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისთავად არც სიკეთე და არც ბოროტებაა.

 

მსგავსად ნებისმიერი მონოპოლიისა, ის მოიცავს შესაძლებლობებს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მიმართულებით. თუმცა, მონოპოლიური მდგომარეობის დროს (როგორც ამტკიცებს პრაქტიკა), დიდია ცდუნება - ეს მდგომარეობა  გამოყენებულ იქნას მონოპოლისტის ინტერესების შესაბამისად. 

 

შექმნილ სიტუაციაში აბსოლუტურად სწორია მტკიცება: საქართველოში არსებობს საფრთხე, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა გამოყენებული იქნება ერთი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება დაშორდეს ქვეყნის ინტერესებს!

 

ამასთან, ცნობილია ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების 25 წლის მანძილზე ქვეყანა ვერ განთავისუფლდა საბჭოთა კავშირის დროინდელი ერთპარტიული მმართველობისგან - ვერ მოხერხდა,რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელი არ იყოს „გაორებული“ პიროვნება და არ ეკავოს ამავე დროს სახელმწიფოს პირველი პირის თანამდებობა. მმართველი პარტია არის უმრავლესობაში არა მარტო საქართველოს პარლამენტში, არამედ, ყველა დონის წარმომადგენლობით ორგანოებშიც!

 

ანუ, საფრთხე არსებობს, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია.

 

როგორც ანალიტიკოსები იტყვიან, სხვა დანარჩენ პირობებში, საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობის  გამო შეზღუდულია სხვადასხვა ფაქტორებით, დაწყებული საზოგადოებრივი აზრით ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებით დამთავრებული.

 

არანაკლებ საფრთხეა პარლამენტში კონსტიტუციური დიოპოლიის ჩამოყალიბება (რაც თეორიულად მეორე ტურის დროს შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკულად ალბათ გამორიცხული),  როდესაც კონსტიტუციური ცვლილება ორპარტიული საქმე შეიძლება გახდეს („პატრიოტთა ალიანსს“ არ ჰყოფნის ხმები შეცვალოს სიტუაცია). ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება კოჰაბიტაციური მოტივაციის გარეშე. არადა, არსებული კონსტიტუცია აუცილებლად უნდა გადაიწეროს, რადგან, მასში განხორციელებულმა ვოლუნტარისტულმა ცვლილებებმა ამ დოკუმენტს ერის გამაერთიანებელი შინაარსი და სახელმწიფოს ეფექტიანად  მართვის მექანიზმები გამოაცალა!

 

მაგალითად, კვლავ გაგრძელდება ასეულ მილიონობით ლარის ფლანგვა, თანაც სახელმწიფო მანქანის ეფექტიანად მუშაობის საზიანოდ, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის არსებობის გამო. ვინც ამას ვერ ხვდება და პრიმიტიულად - ქუთაისლების გასახარად ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს პარლამენტის თბილისში გადატანას - მხარს უჭერს ფულის ფლანგვას, საიდანაც ქუთაისლებს თითქმის არაფერი არ რჩებათ!

 

ამ ხალხის პოზიცია გასაგები იქნებოდა რომ ეთქვათ: პარლამენტის გადატანით მიღებული ეკონომია გადაეცეს ქუთაისს განვითარებისთვისო. მათ გულრწფელობაში  და ქუთაისზე ზრუნვაში ეჭვს არ შევიტანდი, მათგან რომ გამეგო: ცენტრალური ავტომაგისტრალი  მართალია არ უნდა გადიოდეს ქალაქ ქუთაისის შუაგულში, მაგრამ აუცილებლად ქუთაისის მიმდებარედ უნდა გადიოდესო. თავის დროზე სამტრედიიდან ზესტაფონამდე რკინიგზა სადგურ რიონის გავლით რატომ გაიყვანეს? მაშინდელმა ინჟინრებმა და პოლიტიკოსებმა არ იცოდნენ ორ წერტილს შორის უმოკლესი მანძილი რა იყო?

 

იცოდნენ, მაგრამ გზისა და ქალაქის ურთიერთობის ეკონომიკური მნიშვნელობაც იცოდნენ - მაგისტრალის ქუთაისზე აშორებამ ეს ქალაქი პერიფერიულად აქცია და ამით ისეთი მატერიალური ზიანი მიაყენა, რომლის ანაზღაურებას მსოფლიოს 200 ქვეყნის პარლამენტის ქუთაისში გადმოტანაც ვერ უშველის!

 

გასაოცარი ისაა, რომ საქართველოში ქვეყნისთვის უახლესი პერიოდის მთავარ საფრთხეს ვერავინ ვერ/არ ამჩნევს.

 

საქართველოს არჩევნების შემდგომი პერიოდის  მთავარი საფრთხეა არა საკონსტიტუციო უმრავლესობა, არამედ, საქართველოში მმართველობის უნიკალური სისტემის ჩამოყალიბება, როდესაც  ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ კაცზეა დამორჩილებული, მის წინაშეა ვალდებული, რადგანაც მის მიერაა „დანიშნულ“-დაწინაურებული.

 

საქართველოში შექმნილი სიტუაცია იმდენად უნიკალურია, რომ მას სახელწოდება ჯერ არა აქვს.

 

ერთი კაცის მმართველობა ცნობილია - მეფე, დიქტატორი, ბელადი...

 

ცნობილია ჯგუფის მმართველობა - კლეპტოკრატია, პროლეტარიატის დიქტატურა...

 

მაგრამ უცნობია ერთი კაცის არაფორმალურ მმართველობას დაქვემდებარებული სახელმწიფო მმართველობის  სახელწოდება!

 

ნიჭიერი კაცია გოგა ხაინდრავა. მან შენიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც იყო უნიკალური მმართველობა - სიმბიოზი. მან სისტემას უწოდა „ჰეროკრატია“ („Herokratia”). ჩემი აზრით, ეს სახელწოდება არ შეესაბამება იმ სისტემის შინაარს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მას უნდა ჰქონდეს  საკუთარი სახელი.

 

ასევე უნდა ჰქონდეს  თავისი სახელი საქართველოში 2012 წლიდან ჩამოყალიბებად და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებით ჩამოყალიბებულ მმართველობის სისტემასაც!

 

ჩემი აზრით, თუ დავესესხებით იტალიელებსა და ძველ ბერძნულ ცნებებად ქცეულ სიტყვებს, ერთი კაცის მიერ სახელმწიფოს არაფორმალურად და სრულად მმართველობის ძალაუფლებას შეიძლება ვუწოდოთ „სოლოკრატია“ („Solokratia”) (“solo” - იტალიური - ერთი; κράτος - ბერძნული - ხელისუფლება).

 

რამდენ ხანს და საით განვითარდება „სოლოკრატია“ საქართველოში, ძნელად საპროგნოზოა.

 

ის შეიძლება განვითარდეს დემოკრატიისკენ, თუ არაფორმალური მმართველი უარს იტყვის ძალაუფლებაზე და „სოლოკრატიაზე“!!!

 

ის შეიძლება განვითარდეს „სოლოკრატიის“ გაღრმავების  - ერთი კაცის მმართველობის ცნობილი ფორმების მიმართულებით.

 

სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევაში, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა „სოლოკრატიის“ სისტემის ნაწილი ხდება და კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება ერთი კაცის ნება - სურვილითაა შესაძლებელი, ქვეყნის შიდა ფაქტორებს შორის განვითარების, კეთილდღეობისა და სოციალური სიმშვიდისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იქმნება.

 

გაუძლებს ერთი კაცი საქართველოს წინაშე უახლოეს პერიოდში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სტატუსის, საქართველოს ფედერალიზაცია-რეგიონალიზაციის, თუ უნიტარული განვითარების, მიწის კანონმდებლობის მოწესრიგების, მმართველობის დეცენტრალიზაცია-დეკონცენტრაციის განხორციელების, ბუნებრივი რესურსების ნეოკოლონიალური სისტემის დაძლევის, საქართველოს უქართველებოდ დარჩენის პროცესის  ამოცანებს იმაზე ათჯერ და ასჯერ მეტ ზეწოლის  დროს, ვიდრე მაშინ, როდესაც  მისივე  თქმით, დათანხმდა „კოჰაბიტაციას“ იმ დროს, როდესაც ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცოდა?!

 

მას ამაში საეჭვოა მიეხმაროს პირადი „მარიონეტი“ მმართველი ძალა და მისი წევრები, რომლებიც ერთმანეთს არა მისი მოსაზრებების დასაბუთება-არგუმენტირებაში, არამედ, მათი უაპელაციოდ განხორციელების სისწრაფეში ეჯიბრებიან.

 

არის ამის სიმპტომებიც.

 

ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრების დროს „ქართული ოცნების“ დემოკრატიის მიმართულებით წარმატების მაგალითად ასახელებდა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნების სისტემის დამკვიდრებას. ამავე დროს, გამოთქვამდა წუხილს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი ვერ შეცვალა მისი პარლამენტის მიერ არჩევის წესით!!!

 

როგორც კი გაჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის შანსი - გაჩნდნენ „პიონერებიც“, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების დასანერგად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე ალაპარაკდნენ.

 

თუმცა, საზოგადოებას არავინ ეუბნება, თუ რატომაა მერებისა და გამგებლების ირიბიდან პირდაპირ არჩევნებზე გადასვლა დემოკრატიის განვითარება, ხოლო, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით დემოკრატია რატომ უნდა განვითარდეს საწინააღმდეგო მიმართულებით?!

 

როგორც ჩანს, „სოლოკრატიის“ „პირველი მსხვერპლი“ საქართველოს პრეზიდენტი იქნება.

 

თუმცა,  ეს   „სოლოკრატიის“  რომელი მიმართულებით განვითარების შეუწყობს ხელს, ამას დრო გვიჩვენებს!