Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
2-02-2017, 15:09
ნანახია: 2376

რატომ ტრიალებს საქართველო მოჯადოებულ წრეზე?

 

დასაწყისშივე დავსვათ კითხვა: „ნაციონალები“ სჯობდნენ თუ დღევანდელი „ოცნება“ სჯობს?

თუ, არც ერთი ვარგოდა და არც მეორე?

როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება ის მესამე, რომელიც ივარგებს? გიპასუხებთ: ისეთი, რომ ივარგოს, არჩევნების ამ მექანიზმით და საერთოდ სახელმწიფოებრივი მმართველობის ამ ფორმით, არც მესამე იქნება, არც მეოთხე და არც მეასე. ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, თავს ვერასოდეს დავაღწევთ ისეთ სავალალო მდგომარეობას, როგორშიც ახლა ვიმყოფებით.

ჩვენ ყოველ ჯერზე ძველი, მოყირჭებული,  გაზულუქებული და გასაგდები ძალის ნაცვლად ავირჩევთ ვიღაცა ახალ, მესამე (მერამდენედ მესამე) ძალას და მალე ისიც გასაგდები გაგვიხდება!

ჩვენი ქვეყანა იქნება ისევ უსამართლო, ეკონომიკურად მაჩანჩალა, უმუშევრებით სავსე, უიმედო მომავლით, მაგრამ სხვისი მოწყალების მომლოდინე. ჩვენ ამ მდგომარეობას ისევ ჩვენი ხალხის სიბნელეს დავაბრალებთ და სწორედ ეს დაბრალება იქნება სიბნელე.

არც ისაა პრობლემა, რომ „ნაცები“ იყვნენ ხელისუფლებაში და არც ის, რომ ახლა „ოცნება“ მართავს ქვეყანას. ეს პრობლემის შედეგია.

ჩვენი საზოგადოება სახელმწიფოებრიობის არსებული მოდელით, ამ პოლიტიკურ სისტემაში და ამ სისტემით ვერ იმართება. ჩვენ კი გვგონია, რომ ჩვენს „განუვითარებელ“ ხალხს არჩევნების გამოცდილება არა აქვს. თითქოს ასეთი გამოცდილება რომ ჰქონოდა, საათივით აეწყობოდა საქმე.

სინამდვილეში ეს სიცრუეა. ჩვენი მმართველობის ეს სისტემა და არჩევნების ეს ფორმები, რომლითაც ვიმართებით, იმდენად არადემოკრატიულია, იმდენად არ გამოხატავს ადამიანის ინტერესებს და იმდენად უწყობს ხელს სახელმწიფოში კორუფციის აყვავებას, რომ ალბათ არც ერთი ევროპული ტიპის საზოგადოება ერთ დღესაც კი არ გაიჩერებდა მას თავის სახელმწიფოში.

ჩვენი პრობლემების სათავე სხვაგანაა - იგი არც შევარდნაძეში, არც სააკაშვილში და არც ივანიშვილშია საძებნი - ეს პრობლემა უფრო ღრმაა და უფრო მეტად საყურადღებო.

ყველა ხალხს, ყველა საზოგადოებას მართვის ისეთი მოდელი და ისეთი სისტემა აქვს, რომელიც მას, მის ბუნებას შეესაბამება. ძირითადად ანსხვავებენ მმართველობის სამ მოდელს: დემოკრატიას, კონსტიტუციურ მონარქიას და ტირანიას.

დემოკრატიული მმართველობის ფორმა ისეთ სახელმწიფოს ესადაგება, რომლის საზოგადოებასაც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა გააჩნია.

შარლ ლუი მონტესკიე ამ თვისებებს La vertu-ს (პატიოსნებას) ეძახის. ასეთი საზოგადოების საშუალო სტატისტიკური მოქალაქე შეგნებულად მონაწილეობს საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი თავის მართვაში. სახელმწიფო ასეთ სისტემაში სწორედ რომ მოქალაქის პატიოსნებასა (La vertu) და პასუხისმგებლობას ეფუძნება. 

კონსტიტუციური მონარქიის მოდელი ისეთ სახელმწიფოს ესადაგება, რომლის საზოგადოებაში ნაკლებია სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მაგრამ მოჭარბებულად გააჩნია ღირსების (მონტესკიეს ტერმინით La honor - ჰონორი) შეგრძნება. ასეთი ხალხისათვის ტერმინი „სახელმწიფო“ თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ტერმინი „სამშობლო“ ღირებულებათა სისტემაში უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი.

ტერმინი „კანონის დაცვა“ თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ ტერმინი „სიტყვის კაცობა“ ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ სისტემებში სახელმწიფო ეყრდნობა არისტოკრატიას, ანუ საზოგადოების ნაღებს, რომელიც წარმოადგენს მთლიანი საზოგადოების სინდისს, ნამუსს, ღირსებას, მოკლედ, მის „სავიზიტო ბარათს“. მასზეა სწორება და ის განსაზღვრავს განვითარების მიმართულებას.

ტირანიული მმართველობის დროს ყველაფერს განსაზღვრავს ერთი კაცის ნება. ასეთ სახელმწიფოში მმართველია ყველაფერი, ხოლო, ხალხი - არაფერი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველი აუცილებლად კაციჭამიაა, ხოლო საზოგადოება უბედური! 

სახელმწიფო მმართველობის სამ ძირითად ფორმაზე გავამახვილებ ყურადღებას. ესენი ძირითადი მოდელებია და არა იმის მტკიცებულება, რომ რესპუბლიკად წოდებული სახელმწიფო არ შეიძლება იყოს ტირანიული ან მონარქისტული ტიპის სახელმწიფო იყოს დემოკრატიული.

აქ არ ვდაობ. ფორმა არის ერთი, შინაარსი - მეორე. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი თითქოს მონარქიაა, სინამდვილეში ის დახვეწილი დემორატიაა განვითარებული საზოგადოების პატიოსნებასა და პასუხისმგებლობას ეყრდნობა და არა ლორდებს და მათ La honors-ს.

რესპუბლიკაა თავისი ფორმით (თანაც სახალხო დემოკრატიული) ჩრდილოეთი კორეა, მაგრამ ტირანიის მასზე ცხადი მაგალითი დღეს არ მეგულება. რესპუბლიკაა თავისი ფორმით თურქეთი, თუმცა შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ის გადატრიალების მცდელობის აღკვეთამდე კონსტიტუციური მონარქიის შინაარსს ატარებდა. არისტოკრატიის როლს იქ ასრულებდა სამხედრო არისტოკრატია და გარკვეულწილად სამოქალაქო ელიტა. დღეს რა ვითარებაა თურქეთში არ ვიცი. თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.   

ტირანია ტირანიაა - ასეც და ისეც. იქ ხალხს არაფერს ეკითხებიან, ის აპრიორულად „ბედნიერია“. თუმცა, ტირანი, ანუ ერთმმართველი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც, სასტიკიც და ლმობიერიც.

იმის მიხედვით, თუ მმართველობის რომელი ფორმა შეესაბამება საზოგადოებას, ხალხის ბუნებას, მის ჩვევებს, მის ისტორიულ გამოცდილებას, მის ფსიქოლოგიურ სტრუქტურას, ბოლოს და ბოლოს, უნდა იყოს კიდეც შერჩეული მმართველობის შესაბამისი ფორმა მისთვის. სხვაგვარად საზოგადოება ვერ განვითარდება. საზოგადოება, ხალხი, ადამიანი კი არ უნდა მიუსადაგო მმართველობის ფორმას - პირიქით, მმართველობის სწორედ რომ შესაბამისი ფორმა უნდა მოუძებნო ადამიანს, ხალხს, საზოგადოებას.

ჩვენთან ყველაფერი ყირამალაა. ჩვენ ჯერ ვითომ ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო ვიპოვეთ, მერე ვითომ მისი წამხედურობით შევქმენით წარმოსახვითი საქართველო, მერე ამ წარმოსახვით საქართველოს „მივუსადაგეთ“ კონსტიტუცია და მერე ამ კონსტიტუციას ვუსადაგებთ ადამიანს, ხალხს, საზოგადოებას. რეალურად კი მას მისთვის უჩვეულო ჩარჩოებში ვტენით. ის ამ ხელოვნურ სისტემაში ვერ ეტენება და ვეძახით ბნელს.

თუ საზოგადოების ამა თუ იმ ტიპს მმართველობის მისგან განსხვავებულ ფორმას ძალით მოახვევთ თავს, ამ სახელმწიფოსგან მიიღებთ დეგრადირებად სისტემას, რომელიც განვითარების ნაცვლად პირისაგან მიწისა აღიგვება.

დროდადრო, წყნარი ოკეანის არქიპელაგებში, სადღაც-სადღაც დღესაც პოულობენ განვითარების პირველ საფეხურზე მყოფ ტომებს. აბა წარმოიდგინეთ, რა მოუვა ამ ტომს, მას რომ ინგლისური ან ფრანგული პარლამენტარიზმი წაუღო და ძალით მოახვიო თავს?! ან ამ ტომის ყველაზე მაგარი ბელადი რომ დაუსვა მაგალითად, ნორვეგიელებს და აიძულო ისინი ამის დაკრულზე იფუნდრუკონ?!     

აი, ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ეს არის. ჩვენ დღემდე ვერ გაგვითვლია, რა ფსიქოტიპია საშუალო სტატისტიკური ქართველი და სახელმწიფო მმართველობის რომელი ფორმა მიესადაგება მას.

მე ეს გავთვალე, გამოვიკვლიე, გავაანალიზე და მივიღე, რომ...

- სახელმწიფოს არსებული მოდელი და მისი მმართველობის ფორმა აბსოლუტურად არ შეესაბამება ჩვენს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს;

- აბსოლუტურად ლოგიკურია მისი ნეგატიური რეაქცია იმ მოვლენებზე, რომელიც მის ირგვლივ დატრიალდა ბოლო 26 წლის განმავლობაში.

- ასევე ლოგიკურია შედეგიც, რომელიც მივიღეთ. 

როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მოდელი და მისი მმართველობის ფორმა ჩვენთვის და როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მოდელამდე და მმართველობის ამ ფორმებამდე, ამის შესახებ დაწვრილებით შემდეგ წერილში ვისაუბროთ.

თემურ მიქაუტიძე,
საზოგადოებრივი მოძრაობა „თანამოზიარეთა გაერთიანება“.