თემურ მიქაუტიძე: მმართველობის რომელი ფორმა გვჭირდება ჩვენ?

თემურ მიქაუტიძე: მმართველობის რომელი ფორმა გვჭირდება ჩვენ?



          წერილი მეორე

 

         

მაშ ასე, ერთად ვეძიოთ როგორია საშუალო სტატისტიკური ქართველი (ვგულისხმობ ყველა ერის წარმომადგენელს, ვინც აქ ცხოვრობს), როგორც ფსიქოლოგიური ტიპი და რომელია სახელმწიფო მმართველობის ის ფორმა, რომელიც მას მიესადაგება?

მეთოდოლოგიურად ჩემი კვლევა ეფუძნება ორი გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, შარლ ლუი მონტესკიესა და ნიკოლაი გუმილიოვის ფუნდამენტალურ ნაშრომებს; „კანონთა გონი“ და „ბუნება და ეთნოგენეზი“.

ეს ძალიან მარტივი კვლევაა. ვიკვლიოთ, განვსაჯოთ ჩემთან ერთად და თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნები. დამეთანხმეთ, ან არ დამეთანხმოთ.
 
რა კრიტერიუმები აყალიბებს ადამიანის ბუნებას?

მე შემდეგი კრიტერიუმები ავიღე:

- ტერიტორიის სიმცირე;

- საქართველოს სახელმწიფოებრივი მართვის ისტორიული გამოცდილება;
 
- ლანდშაფტი და  მეურნეობის ფორმები;

- საბჭოური პერიოდის ფსიქო-სოციალური გავლენა;

- დამოუკიდებლობის არქონა.

სანამ კვლევას შევუდგებოდეთ, გავაკეთოთ მცირე შესავალი.


1991 წელს საქართველოს დამუკიდებლობა სსრკ-ს დაშლის შედეგად „ერგო“. ის ამ მომენტთან თავისი ისტორიული მმართველობის ფორმით არ მისულა. (1918-21 წლების გამოცდილებაც არ იყო მისი სახელმწიფოებრიობის ისტორიული ფორმა. მას საზოგადოების ცნონიერებაში და ისტორიულ მეხსიერებაში არაფერი დაუმკვიდრებია). სსრკ დაიშალა და საქართველოც „გადმოვიდა“ ისეთი, როგორიც იყო, რაც იყო და დამოუკიდებელი განვითარების გზას იმ „ბაგაჟით“ დაადგა, რაც „თავში ჰქონდა“ - რაც სსრკ-დან მემკვიდრეობით დარჩა.

დისიდენტებს არც სსრკ-ს დაშლაში და შემდგომ არც დამოუკიდებელი საქართველოს „აღმშენებლობაში“ იმაზე მეტი როლი არ უთამაშიათ, რასაც ზოგადად თამაშობს გუთანში შებმული ჯაგლაგის უკანალში მოკალათებული ბუზანკალი ხნულის გატარებაში.

ქვეყანა აღმოჩნდა მძიმე რეალობის პირისპირ:

1. დამოუკიდებლობის გამოცდილება – დაყვანილი ნულის დონეზე;

2. ისტორიული მმართველობის ფორმა – დავიწყებული;

3. საზოგადოების საშუალო სტატისტიკური ერთეულის ფსიქოლოგიური ტიპი – უცნობი, შეუსწავლელი;

4. მმართველობაზე პრეტენზიის მქონე ელიტა – უკიდურესად გახრწნილი ან უგუნური (ან ორივე ერთად);

5. საზოგადოების ფართო ფენები (ანუ მასა) – უინიციატივო;

დღეს, მას მერე რაც დრო გავიდა, შეიცვალა მხოლოდ პირველი პუნქტი, გვაქვს დამოუკიდებლობის მწარე გამოცდილება და ვიწყევლით თავბედს. დანარჩენი ყველაფერი ძველებურად დარჩა.

და ახლა ვიწყებთ გამოსავლის ძიებას:

მაშ, როგორია ზოგადი ქართველი, როგორც ფსიქოლოგიური ტიპი და სახელმწიფოებრივი მმართველობის რომელი ფორმაა მისთვის მისაღები?  



პირველი ფაქტორი - ტერიტორიის სიმცირე.

ეს გარემოება ნიშანდობლივია იმდენად, რამდენადაც ერის ცნობიერება არ არის შეჩვეული დიდი, ლიდერი სახელმწიფოების საზოგადოების ფსიქოლოგიას. რომი, ბიზანტია, პართია, არაბთა ხალიფატი, მონღოლეთი, (წარსულში არსებული იმპერიები) თურქეთი, ირანი, რუსეთი. (უახლესი იმპერიების ცოცხალი მემკვიდრეები) ამ სახელმწიფოთა დონის თანასწორი დიდებით საქართველო არასოდეს დამტკბარა.


დიდი სახელმწიფოების შექმნა მოითხოვს მისი სუბიექტების განსაკუთრებულ  სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურას. ასეთი ერი უფრო მეტად მობილიზებულია კოლექტიური არსებობის წესზე. უფრო მეტად კანონმორჩილია. ნაკლებად ორიგინალური და ნაკლებად ინდივიდუალისტია. სამაგიეროდ გააჩნია ყოველდღიური ურთიერთობებისა და ცხოვრების მარეგულირებელი წესებისა და კანონების ტრადიცია.
 
ქართველი ხალხი არასოდეს ყოფილა მის მიერ შექმნილი ამ დონის იმპერიის მოქალაქე. მას არასოდეს უცხოვრია რაღაც მკაცრი კანონების ქვეშ. მისთვის უცხოა რომაული დემოკრატიული სამართალიცა და აღმოსავლური ტირანიაც. ამ კუთხით ის უფრო მეტად ანარქისტი უნდა იყოს, მაგრამ ანარქისტიც არ არის, იმიტომ, რომ ის გარეშე ფაქტორები, რომლებიც მის სოციო-კულტურულ გარემოზე, ანუ საცხოვრისზე ახდენდნენ გავლენას, ამის საშუალებას არ იძლეოდნენ.

ქართველები უფრო ადვილად ახერხებდნენ ეღიარებინათ ერთობლივი ზნეობრივი, მორალური, კულტურული და რელიგიური ღირებულებები, ვიდრე ებრძოლათ სახელმწიფოებრივი მთლიანობისთვის. ამისი ნათელი დასტურია ეკლესიის შედარებითი მთლიანობა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პოლიტიკურად ორი-სამი სამეფო და რამოდენიმე სამთავრო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობდნენ.

ასევე, ტერიტორიების სიმცირისა და საერთო სისუსტის  გამო საქართველო ხშირად ექცეოდა სხვა სახელმწიფოთა გავლენის ქვეშ. პირობითად _ განიცდიდა გლობალიზაციის ზეგავლენას. ამის მიუხედავად, ინდივიდუალიზმის, კულტურული დამოუკიდებლობისა და სხვა ფაქტორების ხარჯზე ინარჩუნებდა თავის სახესა და არ განიცდიდა  ასიმილაციას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს ზოგადი დასკვნა:

ა) ქართველის ცნობიერებაში ნაკლებად ზის (ვიდრე ევროპელში), კანონისადმი პატივისცემის აუცილებლობა.

ბ) ნაკლებად (ვიდრე აზიელში) ზის ხელისუფლისადმი შიში.

გ) გარკვეულ შესაძლებლობებამდე ქართველი ბუნებით ანარქისტია.

დ) უფრო ნაკლებად არის ადაპტირებული კოლექტიური ცხოვრების წესთან და მეტად ინდივიდუალისტია.

ე) გამოიმუშავა დამოუკიდებლობის არქონის პირობებში კულტურული  თვითმყოფადობისა და განვითარების უნარჩვევები.

ვ) განსხვავებულ ცივილიზაციათა ზემოქმედება მისთვის უცხო არ არის,  არ წარმოადგენს მტკივნეულ მოვლენას. ადვილად ახერხებს ადაპტირებას და ნაკლებად ასიმილირდება.

ფიზიკური ზემოქმედების შესუსტების შემთხვევაში ადვილად ახერხებს ხელახლა წარმოჩენასა და ცდილობს რეაბილიტაციას.

ზ) განსაცდელის პირობებში გააჩნია გარეშე მფარველის ძებნის ჩვევა.

                                         

მეორე ფაქტორი - საქართველოს სახელმწიფოებრივი მართვის ისტორიული ფორმა.

პატარა სამეფო, უფრო სწორად, რამდენიმე სამეფო, გადარჩენისთვის და არსებობისთვის ბრძოლაში მეფისა და მის ხელქვეითებს შორის ქმნიდა მოთხოვნებს განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობებზე და ასეც აყალიბებდა. ასე რომ არა, მეფის, ან მისი ხელქვეითის მიერ შევიწროებულ გლეხს თავისუფლად შეეძლო თავშესაფარი, ასეთივე ქართველი მეფისთვის ეთხოვა და მიეღო კიდეც.


მეფე იყო უმაღლესი კანონმდებელიც, აღმასრულებელიც და მსაჯულიც, მაგრამ თუ იგი უსამართლო და უმოწყალო იქნებოდა, ადვილად დაკარგავდა ქვეშევრდომებს. ამდენად, განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეკავებინა არა ზოგადად მიღებულ კანონს, არამედ, სიტყვას მოცემულ მომენტში. ანუ, ზოგადად პატიოსნება კანონის მიმართ უფრო ნაკლებად ფასობდა, ვიდრე, ღირსება კონკრეტულ მომენტში. შარლ ლუი მონტესკიეს აღნიშნული აქვს, რომ დემოკრატიული წყობა ეყრდნობა პატიოსნებას (La vertu) სამოქალაქო საზოგადოებაში. ხოლო, მონარქია ეყრდნობა ღირსებას (La honor) - სამეფოში.

ქართველი ტიპისთვის პრობლემას არ წარმოადგენს მიღებული კანონის დარღვევა, მაგრამ სიტყვის გატეხვა  მისი ავტორიტეტისთვის მტკივნეული თემაა.

აქ დასკვნის სახით ზემოთ მოყვანილ თვისებებს უყოყმანოდ უნდა დაემატოს ეს მნიშვნელოვანი თვისება: ქართველი ზოგადი ტიპი მონარქიული საზოგადოების ტიპია.



მესამე ფაქტორი - ლანდშაფტი და  მეურნეობის ფორმები.
 
კავკასიონის მთებით შემოსაზღვრულობა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, შავი ზღვა დასავლეთიდან და კასპიის ტბა აღმოსავლეთიდან, კლიმატური და მეტეოლოგიური თვალსაზრისით ქმნის ძალიან ხელსაყრელ სასიცოცხლო გარემოს. ეს ტერიტორიები არც სეისმური საფრთხის ზოლში არ არის მოქცეული. მწირი მიწები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თითქმის არ გვხვდება. სტიქიური უბედურებები იმდენად მცირე მასშტაბებისაა და იმდენად იშვიათია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა ცხოვრების საერთო მშვიდ რიტმში, ამ მხრივ, არ ხდება. ხოლო ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებაში თავისთავად ცხადია დიდ როლს თამაშობს.

მშვიდი გარემოს, მდიდარი ფლორისა და ფაუნის, საკმარისი - განსხვავებით დასავლეთ ევროპელისგან, - მოსავლიანი მიწების პირობებში, ადამიანს თითქმის არასოდეს ემუქრებოდა შიმშილისა და სიცივის მომაკვდინებელი საფრთხე. მას მშვიდი, გამოზომილი ცხოვრების პირობებში, მძიმე ფიზიკური შრომის გარეშე იოლად შეეძლო გაქცეოდა შიმშილს. მეურნეობის ძირითადი ფორმები, მევენახეობა და ნაწილობრივ მებოსტნეობა, არ მოითხოვდნენ კოლექტიურ შრომას. ერთ საშუალო ოჯახს თავისუფლად შეეძლო მოევლო იმხელა მიწის ნაკვეთისთვის, რომელიც უპრობლემოდ უზრუნველყოფდა ოჯახის დაცულობას წლიდან წლამდე. ნოყიერი მიწა არ ითხოვდა ზედმეტ გამდიდრებას და ინტენსიურ შრომას, როგორც ევროპაში. მთაში განვითარებულ მესაქონლეობასაც კი არ ჰქონდა მეჯოგეობის ფორმა. არ იყო გადაადგილების, ახალი საძოვრებისა და დიდი სივრცეების ძებნისა და ეტაპობრივი ათვისების (ანუ, დაპყრობითი ომების) აუცილებლობა. შრომა, როგორც პროცესი, თითქმის თანაბრად იყო განაწილებული წლის განმავლობაში. არ იყო აუცილებელი ძალების განსაკუთრებული მობილიზება დროის რომელიმე განსაზღვრულ მონაკვეთში. ადვილი მისაღწევი იყო ის აუცილებელი მინიმუმი, რაც ფიზიკურ არსებობას განაპირობებედა.

ქართველი კაცის ბუნებრივი გადარჩენის ინსტიქტი მობილიზებული იყო იმის შენარჩუნებაზე, რაც ისედაც უკვე ჰქონდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმაზე, რისი მოპოვებაც დამატებით იყო აუცილებელი. საზოგადოება ერთიანდებოდა ძირითადად იმ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ჩნდებოდა გარედან. მტერთან ბრძოლა საკუთარი საცხოვრისისთვის საგმირო საქმედ ითვლებოდა. მაგრამ პროფესიონალური ჯარი და სამხედრო დისციპლინა, პოპულარული არ იყო.

ამდენად, ქართველი კაცი დღემდე ხასიათით ფიზიკურად მებრძოლია და არა პროფესიონალი ჯარისკაცი. ის აქტიურდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მის საარსებო გარემოს ექმნებოდა დაკარგვის საფრთხე და არა მანამდე, როცა საცხოვრისის მოპოვებისთვის ბრძოლა იყო საჭირო. ქართველი არ იბრძოდა მოსაპოვებლად, ის იბრძოდა დასაცავად!
 
ზოგადად მშვიდი, უდარდელი ქართველის ტიპი, გარეშე საფრთხის გამოჩენისას (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით "საფრთხის გამოჩენის შემდეგ", ანუ დაგვიანებითაც კი) იძულებული ხდებოდა ერთბაშად მობილიზებული, დამუხტული, ფეთქებადი, იმპულსური, თავგანწირული გამხდარიყო. ეს მას აი, ახლა, კონკრეტული ბრძოლის მოსაგებად სჭირდებოდა. მოიგებდა ბრძოლას და ერთბაშად იცლებოდა ენერგიისგან. ისევ ცხოვრების მშვიდ რიტმში გადადიოდა. მაგრამ მაშინ, როცა შეეძლო სამხედრო ხელოვნების თვალსაზრისით, უნიკალური ბრძოლები მოეგო, არაფრად არ ვარგოდა გრძელვადიანი ომებისთვის. ამიტომ არის, რომ საქართველოს ისტორია სავსეა ბრძოლებით, მაგრამ თითქმის არსად არ გვხვდება კამპანიები.

თავისთავად ნათელია, რამ გამოიწვია "სამშობლოს" ცნების ამ დონეზე განდიდება და მისდა საპირისპიროდ, "სახელმწიფოს" ცნების დაკნინება.

ამდენად, ქართველი ადამიანის ზოგად ტიპს, ამ გარემოებათა გამო, ემატება კიდევ  რამოდენიმე მნიშვნელოვანი თვისება:

1. იგი მშვიდი და წყნარი, ნოვაციების მიმართ უინტერესოა.

2. იგი ფიქსირებულია აწმყოზე, მომავალზე ორიენტირებული არ არის.

3.     მისი აქტივობის ფაზაში შეყვანა ძნელია. მის რეაქციას ჰქვია ჭიაყელას რეაქცია. ანუ მოვლენებზე რეაგირებს მას შემდეგ, რაც მას „ფეხს დაადგამენ“. ანუ, ის არ არის „აქციონერი“ (ინიციატორი), ის რე-აქციონერია. ამ დროს იმპულსური, ფეთქებადი და ირაციონალურია. სწრაფად იმუხტება და შედის აქტიურ მდგომარეობაში, მაგრამ სწრაფადვე განიმუხტება და კვლავ მშვიდ ფაზას უბრუნდება.

4. იგი თითქმის არასდროს ქმნის დოვლათს, რაღაც განსაკუთრებულ მარაგს. ანუ არასოდეს აკეთებს იმაზე მეტს, რაც საკმარისია მხოლოდ მისი ფიზიკური არსებობის უზრუნველსაყოფად.

5. არ უყვარს კონკურენცია. აღიარებს მშვიდობიანი, არაკონკურენტული გარემოს პრინციპების უპირატესობას, სადაც ყველას ექნება ცოტა, მაგრამ სამყოფი.

6. ნაკლებად მატერიალისტია. შეუძლია დაბალი კომფორტის პირობებში თავი დაკმაყოფილებულად იგრძნოს. მხიარული, „მომლხენი“ ტიპია.

7. უფრო გრძნობისმიერი, ვიდრე გონისმიერი, იმპულსური ნატურაა (გარკვეულწილ ალბათ სამხრეთული ტემპერამენტის გამოც) ადვილად ცვალებადი ხასიათით.



მეოთხე ფაქტორი - საბჭოური პერიოდის ფსიქო-სოციალური გავლენა.

ზოგადი ტიპის ფორმირებაში თავისი მეტად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოურმა პერიოდმა. ჰომო-სოვიეტიკუსი საკმაოდ სერიოზულ შრედ დაეფინა ზემოთ მოხსენიებულ ისტორიულ ტიპს. რითაც ზოგიერთი მისი თვისება გადაფარა, ზოგიერთი თვისება დააკნინა და შექმნა ჰიბრიდი, რომელიც მოცემული, დემოკრატიული განვითარების მოთხოვნებში ვერ გარკვეულა და გარემოსთან ადაპტირება უჭირს.

საბჭოურმა იდეოლოგიამ მოქალაქეს ბუნებრივ საწყისთან, მორალურ ღირებულებებთან (რელიგიურ რწმენასთან) პირდაპირი კავშირის მომენტი გამოსძალა. იგი უარყო. თუ მანმადე ადამიანი ზნეობრივ ორიენტირს რელიგიური ინსტიტუციიდან იღებდა, ახლა ასეთი წყარო აღარ ჰქონდა. ასეთ პირობებში მას სჭირდებოდა ალტერნატივა. იგი იძულებული გახდა გაჰყოლოდა ლიდერს, ავანგარდს (პარტიას). ხალმა ლიდერმა (პარტიამ) მას პირადულის უარყოფა მოსთხოვა. ადამიანმა დათმო როგორც ინტერესები, ასევე პასუხისმგებლობაც (არ იგულისხმება მოვალეობა). გავიხსენოთ ლოზუნგი: „პარტია ჩვენი ეპოქის ჭკუა, ღირსება და სინდისია.“ რამდენად დაიჯერებოდა ლოზუნგისა, რთული საკითხია, მაგრამ კომუნისტური იდეოლოგიის მანქანამ ხელი შეუშალა საზოგადოების აქტივობას სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესში.

პარადოქსული ფაქტია. ზოგადი ფიზიკური აქტივობის ფონზე საზოგადოების გონებრივი პოლიტიკური აზროვნება კატასტროფულად დაკნინდა. სამაგიეროდ, ხელისუფლებას მოეთხოვა საზოგადოების ყოველმხრივ მატერიალურ უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა. ეს კომუნისტური საზოგადოების აზროვნების მეორე პარადოქსია. ის, ვინც ფაქტობრივად ქმნის მატერიალურ  დოვლათს, აგრესიულად სთხოვს პასუხს იმას, ვისაც ამაში პირდაპირი ღვაწლი არ მიუძღვის. ანუ, საზოგადოება იქცა აგრესიულად მომხმარებლურ-მომთხოვნელობითი დამოკიდებულების საზოგადოებად. ეროვნული სიჭრელის მიუხედავად, "ჰომო სოვეტიკუსის" ეს მახასიათებელი ყოფილ სსრკ-ში შემავალ ყველა ერს გააჩნია.

საზოგადოების ამგვარი განწყობა სადღეისოდ ხელს აძლევს ძალაუფლებისთვის მებრძოლ ავანტიურისტებს: „ჩვენ მოგცემთ თქვენ საკვებს, ჩვენ მოვახდენთ ეკონომიკურ სასწაულებს!“ და არავითარ შემთხვევაში არ მოუტანს წარმატებას დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალას: „თქვენ შეგიძლიათ თქვენს თავს მიხედოთ“ _ ეს ლოზუნგი ძალზე არაპოპულარული იქნება.

ლიდერი კი, რომელსაც საზოგადოება ეძებს, არ ჩანს. ვერც ერთმა ლიდერმა, ვისი იმედიც ჰქონდათ, მათი მოლოდინი ვერ გაამართლა. ის არც არასოდეს გაამართლებს, მაგრამ საზოგადოებას არ შეუძლია არ ეძებოს - ის ამაზეა მიჩვეული.

ამდენად, ქართველის ზოგად ტიპიურ სურათს უნდა დაემატოს:    


ა)    მას არა აქვს პოლიტიკური აზროვნების გამოცდილება და ვერც ვერსაიდან იღებს.

ბ)    იგი ყოველ არჩევნებზე დაეძებს მისთვის სასურველ ლიდერსა და ყოველ არჩევნებზე გაწბილებული რჩება.

გ) იგი კარგავს იმედსა და გადადის ნიჰილიზმში. ამის შედეგად მომავალში შეუძლია გამოამჟღავნოს, როგორც აპათია ყველაფრისადმი, ასევე უმართავი აგრესიაც. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ერთი და არც მეორე ხანგრძლივი არ იქნება.

 


მეხუთე ფაქტორი - დამოუკიდებლობის არქონა.

ერის ბუნებრივი, ანუ დამოუკიდებელი განვითარების პირობებში (როგორც წესია და ყველა ერში ასეა), მთავარი როლი მიეკუთნებოდა საზოგადოების ყველაზე განვითარებულ და განათლებულ ფენებს. ასეთი ფენა, ანუ მმართველი ელიტა, ფეოდალურ საქართველოში თავადთა და აზნაურთა წრე გახლდათ. დამოუკიდებლობის დაკარგვის პირობებშიც კი, საქართველო არ კარგავდა მმართველობის ფორმას. მას თითქმის ყოველთვის უნარჩუნდებოდა სამეფო ტახტი და ადგილზე რჩებოდა სამეფო არისტოკრატია.

დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტში თავის ახალ მდგომარეობას საქართველო ყოველთვის მისთვის ჩვეული ფორმით ხვდებოდა. იყო სამეფო, იყო მეფე და იყო სამეფო არისტოკრატია.

საქართველოს მმართველი ელიტა (სამეფო არისტოკრატია) რუსეთთან ურთიერთობების პროცესში ჯერ გადაგვარდა და შემდეგ საბოლოოდ გაქრა კიდეც. ეს გააკეთა ჯერ ცარისტულ რუსეთთან შეერთებამ, ხოლო, შემდეგ საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგიის წნეხის ქვეშ ყოფნამ.

ცარისტული რუსეთის მიერ საქართველოს ინკორპორაციამ შეიწოვა ქართული სამეფო არისტოკრატიის დიდი ნაწილი. მეორე ნაწილმა ფუნქცია დაკარგა.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ფეოდალური ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორმაცია ისედაც იცვლება და ერის პოლიტიკური წინამძღოლის როლი თავისთავად ბურჟუაზიის ხელში გადადის. მაგრამ ქართული ეროვნული ბურჟუაზიის ჩამოყალიბება არ ხდება. საბჭოური მმართველობის პერიოდმა მოსპო ახალი ბურჟუაზიაც და ძველ თავადაზნაურთა სახსენებელიც. საბჭოური მმართველობის პერიოდი ჩვენი საზოგადოებისთვის წარმოუდგენლად უცხო და შეუსაბამო იყო. მისმა მემკვიდრეობამ საზოგადოებაზე მძიმე კვალი დატოვა. რამაც მნიშვნელოვნად გაართულა დამოუკიდებლობის პირობებში საზოგადოების ხელახალი რეაბილიტაციის საკითხი.
 
მაშ როგორია დღევანდელი რეალობა?

1. საზოგადოებაში აღარ არსებობს არც სამეფო არისტოკრატია და არც სამოქალაქო ელიტა (ინტელიგენცია). მათ ადგილზე არსებობენ საეჭვო წარმომავლობის ოლიგარქები!

2. სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. არსებობს მონარქისტულ-ანარქისტული ფსიქო-კულტურული სქემისა და თვისებების მქონე საზოგადოება, რომლის მონაწილეობითაც, დემოკრატიული მმართველობის ფორმა ოხლოკრატიაში გადადის.


3. დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, არსებულ ვითარებაში ბადებს კორუფციას სახელმწიფოს შიგნით, პოლიტიკურად არამდგრად სახელმწიფო რეჟიმს და წარმოშობს პერმანენტული გადატრიალებების საფრთხეს!
 
რას ნიშნავს ეს. არის ეს გორდიას კვანძი თუ ჩვეულებრივი ორუცნობიანი მარტივი განტოლებაა, ამის შესახებ მსჯელობა მომდევნო წერილში გავაგრძელოთ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: