ქართველი ერის მომავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მალე შეძლებს ის ისეთი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც მოახერხებს პოლიტიკური დამოუკიდებლობის სიკეთის კონვერტაციას (გადაყვანას) მოსახლეობის ცხოვრების მაღალი დონის სიკეთეში, ტერიტორიების გაერთიანების, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური მშვიდობის წყალობით.
აღნიშნული მიზნის მიღწევისა და ამოცანების გადაჭრის გზები და მექანიზმები დადგენილი არაა. ქვეყანა ცხოვრობს ცდა - შეცდომის რეჟიმში. რასაც თან ახლავს უზარმაზარი სოციალური ხარჯები.
ამიტომ, შეუფასებელი მნიშვნელობა აქვს მდგომარეობის ფილოსოფიურ გააზრებასა და მომავლის სამოქმედო გეგმის განსაზღვრას.
ნათქვამიდან გამომდინარე, დიდი ინტერესით ვეცნობი საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებულ ანალიტიკურ და ფუტუროლოგიურ ნაშრომებს, მიუხედავად იმისა, რომელ დარგს ეხება იგი და ვინაა მისი ავტორი.
ზემოთქმული ინტერესით წავიკითხე თემურ მიქაუტიძის ერთი წერილი -„რატომ ტრიალებს საქართველო მოჯადოებულ წრეზე?“
http://iverioni.com.ge/16325-ratom-trialebs-saqarthvelo-mojadoebul-tsreze.html
და შემდეგ დავიწყე მეორე წერილის - „მმართველობის რომელი ფორმა გვჭირდება ჩვენ?“ - წაკითხვა...
http://iverioni.com.ge/16326-themur-miqautidze-mmarthvelobis-romeli-forma-gvtcirdeba-chveni.html
ამ წერილსაც ინტერესით ვკითხულობდი იმ ადგილამდე სადაც ავტორი - თემურ მიქაუტიძე - წერს:
„დისიდენტებს არც სსრკ-ს დაშლაში და შემდგომ არც დამოუკიდებელი საქართველოს „აღმშენებლობაში“ იმაზე მეტი როლი არ უთამაშიათ, რასაც ზოგადად თამაშობს გუთანში შებმული ჯაგლაგის უკანალში მოკალათებული ბუზანკალი ხნულის გატარებაში“ (!!!!!?????)
მე არ მქონია ბედნიერება ვყოფილიყავი დისიდენტი, მაგრამ ნათქვამი მივიღე არა მარტო მათ (იუნკრების, 1924-ში, „37-ში“ დახვრეტილების, გულაგებში ნაწამებთა და დაღუპულების, 1956 წლის მარტისა და 1989 წლის აპრილის შეწირულების, კოსტავას, გამსახურდიას, ჭანტურიას... საქართველოსათვის რეჟიმთან მებრძოლ სხვა ასობით გარდაცვლილისა, თუ დღემდე ცოცხალი პიროვნებათა) შეურაცყოფად, არამედ როგორც ძალიან - ძალიან პირადული.
შენ, ბატონო მკითხველო?!
ამის შემდეგაც გავაგრძელე კითხვა, მაგრამ მძიმე განცდითა და აღშფოთებით...
ლამის შემძულდა ჩემი თავიც ამას რომ ვკითხულობდი. თუმცა, ბოლომდე უნდა წამეკითხა, რომ გამეგო ავტორი „სსრკ-ს დაშლაში“და შემდგომ „დამოუკიდებელი საქართველოს „აღმშენებლობაში“ თავისი თავის იდენტიფიცირებას რასთან ახდენს - მისივე სიტყვებით „გუთანთან“, „ხნულთან“, „ჯაგლაგთან“ თუ „ჯაგლაგის უკანალთან“?
სტატია ბოლომდე ჩავიკითხე, რაღაცეები დავადგინე, მაგრამ ჯერ თავს შევიკავებ ამის შესახებ საუბრისგან, რამეთუ, ავტორმა ყველა დასკვნითი სათქმელი მომავალ სტატიაში გადაიტანა. მეც ამ სტატიას დაველოდები და ვუსურვებ ავტორს ჯანმრთელობას, რომ სათქმელი ბოლომდე თქვას.
რაც დავწერე - უნდა გამოვაქვეყნო, მაგრამ სათაური ვერ მოვუძებნე. მკითხველო, თქვენ როგორ ფიქრობთ, სტატიას რა დავარქვა?
P.S. „ივერიონის“ მესვეურებს უნდა ვთხოვო აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთონ განმარტება - ან გამოხატონ თანხმობა, ან გაემიჯნონ ავტორს აზრის გამოხატვის თავისუფლების პრინციპით. დუმილი აქ თანხმობად აღიქმება.
„ივერიონისგან“: ჩვენ ვხელმძღვანელობთ თავისუფალი პრესის პრინციპით, ანუ ყველას ვაძლევთ საშუალებას თავისუფლად გამოხატონ საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტორს ყოველთვის ვეთანხმებით.
ამასთან, მკითხველს ვაძლევთ საშუალებას, ოპონირება გაუწიონ ნებისმიერ ავტორს ნებისმიერ თემაზე.