რატომ არ ასრულებს „ქართული ოცნება“ ჯავახკელი სომხებისათვის მიცემულ დაპირებებს?

რატომ არ ასრულებს „ქართული ოცნება“ ჯავახკელი სომხებისათვის მიცემულ დაპირებებს?

ვარანტ მკრტიჩიანი
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში პოპულარული დაპირებების შედეგად მოვიდა. „ოცნება“ აცხადებდა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ხალხის მხარდაჭერა დაკარგა.
საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დროიდან უკვე ორ წელზე მეტი გავიდა. უკან დარჩა პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შეიცვალა პრემიერ-მინისტრი... სამცხე-ჯავახეთის („ჯავახკის“) მოსახლეობა კი დაპირებების შესრულებას მოუთმენლად ელოდება.
რეგიონში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. ბევრი ადგილობრივი სომეხი იძულებული გახდა სომხეთის მოქალაქეობა მიეღო და სამუშაოდ რუსეთში წასულიყო. რადგან საქართველოს კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას გამორიცხავს, მათ საქართველოს მოქალაქეობა უკვე დაკარგული აქვთ. ამას დაემატა საქართველო ხელისუფლების მიერ სავიზო რეჟიმში შეტანილი ცვლილებები, რომლის გამოც სომხებს პრობლემები გაუჩნდათ.
2014 წლის ოქტომბერში სომხეთის საპარლამენტო დელეგაცია გალუსტ სააკიანის ხელმძღვანელობით თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც ჯავახეთის საკითხებიც იქნა განხილული. დელეგაციის ერევანში დაბრუნებისთანავე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯავახეთის პრობლემებს, კერძოდ, სავიზო რეჟიმის საკითხებს ყურადღებას მიაქცევდა, თუმცა ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა - სომხებს კვლავ პრობლემები აქვთ. არ შესრულებულა აგრეთვე არც საქართველოს პრეზიდენტის და განათლების მინისტრის დაპირება ჯავახეთის სომხებისათვის საგანმანათლებლო პირობების გაუმჯობესების თაობაზე: საქმე ეხება სტუდენტებისა და მოსწავლეების სწავლებას სომხურ ენაზე, საქართველოს ხელისუფლებას კი განზრახული აქვს სწავლება მთლიანად ქართულ ენაზე გადაიყვანოს. არ შესრულებულა დანაპირები, რომ შეიქმნებოდა კომისია საქართველოსში მდებარე იმ ეკლესიების ბედის გასარკვევად, რომლებსაც სომხური ეკლესია თავისად მიიჩნევს, ანუ გადაწყდებოდა დავა სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. არადა, ამ საკითხის მოგვარებას ბიძინა ივანიშვილი სომხებს ჯერ კიდევ ერევანში თავისი პირველი ვიზიტის დროს დაპირდა, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე რეგიონში მოქმედი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების - ფონდ „ჯავახკის“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „სომხური დახმარების საზოგადოების“ საქმიანობის თაობაზე, რომელსაც ცნობილი სომხები უწევენ მფარველობას და დაფინანსებას. ჩამოთვლილია ის ღონისძიებები და სოციალური პროექტები, რომლებშიც ფონდის თანხები იხარჯება.
„ყველა ახალ მთავრობას აქვს ე.წ. შეღავათიანი პერიოდი, როცა მას გარკვეული დრო სჭირდება პრობლემებში და პრიორიტეტებში გასარკვევად. ასეთივე დამოკიდებულება არსებობს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მიმართაც, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობის საშეღავათო  პერიოდი უკვე დასასრულს უახლოვდება. შესრულდება თუ არა ჯავახკის მოსახლეობის მოთხოვნები, ჯერ-ჯერობით საეჭვოა, თუმცა ბევრს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს, - აღნიშნულია აშშ-ის სომხური გაზეთის სტატიაში.

«Asbarez» (აშშ, კალიფორნია), 15 დეკემბერი, 2014 წელი
http://asbarez.com/129873/javakhk-armenians-eagerly-awaiting-their-piece-of-the-georgian-dream/

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: