პეტრე მამრაძე: ჩემი აზრით, ამ ადამიანებს წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა არის ქვეყნის მართვა!

პეტრე მამრაძე: ჩემი აზრით, ამ ადამიანებს წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა არის ქვეყნის მართვა!

-თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს განადგურებაში და ვანდალურია თუ არა მისი ხელყოფა?

 

-მე გეტყვით, როგორც პროფესიონალი, დღევანდელი ხელისუფლება იმაშია დამნაშავე, რომ საზოგადოებას დროულად და საჯაროდ არ აცნობა  საყდრისთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ სამეცნიერო დასკვნების შედეგი. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისა  და ეკლესიის რეაქცია ბუნებრივია.

 

ხელისუფლების შეცდომა აშკარაა, რადგან, შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების გარეშე, სამთამადნო სამუშაოების ჩატარების ბრძანება არ უნდა გაეცა.

 

მართალია, რამდენიმე ექსპერტ-მეცნიერმა თქვა, რომ საყდრისი არ არის ისტორიული ძეგლი, მაგრამ რა გარანტიაა იმისა, რომ ისინი დამოკიდებელი ექსპერტები არიან? დღევანდელი ხელისუფლებისადმი ნდობა კი იმდენად დაბალია საზოგადოებაში, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებულმა  აღშფოთებამ ეროვნული მასშტაბები მიიღო. 

 

არის ეჭვი, რომ საყდრისი იყო დიდებული ისტორიული ძეგლი, რომელიც შეეწირა ზოგიერთი ადამიანის ფინანსურ ინტერესებს.

 

-საყდრისში მიმდინარე ოქროს მოპოვებითი სამთამადნო სამუშაოების მიღმა იკვეთება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესი?

 

-არა! პირველი, ამის დასასაბუთებლად არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს. მეორე, ივანიშვილი მრავალი წელია ქველმოქმედებას ეწევა საქართველოში, მეტიც, ის უდიდესი ქველმოქმედია, უფრო დიდიც კი, ვიდრე სარაჯიშვილი და ზუბალაშვილები იყვნენ. ამისთანა მოვლენა საქართველოს არ ახსოვს.  საქართველოში მას ფული არასდროს უკეთებია, პირიქით, ფული ყოველთვის გარედან შემოჰქონდა და ამის შემდეგ მის  ბიზნესინტერესებზე დაუსაბუთებლად საუბარი, დიდი ცოდვა იქნება!

 

-თქვენი აზრით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას რატომ არ დაესწრო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი?

 

პრემიერის ვიზიტი არ იყო აუცილებელი, სხვათა შორის, არც პრეზიდენტისაც. ეს საპარლამენტო და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფორმატია.

 

აი, სრულიად სამარცხვინო „პოლიტიკური ტურიზმი“ ხორციელდებოდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. მახსოვს, სტრასბურგში, ტრიბუნასთან ისხდნენ: სააკაშვილი ცოლ-შვილით, დედამისი და ბებიამისი. წარმოგიდგენიათ ასეთი ოჯახური კოოპერატივი? ევროკავშირი ისე გაღიზიანდა, ლამის კბილებით ეჭირა თავი.

 

-რას იტყვით ლარის დევალვაციაზე. მისი დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების თანამდევი მოვლენაა თუ ქართულ  ხელოვნურ მაქინაციასთან გვაქვს საქმე?

 

-ამ საკითხს ცუდი სუნი სდის.  როცა მსოფლიოში დოლარი გამყარდა, მაგალითად, ისრაელის ხელისუფლებამ მოსალოდნელი პრობლემები  გათვალა და მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რათა არ დაზარალებულიყვნენ. საქართველოში ვალუტის გადამხურდავებელ მცირე ჯიხურებსაც კი არ აქვთ ინფორმაცია და ისე იჩაგრებიან.

 

ჩვენთან რაც ამ მხრივ ხდება, იმ ვეებერთელა,  13 მილიარდ დოლარზე მეტი, დავალიანების ბრალიცაა, რაც სახელმწიფოს აქვს. ფინანსური ინსტიტუტები არამყარია, დეპოზიტები 4-5 მილიარდს აღწევს,  სამარცხვინოა, რომ,  საქართველოდან სამუშაოდ საზღვარგარეთ წასული ქართველების ფულადი გადმორიცხვები 3-ჯერ აღემატება შემოსულ ინვესტიციებს.

 

სამწუხაროდ, ახალ მთავრობას არანაირი ქმედითი ზომა არ მიუღია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ინვესტიციები გაიზარდაო, მაგრამ არავინ გამოსულა, რათა დაეკონკრეტებინა და საზოგადოებისთვის აეხსნა, საიდან შემოვიდა ესა თუ ის ინვესტიცია. რატომ მოხდა ასე, ეს ხომ საიდუმლო გრიფდადებული ინფორმაცია არ არის?!

 

ლარის დღევანდელი მდგომარეობა ბადებს ეჭვს, რომ კურსს ვიღაც თამაშებს და დიდ ფულს შოულობს. ერთი სიტყვით, ლარის კურსის სტაბილურობის გარანტია არ არსებობს.

 

-თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე?

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღიარა, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნური პროცესია. ამაში,  ალბათ,  გარკვეული ფინანსური ჯგუფები იგულისხმა.  მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, არაფერია გასაკვირი, მაგრამ ჩვენთან აშკარად სხვა ციებ-ცხელებაა.

 

ჩემი აზრით, დამნაშავეა მთავრობის ეკონომიკური ბლოკი. ფინანსთა მინისტრი ხადური აცხადებს, რომ ამ მოვლენებზე მე პასუხს არ ვაგებ და საქართველოს ეროვნულ ბანკს მოჰკითხეთო. ამის შემდეგ გამოდის პრემიერი ღარიბაშვილი და ამბობს, ხადურს მოუწევს განმარტებაო. ეს რა მარაზმია!

 

მთავრობა არ გვყავს?! რომ გვყავდეს, პრემიერს საჯარო განცხადება საკუთარი გუნდის წევრზე, რომ  მას განმარტება მოუწევს, არ უნდა სჭირდებიოდეს. გასაკვირია, ასეთ ფინანსთა მინისტრს პოსტს როგორ უნარჩუნებს?!  ჩემი აზრით, ამ ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა არის ქვეყნის მართვა.

 

                                             ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: