Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
24-12-2014, 21:54
ნანახია: 940

     "სახალხო პარტია" სამძიმარს უცხადებს უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი მეომრის ოჯახს და კიდევ ერთხელ უდასტურებს თავის თანადგომას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის  მებრძოლ ყველა ერს და ადამიანს. პარტია განცხადებას ავრცელებს:

   -"ქართველმა ხალხმა იცის ამ ღირებულებების ფასი და მათი დაცვისთვის დაღუპულ ადამიანთა პატივისცემა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სახეზე გვაქვს მოცემულობა _ ზავით შენიღბული კაპიტულაცია, რომელიც გამარჯვებად შემოგვასაღეს; ანექსიის ლეგალიზება;  დაღუპული ქართველი მეომრები და მშვიდობიანი მოსახლეობა, დაცლილი ათობით სოფელი; რუსეთისთვის დატოვებული მილიარდობით ლარის ღირებულების შეიარაღება და ტექნიკა და დასჯილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც რუსებისთვის გადასაცემი შეიარაღებისა და ტექნიკის ნაწილი ტყეებში გადამალეს; კონტრიბუციის სახით დათმობილი  დღემდე გასაიდუმლოებული კაბალური მემორანდუმი ენგურჰესის თაობაზე, რუსული კაპიტალისათვის თელასისა და სხვა ენერგოობიექტების, თბილისის წყლის, კაზრეთის ოქროს,  სხვა სტრატეგიული ობიექტები. 

   ყოველივე ამის შემდეგ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ მიკროფონთან და ტოქ-შოუებში ნაციონალების კაციჭამიობის წამოძახება  და პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების დოკუმენტურად არ დადასტურება არის ერთადერთი რამის მანიშნებელი _ დღევანდელი ხელისუფლების პოზიციის არქონა და პრინციპული უმოქმედობა სულ უფრო საეჭვოს ხდის სახელმწიფო - საქართველოს ფუნქციონირებადობას. 

   ასეთი მიდგომის ბოლო მაგალითია უკრაინაში საბრძოლველად წასული ქართველი მოხალისის დაღუპვასთან დაკავშირებული გაწევ-გამოწევა. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს განცხადება მორალურად და პოლიტიკურად კრიტიკას ვერ უძლებს და კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმა და პოლიტიკური ნება.  ქართული  და მსოფლიო საზოგადოებისთვის ეს გაურკვევლობა აღძრავს სერიოზულ ეჭვს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცულობის შესახებ. 

   ამასთანავე, "სახალხო პარტია" საზოგადოების ყურადღებას   მიაპყრობს  მოვლენის ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს _ მოცემულ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობამ და პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობასთან ერთად დაუფიქრებლად გადაყლაპა "ნაციონალებისა" და "ოცნების" სიით გასული  კონკრეტული პარტიების მიერ გადმოგდებული სატყუარა და წამოეგო მათ ზედმეტად საეჭვოდ ანგაჟირებულ რიტორიკას, რომელიც მიმართულია არა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისკენ, არამედ გახლავთ სრული დესტრუქცია და საზოგადოებრივი პოლარიზაციის ხელოვნურად ინსპირირება. ცალკე საუბრის თემაა ქართველი ადამიანის დაღუპვის სამწუხარო ფაქტის პოლიტიკური მიზნით  გამოყენების ამორალური მცდელობა. 

   ხელისუფლების მხრიდან ამ  ჯგუფების  წინაშე ასეთი უსუსურობის გამოჩენა (მით უმეტეს, საყდრისის ოქროს საბადოს აფეთქების გადაწყვეტილების მედგრად დაცვის ფონზე) დამატებით ამძაფრებს სიტუაციას.  იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაც ხელს უწყობს   არაჯანსაღ ესკალაციას და ვითარება მართვადი ქაოსისკენ მიჰყავს.

სხვა შემთხვევაში მთავრობა შეეცდებოდა ვითარების ჯანსაღ პოლიტიკურ და სამართლებრივ სფეროში გადატანას და 2008 წლის ომს და წინა რეჟიმის სხვა დანაშაულებრივი ქმედებებებს შესაბამის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მისცემდა და  კონკრეტული პიროვნებებს  სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებდა. 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი "სახალხო პარტია" შეახსენებს ორივე მხარეს, რომ როგორც წინა ხელისუფლების, ასევე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში  არის 410-ე მუხლი, რომლის მიხედვით სხვა ქვეყანაში ნებისმიერი მიზეზით   ადამიანის საბრძოლო  მოქმედებებში  მონაწილეობა (რომელიც სახელმწიფოსგან არ არის მივლინებული, მოქმედებს საკუთარი რისკით   და  ითვლება ან დაქირავებულ მებრძოლად ან ენთუზიასტად),    არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება 4-დან 13 წლამდე პატიმრობით.  ასევე ისჯება ის პირიც, რომელიც მოუწოდებს და ორგანიზებას უკეთებს მსგავს ქმედებას.

   "სახალხო პარტია"  მიმართავს "თავგამოდებულ   პატრიოტებს" ორივე მხრიდან, ბატონებო, უაზრო კამათს ჯობია საქმეს მიხედოთ და მიიღოთ ისეთი კანონი რომელიც ზუსტად ასახავს საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესს!

   მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ამაზრზენი სპეკულაციები!   ან   იმოქმედეთ არსებული კანონით, ან  ჯერ კანონმდებლობა  შეცვალეთ, თუ თვლით სამართლიანად მათ ბრძოლას.  ორივე შემთხვევაში საჭიროა გამოკვეთილი პოზიციის  ქონა, დამყარებული მამულიშვილობის შეგრძნებაზე და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე.  მსგავსი რამ კი,       სამწუხაროდ,  არც უმრავლესობის და არც  უმცირესობისთვის არ შეგვიმჩნევი".