Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
31-01-2015, 22:06
ნანახია: 2350

რატომ უჩივის

(სტილი დაცულია)

ღია წერილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ქალბატონ თამარ 

სანიკიძეს.

ქალბატონო თამარ!

მოგმართავთ  და გთხოვთ , გვიპასუხოთ კითხვებზე, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კითხვები  გაამძაფრა 2014 წლის ბოლოს გამოცემულმა ბრძანებამ დისციპლინური გადაცდომების შესახებ და არამხოლოდ...

ჩვენ მრავალგზის მოგმართეთ სხვადასხვა საშუალებით და მოვისმინეთ თქვენი ინტერვიუებიც, რომლებმაც არათუ გააქრო ჩვენი ეჭვები, არამედ უფრო გაამძაფრა კიდეც. რა სამწუხაროა, რომ თქვენი მოღვაწეობიდან არცერთი დადებითი ქმედება არ გვახსენდება, რომ ამით დავიწყოთ, თუ არ ჩავთვლით პირველ კლასში მისაღებ ასაკობრივ ცენზს, რაზეც პირადად გეთანხმებით, მაგრამ გარკვეულწილად, ესეც უხერხულობას ქმნის, რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვი თოთხმეტ სექტემბერს დაიბადება, თუ თხუთმეტში? უკომპრომისობა არაა გამოსავალი არაფერში და მით უფრო განათლების სისტემაში, ბევრი კომპრომისია საჭირო დიადი მიზნის მისაღწევად.

მე აღარ შეგეკითხებით, რატომ დაგჭირდათ წლის ბოლოს ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომელიც არაფერში სჭირდება სკოლას, შინაგანაწესი ყველა სკოლას აქვს/ უნდა ჰქონდეს და თუ სადმე არაა სრულყოფილი, იქ ხელმძღვანელის პრობლემაა და არა ბრძანების საჭიროება, არც იმას გკითხავთ, რატომ არის საჭირო რეგულაციების შექმნა უფრო ადრე და პროფესიული განვითარების სქემის-უფრო გვიან,ამას მასწავლებლები გეკითხებიან, ქალბატონო მინისტრო.

 განა არ ვიცით, რომ მოსწავლის უფლება არის სწავლის უფლება, ოცდამეერთე საუკუნეში საკუთარი შვილიც არ მოგცემს ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ნებას, თუ სადმე ცალკეული პრობლემებია, აქ კანონმდებლობის ბრალეულობა კი არა, შესრულების პრობლემაა და ამისთვის საჭირო იყო კომპეტენტურად, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებულიყო დირექტორების კონკურსი, რომელიც ასევე დიდ ეჭვებს ბადებს იმის გამო, რომ არჩეულ დირექტორთა რიცხვს ბევრად აღემატება თქვენ მიერ დისკრეციის უფლებით დანიშნული დირექტორების რიცხვი და შეუძლებელია, ამდენ ადამიანზე აგოთ პასუხი, შედეგებიც სახეზეა უკვე. 

რა მოხდა დირექტორების კონკურსზე, ქალბატონო თამარ? რატომ არ გვპასუხობთ საჯაროდ? რამდენ სკოლაშია არჩეული და რამდენ სკოლაშია დანიშნული დირექტორი, რამდენ და რომელ სკოლაშია დარჩენილი ვაკანსია? სანამ არ გასწორდება ეს პრობლემა, სანამ კითხვებს არ გაეცემა პასუხი, მუდმივად იქნება  ეჭვები, რომ მასწავლებლისგან და სკოლისგან მოითხოვთ არა პროფესიონალიზმს, არამედ- დუმილს! მასწავლებლები კი ასე სვამენ კითხვებს: 

1. იმ დროს, როცა საშიში დამნაშავეების ქმედებებზე "გაგებით მოკიდებას" ითხოვენ, რა სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს მასწავლებლებმა, რომ სამი წლის განმავლობაში მოეკითხებათ მათ ჩადენილი ცოდვა?

2. არის, თუ არა ეს რეგულაციები იმის ნიშანი, რომ მინისტრს ეშინია მასწავლებლების?

3. ეს რეგულაციები იძლევა, თუ არა მასწავლებელთა თავისუფლად სკოლიდან გაშვების საშუალებას და მათ ხარჯზე ხელფასის მატებას დარჩენილებისთვის?

4. რა კომპეტენცია აქვს დისციპლინურ კომიტეტს და მით უფრო მოსწავლეს, რომელმაც მასწავლებლის ქცევა უნდა განიხილოს და გაასამართლოს?

5. რა როლი აქვს სამეურვეო საბჭოს, რომელიც ჩემთვის გაუგებარი ( გაუგებარია იმიტომ, რომ სამეურვეო საბჭოს არსებობა გულისხმობს საზოგადოების აზრის პატივისცემას და მას რა გადამზადება სჭირდება? უნდა აირჩიონ ის, ვისაც მეტად აქვს განვითარებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ის აქეთ უნდა უტარებდეს სახელმწიფო სტრუქტურებს ტრენინგებს, ესეც არ იყოს,სამ წელიწადში ეს სამეურვეო საბჭო უნდა შეიცვალოს და რამდენს გადაამზადებთ, რამდენი უნდა დაიხარჯოს ამ საქმეში?) გადამზადების შემდეგ იმასაც ვერ ახერხებს საბჭო, თქვენი ნდობა გაამართლოს ( თქვენსას კი არა, ამომრჩევლის ნდობას უნდა ამართლებდეს წესით) და აირჩიოს მინიმუმ ხუთი და მაქსიმუმ თორმეტი კანდიდატიდან  სამინისტროს მიერ წარდგენილი ხშირ შემთხვევაში ერთადერთი და იშვიათ შემთხვევაში ორიდან ერთი კანდიდატი? მას შემდეგ, როცა თქვენ გამოიყენეთ დისკრეციის უფლება და დანიშნეთ იმავე სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატები, რა ფასი აქვს ამ საბჭოების არსებობას? რა კომპეტენცია აქვს და რატომ თვლით, რომ მასწავლებელი დაცული იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებისგან აღნიშნული ბრძანების შემდეგ?

6. ძალიან საინტერესოა ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების შემთხვევა რატომ უნდა განიხილოს დისციპლინურმა კომიტეტმა, აღარაა სისხლის სამართლის დანაშაული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და ნარკომანი მხოლოდ დისციპლინური სახდელით დაისჯება?

7. რეგულაციებში ბევრი კითხვაა და ამას ახლა არ შევეხები, მაგრამ, თუ საჭიროაცენტრალიზებული მითითება, რაღა დასაბუთებული ინტერესი უნდა ჰქონდესსკოლას? განსაზღვრეთ ცენტრალიზებულად ისიც , კონკრეტულად რა ეკრძალება მასწავლებელს სკოლის გარეთ, ოღონდ ნუ უარყოფთ და ნუ იტყვით, რომ არ ეკრძალება, გასაგებად გიწერიათ, რომ სამუშაოსგან თავისუფალ დროს მასწავლებელს არ დაეკისრება დისციპლინური სახდელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი. საჯარო იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად შინაგანაწესს ვერ ქმნის, ვერც დასაბუთებული ინტერესის მქონე იქნება და სამწუხაროა, რომ ეს იურიდიული პირი სკოლაა და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე შინაგანაწესის დაწერაა. 

8. მაშინ როცა სკოლა განიცდის ახალგაზრდა ნიჭიერი მასწავლებლების სიმცირეს და ესაა ყველაზე დიდი პრობლემა,როგორ ფიქრობთ, ამ რეგულაციების( აღარაფერს ვამბობ მასწავლებლის სოციალურ სტატუსზე) შემხედავი ახალგაზრდა მოინდომებს სკოლაში შემოსვლას?

9. რას პასუხობთ მასწავლებლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა შეიცვალოს და არაფერი იცვლება... არაფერი იცვლება სამსახურის იმ მაძიებლებისთვისაც, რომლებმაც უპასუხეს გამოწვევებს და მზად არიან, სხვა გამოწვევებსაც უპასუხონ, მაგრამ მათთვის არ იხსნება სკოლის კარი მერამდენე წელია. 

10. როგორ ფიქრობთ, მუდმივად მომლოდინე მასწავლებელი შეძლებს სრულყოფილად მუშაობას? რამდენჯერ შეიძლება გადაიწიოს დაპირების შესრულების დრომ?

11. ამბობთ, რომ აამოქმედეთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები უნივერსიტეტებში, უკაცრავად და სქემა სადაა, ამ სქემის მიხედვით არ უნდა იქმნებოდეს პროგრამები?

12. ორი წელი ნუთუ არაა საკმარისი, მოიფიქროთ ოპტიმალური ვარიანტი, რომ ვისაც არ მოგვეცა საშუალება, გაგვეზარდა ჩვენი დანამატი ინტეგრირებული გამოცდით, შევძლოთ და გავზარდოთ? რატომ გვამყოფებთ მასწავლებლებს არათანაბარ პირობებში ამდენ ხანს?

13. რა პრინციპით შეარჩიეთ სქემის კომისიაში ორიოდე მასწავლებელი და დირექტორი და როდის იხილავს სქემა დღის სინათლეს ზუსტად?

14. დარჩენილი სკოლების დირექტორის ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადდება კონკურსი, თუ დისკრეციის უფლების გამოყენებას აპირებთ ყველგან?

15. გეკითხებიან მასწავლებლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კარიერული ზრდის თვალსაზრისით დირექტორების კონკურსში, რატომ გვაშრომეთ, თუ მაინც თქვენს სურვილზე იყო დამოკიდებული ყველაფერი და არა დემოკრატიულ პრინციპზე- არჩევანზე?ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მიერ დადგენილი რეგულაციები არის ერთგვარი პრევენცია, რომ უვარგისი სქემის მიმღებნი აღმოვჩნდებით მასწავლებლები.სავარაუდოდ, დაპირებული ხელფასის ზრდა, განსაკუთრებით, დაპირებულ დროში ( მიუხედავად იმისა, რომ ვადები უკვე გადაწეულიცაა) არაა მართალი. ჩვენ სულს ვღაფავთ ( სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში ვართ) და მოტივაციას ვკარგავთ ყოველდღე. ზოგი გამოვთქვამთ ამას ხმამაღლა, ზოგი ჩუმად ვყლაპავთ დარდს ჯერ კიდევ, მაგრამ ამით პრობლემას არ ეშველება. პრობლემას ეშველება მაშინ, თუ თქვენ მართლა გახსნით კარს და დამაჯერებლად უპასუხებთ ჩვენს კითხვებს. მხოლოდ ეს გაგვიქრობს ეჭვებს. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ უპასუხებთ ჩვენს კითხვებს!

მაია ეკალაძე,

მასწავლებელი, ააიპ. "საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი.